მთელი ეს რუსული, ვითომცდა კარგი რუსული, "ღამის კურიერიდან" დაწყებული და "ღია ეთერით" დამთავრებული, ჟურნალისტურ საქმიანობაში რომ მადგებოდა, ერთი ადამიანის დამსახურებაა. ეს დედაჩემია, ნანა ძიძიგური, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. მეშვიდე თუ მერვე კლასში გადავდიოდი, როდესაც ბულგაკოვის "თეთრი გვარდია" მომცა და წაკითხვა მირჩია. იმ ზაფხულს, გაგრაში, "თეთრ გვარდიას" სხვა რომანები თუ ნოველები მოჰყვა და მათი გმირები სანატორიუმებში დასასვენებლად ჩამოსული რუსებისგან ძალიან განსხვავდებოდნენ: უფრო გემოვნებით ეცვათ, უფრო ზრდილობიანად იქცეოდნენ და საინტერესო თემებზეც საუბრობდნენ. აი ასე, ნანა ძიძიგურის წყალობით, აღმოვაჩინე ჩემთვის "მეორე რუსეთი". მის შესახებ დაწერა აგვისტოს ომის შემდეგ გადავწყვიტე და იდეა ისევ დედაჩემმა მომაწოდა, უფრო სწორად, მისმა ერთმა ფრაზამ: "ТЫ ЗНАЕШЬ, Я БОЛЬШЕ НЕ БУДУ ПРЕПОДАВАТЬ РУССКИЙ ЯЗЫК, НЕ ХОЧУ. И ВООБЩЕ, КОМУ ОН НУЖЕН, ЭТОТ РУССКИЙ"- თქვა მან და თემა იქვე მყოფმა ჩემმა 9 წლის შვილმა აიტაცა და კონკრეტული მიმართულებით გააღრმავა. ანანოს მაცივარში ძველი ლიმონათი ეგულებოდა. გეგმა მარტივად დასახა: - რუსები თბილისში რომ შემოვლენ, გავუღებ კარებს და ვეტყვი: "ЗДРАВСТВУЙТЕ, ВЫ НАВЕРНОЕ "ЗАСОХЛИ?" ЛИМОНАД НЕ ХОТИТЕ? ОЧЕНЬ ВКУСНЫЙ ЛИМОНАД!", გამოვაღებ მაცივარს და ამ ლიმონათს დავალევინებ. ძალიან ცუდად გახდებიან". არც დედაჩემს და არც ანანოს იდეები არ გავუპროტესტე, უფრო მეტიც, საკუთარ თავს ვარწმუნებდი, არასდროს რუსულად არაფერს წავიკითხავ და არაფერს მოვისმენ-მეთქი. მერე, როგორც ხდება ხოლმე, ემოცია თანდათან ფიქრსა და ანალიზში გადავიდა. 9 აპრილის მოვლენები გამახსენდა, მაშინაც აღშფოთებულები ვიყავით, თუმცა იმ განსხვავებით, რომ "ცუდი რუსების" პარალელურად ტელევიზორში "სხვა რუსებსაც" ვხედავდით. იური როსტმა და ანატოლი სობჩაკმა იმ დღეებში ქართველებს მეორე რუსეთის არსებობის ილუზია შეუნარჩუნეს.
დღეს ცნობილი ფოტოგრაფი და ჟურნალისტი იური როსტი ოპოზიციურ "НОВАЯ ГАЗЕТА"-ში სტატიას აქვეყნებს, სათაურით "ტრიბუნალში" და აგვისტოს მოვლენების სრულ პასუხისმგებლობას ოთხ მხარეს აკისრებს: ქართულს, რუსულს, ოსურსა და აფხაზურს. როსტის პათოსს და განწყობას ბევრი მისი კოლეგა იზიარებს, რუსეთ-საქართველოს ომს და ამ ქვეყნების მთავრობათა ქმედებებს რუსული "ინტელიგენციის" ნაწილმა მარტივი შეფასება მოუძებნა: "ორივე დამნაშავეა!" ასეთი ხედვა კრემლს თავიდან, თითქოს, არ აღიზიანებდა, თუმცა დღეს ის ლიბერალებისგან ამ პოზიციის გადახედვას მოითხოვს. გაცილებით სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ ის ადამიანები, ვინც კონფლიქტში მხოლოდ რუსეთის ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ. რუსეთში ამ ხალხს რადიკალებს უწოდებენ და პირველი დარტყმა, როგორც მოსალოდნელი იყო, სწორედ მათ მიიღეს.
