ამ სპეცპროექტის მიზანი იყო, გაგვეგო, რას ფიქრობენ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ გამოწვევაზე - რუსეთთან ურთიერთობაზე ის ოპოზიციური ლიდერები, რომლებიც ქვეყნის განვითარების მთავარ პირობად 2013 წლამდე ხელისუფლებაში მოსვლას მიიჩნევენ.
ოპოზიციის მთავარი მოთხოვნის - ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, ახალ ხელისუფლებას, ბევრ სხვა საკითხთან ერთად, ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვაც მოუწევს. ამ პროცესში მთავარი სწორედ რუსეთთან მკაფიო პოლიტიკის გატარება იქნება.
სპეცპროექტის რესპონდენტების უმრავლესობა რუსეთს ხედავს, როგორც ძლევამოსილ, პოტენციურად კეთილგანწყობილ მეზობელს, რომელთან ურთიერთობაც გაუმჯობესდება, საკმარისია, პრეზიდენტი სააკაშვილი "წავიდეს". დიალოგის აუცილებლობა, მოლაპარაკებების გზით პრობლემების გადაჭრა, სახალხო დიპლომატიის ჩართვა და ერთმორწმუნეობის გათვალისწინება - ეს ოპოზიციური პარტიების სტრატეგიების საფუძველია და ამაზე კონკრეტული კონცეფციის შესახებ სასაუბროდ ოპოზიციის წარმომადგენელთა უმრავლესობა მზად არ არის.
პროექტში მონაწილეობა პარტიის ლიდერებს შევთავაზეთ. თუმცა, მათი ნაწილის არჩევანი იყო, რომ პოლიტიკური ორგანიზაციების სახელით პარტიის თუ ალიანსის სხვა წარმომადგენელს ესაუბრა. პასუხების კომპეტენტურობა და სიღრმე თავად შეაფასეთ.
კითხვა: ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლებისთვის რთული ამოცანა იქნება რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება, რადგან ამ ქვეყნების სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ იქნებით ხელისუფლებაში, კონკრეტულად როგორ აპირებთ რუსეთთან ურთიერთობის გაგრძელებას?
ვიქტორ დოლიძე
"ალიანსი საქართველოსთვის"
(ირაკლი ალასანია, "რესპუბლიკური პარტია", "ახალი მემარჯვენეები")
მე დღეს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების რაიმე კონკრეტული რეცეპტის შემოთავაზება აბსოლუტურად არარეალურად მიმაჩნია. და რაც არარეალურად მიმაჩნია, ამაზე პასუხს ავირიდებ.
საერთოდ, ყველა ცხოველს თავისი ენა უნდა გამოუნახო - როგორც დათვს, ასევე მგელს, ასევე კატას, ხომ სწორია? ჩვენ რუსეთის მიმართ ამგვარი მიდგომის შემუშავება და მერე რეალიზება ვერ მოვახერხეთ. არ შეიძლება ასეთ მეზობელთან პატარა ქვეყანას ჰქონდეს ისეთი ტონალობა და ფორმა ურთიერთობის, როგორიც გვაქვს ჩვენ. ამის გამოსწორება, ვფიქრობთ, აუცილებელია. მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალმხრივი ნაბიჯები გადადგმული მხოლოდ საქართველოს მიერ, მხოლოდ საქართველომ არ უნდა იზრუნოს ამაზე.
დარწმუნებული ვარ, რუსეთში დღესაც არსებობენ ის ძალები, რომლებიც სერიოზულად ფიქრობენ ამ საკითხზე. პირად საუბრებში, კულისებს მიღმაც გვისაუბრია ამ თემებზე. ეს იქნებოდა ვენაში, თბილისში, მოსკოვში, თუ სხვაგან.
არ შეიძლება პირდაპირი დიალოგი არ დავიწყოთ აფხაზებთან, ოსებთან, და რაიმეს მივაღწიოთ; არ შეიძლება დიალოგი არ გვქონდეს რუსებთან და რაღაცას მივაღწიოთ. რუსეთთან ჩვენ მრავალმხრივ ფორმატშიც და ორმხრივ ფორმატშიც მოლაპარაკება უნდა ვაწარმოოთ.
