პროექტი განსაბჭოება
view counter

ბლოგის ბოლო ჩანაწერები

მაგდა კალანდაძე
სანდრო ნავერიანი
მაგდა კალანდაძე

უახლესი კომენტარები

6 სექტემბერი, 2010 - 20:52
6 სექტემბერი, 2010 - 12:47
3 სექტემბერი, 2010 - 16:01
Tom
3 სექტემბერი, 2010 - 04:24
31 აგვისტო, 2010 - 00:09
ესეი

ომი: რევოლუცია ჩვენს სულებში

ორი ესეი ომზე

სერობა

«ომია ყველაფრის მამა» - ამბობდა ერთი ბერძენი ფილოსოფოსი და მართლაც, აგვისტოს ომმა თანამედროვე მსოფლიოს სიღატაკესა და ბრწყინვალებას, ღირსებასა და ნაკლს ერთდროულად ახადა ფარდა. აგვისტოს ომმა საქართველო ისტორიის, მსოფლიო ისტორიის სუბიექტად აქცია. 2008 წლის აგვისტოს ომმა, ჩვენ, თანამედროვე მსოფლიო ისტორიის ქმნადობის პროცესში ჩაგვრთო. თუმცა მავანი იკითხავს: მერე რა? რა მოვიგეთ აქედან? ჯერჯერობით ბევრი არაფერი, უფრო მეტიც, მავანი იტყვის - წავაგეთ. მაგრამ ახლა ძნელია აგვისტოს ცხელი დღეების ზუსტი და საბოლოო შეფასება. საერთოდ, უახლესი ისტორიის შეფასება ძალზე სახიფათო წამოწყებაა, რადგან უახლესი ისტორიული ფაქტის «წაკითხვას» სჭირდება კონტექსტი, «მტვერი», შორსხედი. მხოლოდ დროის  გავლის შემდეგ, და ისიც პრობლემური სიზუსტით, შეიძლება შეფასდეს ისტორიისათვის კონკრეტული ფაქტის მნიშვნელობა.

სოციოლოგები ვიტყოდით, რომ ყოველ სოციალურ ქმედებას თან ახლავს გაუთვალისწინებელი შედეგები. ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ამ ომის შედეგებზე, ომის მიერ ჩვენს სულებში ჩატარებულ «რეფორმაზე». მაგრამ ჩვენ კონკრეტულ დროსა და კონკრეტულ სივრცეში მოქცეულ არსებებს-ადამიანებს, რომელთაც ჩვენი სიცოცხლის ხანმოკლეობის გამო, მეტ-ნალებად სრული კონტექსტის ხილვას არავინ დაგვანებებს, ყოველთვის გვაქვს იძულება პასუხი გავცეთ აწმყოს მიერ დასმულ კითხვებს. ეს პასუხები (და კითხვებიც) კი სოციალურ სივრცეში ჩვენს ადგილზე, ჩვენს კულტურულ კაპიტალზე, ჩვენს  გემოვნებაზე, ესთეტიკაზე, ჩვენი ბავშვობის ტრავმებზე,  შიშებზე, «ბოღმასა» და, თუ გნებავთ, ჩვენი სხეულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც არის დამოკიდებული. ჩემი პასუხი «ცხელი შოკოლადის» კითხვებზე,  ბუნებრივია, ვერ იქნება თავისუფალი ჩემი პირადი პრობლემებისგან და, ამდენად, ეს პასუხიც მხოლოდ ჩემი, კონკრეტული სხეულისა და სულის მატარებლის პასუხი იქნება და არა «ღირებულებებისაგან, გრძნობებისაგან თავისუფალი» - მიუკერძოებელი, გულგრილი ექსპერტის (ან ექსპერტობაზე პრეტენზიის მქონე ქართველის) მოსაზრება.

კარგად მახსოვს ერთმა ჩემმა მეზობელმა, სულაც 8 აგვისტოს, მითხრა, «შენ რა გინდა? რუსები თავის აშენებულს ანგრევენო». დღესაც გულში წყენად მაქვს ეს ფრაზა. თუმცა არის მასში გარკვეული სიმართლე.  ის ნაციონალური იდენტობა, რომელიც საშუალო-სტატისტიკურ ქართველს დღესაც აქვს (სულო ცოდვილო და, ალბათ, მეც), ჯერ რუსული  კოლონიალიზმის (მეცხრამტე საუკუნის ინტელექტუალური ელიტის მიერ), ხოლო შემდეგ რუსული სოციალიზმის პირობებში (კომუნისტური ნომენკლატურის, კომუნისტური ინტელექტუალური ელიტის და, მათ შორის, დისიდენტების მიერ) შეიქმნა. აგვისტოს ომის დროს რუსებმა დაბომბეს არა მარტო «თავისი აშენებული» 31-ე ქარხანა, სენაკის სამხედრო აეროპორტი და ა.შ., არამედ იდენტობის ის ტიპი, რომელიც თეთრი და წითელი იმპერიის საშოში ჩაისახა. და ამ ომის შემდეგ, საქართველო, როგორც ჩემმა ერთმა მეგობარმა მითხრა, «სხვაგან აღმოჩნდა».

80-იანი წლების ბოლოს მერაბ მამარდაშვილი ხშირად საუბრობდა ქართველებსა და საქართველოზე. მერაბი ქართველების ხასიათის ერთ თვისებას უსვამდა ხაზს: «უმიზეზო მხიარულებას». «უმიზეზო მხიარულების» ერთ-ერთი ნიმუში სუფრა კი - ჩვენი კარნავალია. კარნავალი, თუ ზოგიერთ ინტელექტუალს დავუჯერებთ, სუსტადგანვითარებული, მითში მყოფი საზოგადოებების აღგზნებული დღესასწაულია. აგვისტოს ომი ამ დღესასწაულზე დარტყმაც იყო. და ეს ყველაფერი აგვისტოში მოხდა, მაშინ როცა ყველა ემზადება შვებულებისათვის, კარნავალისათვის, დღესასწაულისათვის. რუსებს, შესაძლოა,  სულაც არ სურდათ ამ «დღესასწაულზე» დამყარებული გრძნობის ამოძირკვა, მაგრამ რას ვიზამთ, ეს მაინც მოხდა. მოხდა, თუმცა არა ყველა ქართველში. განსაკუთრებით «გაუჭირდა» ჩემს თაობას, რომელსაც 80-იანი წლების დაუძლურებული საბჭოთა კომუნიზმი ბავშვობას, დღესასწაულს და კარნავალის მარადიულ სამოთხეს, «ცისფერ მთებს» გვპირდებოდა. ეგებ, რუსებს დღესაც სულაც ის აღიზიანებდეთ, რომ მათ, თუ კი ოდესმე საქართველოში ჩამოვლენ, აქ არ დახვდებათ ის, რაც ჩვენში ხიბლავდა, რისი მეტაბოლიზმი რუსი გენერლების სხეულებს დღესაც ღრღნის - «უმიზეზო მხიარულება». იმედი მაქვს, რუს ტურისტს აქ დახვდება ფულზე, წარმატებაზე,  «უნარებსა» და ამ უნარების გაყიდვაზე ორიენტირებული ქართველი. მაგრამ ჩვენშიც ჯერჯერობით არიან ადამიანები (მე მათ სიკეთეს ვუსურვებ, რადგან მეც შორს არ ვარ მათგან), რომლებიც მოითხოვენ «სამოთხეს დაუყოვნებლივ», დღესასწაულსა და კარნავალს.