"ეხოს" რადიკალები
ვითარება ცნობილი ოპოზიციური რადიოსადგურის ირგვლივ აგვისტოს თვეში განსაკუთრებით დაიძაბა. "Эхо Москвы" რუსეთში ლამის ერთადერთი მედია საშუალება იყო, სადაც ქართული მხარის პოზიცია შუქდებოდა. მეტიც, რადიოსადგურის საინფორმაციო გამოშვებებში უშუალოდ საქართველოს უშიშროების საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია გადიოდა, "ეხოს" პირდაპირ ეთერში ქართველ პოლიტიკოსებსაც იწვევდნენ. ფიქრობენ, რომ სწორედ არხის ობიექტური საინფორმაციო პოლიტიკა გახდა "ეხოს" წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის საფუძველი. ერთ-ერთი ინფორმაციით, ვენედიქტოვმა, რადიოს მთავარმა რედაქტორმა, კრემლიდან მკაცრი და კატეგორიული გაფრთხილება მიიღო. ერთმა ძაააალიან მაღალჩინოსანმა ვენედიქტოვს "ეხოს" რადიკალების გაჩერება მოსთხოვა. ოფიციალური განცხადებები ამ საკითხზე, ცხადია, არ კეთდება, მაგრამ უკვე გავრცელდა ხმები რადიოსადგურიდან ცნობილი "რადიკალების" იულია ლატინინასა და ვიქტორ შენდეროვიჩის გაშვების შესახებ. ფორმალურად, ამ ჟურნალისტების გადაცემები ერთი წლით დაიხურა. ეს გადაწყვეტილება "ეხოს" გუნდმა ერთსულოვნად მიიღო (მათ შორის, თავად შენდეროვიჩმა და ლატინინამ). რადიოსადგურში იმედოვნებენ, რომ ამ მცირე დათმობებით კრემლი დაკმაყოფილდება და მათგან ახალ კომპრომისებს აღარ მოითხოვს. დღეს ჟურნალისტებისთვის მთავარი "ეხოს" შენარჩუნებაა. გაშვებულ თუ დროებით გადაცემადახურულ ავტორებს ეს კარგად ესმით და საკუთარი პროტესტით რადიოსადგურისთვის პრობლემების შექმნას ერიდებიან. ერთგვარი თვითცენზურა ჩაურთეს საკუთარ თავს და ისინიც კი, ვინც ეთერში მუშაობენ, თითოეული წინადადების წარმოთქმისას ფრთხილობენ. საქართველო, ჩეჩნეთი, ინგუშეთის შესაძლო დამოუკიდებლობის თემა ის ნაღმებია რუსულ მედიაში, რომელსაც დღეს ნებისმიერი ჟურნალისტის კარიერა (და არამარტო კარიერა!) შეიძლება შეეწიროს. ასე მოხდა შენდეროვიჩისა და ლატინინას მაგალითზე. ეს უკანასკნელი ხშირად ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში, კარგად იცნობს ხელისუფლების პირველ პირებს, ბევრთან მეგობრობს კიდეც და მისი პროქართული, ან გნებავთ, პროსააკაშვილისეული პოზიცია, არავისთვის სიახლე არ არის. მის ბოლო გადაცემებს საქართველოს კონფლიქტური რეგიონების მმართველების (კონკრეტულად კი კოკოითის ) შესახებ რუსეთის ხელისუფლების განსაკუთრებული აღშფოთება გამოუწვევია.
იანვრამდე ეთერიდან მოხსნილია რადიკალი ოპოზიციონერი ვალერია ნოვოდვორსკაია. "დემოკრატიული კავშირის" დამფუძნებელმა პუტინი ჩეჩენი ტერორისტების შემქმნელად დაასახელა, "თქვენ შექმენით ბასაევი", განაცხადა ნოვოდვორსკაიამ და ეთერის ბოლოს შეიტყო, რომ იანვრამდე "ეხო" მისთვის დახურულია.