მე არ ვიტყოდი, რომ რუსეთის და საქართველოს სტრატეგიული ინტერესები ურთიერთგამომრიცხავია. არ ვიტყოდი, რომ საქართველოს დასავლეთისადმი სწრაფვას რუსეთი პროვოკაციად აღიქვამს. სამწუხაროდ, რუსეთმა არაადეკვატურად გაიგო ჩვენი სწრაფვა ნატო-სკენ. ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ეს არაა სამხედრო პოლიტიკურ ალიანსში ყოფნა იმისთვის, რომ რაიმე საფრთხე შევუქმნათ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს. მარტო ნატო-სკენ სწრაფვა და მხოლოდ ჩვენი საგარეო პრიორიტეტები არ იყო რუსეთისთვის გამაღიზიანებელი; ძალიან ბევრი გამაღიზიანებელი ფაქტორი მერე დაგროვდა და დაემატა ერთმანეთს.
ჯერ ჩვენ უნდა მოვწესრიგდეთ, უნდა განვვითარდეთ - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, საინვესტიციო გარემო უნდა განვითარდეს, სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც კატასტროფულ მდგომარეობაშია; ასევე, პენიტენციური სისტემა. აქედან გამომდინარე, ყველაფრის რუსეთზე გადაბრალება არ იქნებოდა სწორი. თუმცა, ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ დიახ, რუსეთი არის აგრესორი, დიახ, მისი პოლიტიკა საქართველოს მიმართ იყო აგრესიული როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, აქ ორი აზრი არ არის. ზუსტად ამ პირობებში, თუკი სწორად ვითვალისწინებდით და აღვიქვამდით ჩვენს რეალობას, უფრო მეტად უნდა გვეფიქრა იმ შედეგებზე, სადამდეც მივედით.
ჩვენი ალიანსის და თვითონ ალასანიას პოლიტიკური გუნდის და პირადად ირაკლის მიზნები არ არის, წავიდეთ სადღაც წარსულში. სწორი პროცესებიც იყო, ჩვენი აზრით, მაგალითად, რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა. ჟენევის პროცესი ავიღოთ - ასევე ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია. რაღაცები წყდება, რაღაცებს ვერ ვწყვეტთ. რაღაც საკითხებზე მივდივართ კონსენსუსამდე, ეს პროცესია.
ვფიქრობ, რუსეთში ჯანსაღი ძალებიც არსებობენ. ისევე, როგორც საქართველოს სჭირდება ძლიერი, დემოკრატიული რუსეთი, ღრმად ვარ დარწმუნებული, რუსეთსაც ასევე ესაჭიროება ანალოგიური ტიპის საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი, და სხვა რეგიონული მოთამაშეებიც. აქ ორი აზრი არ არის.
ნინო ბურჯანაძე:
"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო"
უნდა შევხედოთ რეალობას თვალებში: უახლოესი წლების განმავლობაში აფხაზეთის და ოსეთის პრობლემის მოგვარება აბსოლუტურად არარეალურია. მე მესმის, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის, ვინც, დავუშვათ, მომავალში არჩევნებში ფიქრობს მონაწილეობას, არაპოპულარულია ადამიანებში უიმედობის ჩანერგვა, არაპოპულარულია იმის თქმა, რომ ყველაზე სანუკვარ ოცნებას ქვეყნისას უახლოეს წლებში ვერ შეასრულებ. მაგრამ არ მაქვს უფლება, უპასუხისმგებლოდ მოვეკიდო ამ მოვლენას და ცრუ დაპირებები მივცე მოსახლეობას. ვერც მე და ვერც ნებისმიერი სხვა, ვინც უნდა იყოს ამ ქვეყნის პრეზიდენტი ამ არჩევნების შემდეგ - ვგულისხმობ წლევანდელი 9 აპრილის შემდეგ დანიშნულ ვადამდელ არჩევნებს და ნამდვილად არ ვგულისხმობ 2013 წელს (იმიტომ, რომ 2013 წლამდე რომ დარჩეს ეს პრეზიდენტი, კიდევ სხვა ტერიტორიებზე შეიძლება მოგვიწიოს ლაპარაკი) - ნებისმიერი პრეზიდენტი, ვინც უნდა იყოს არჩეული, ხუთ წელიწადში აფხაზეთის და ოსეთის პრობლემას ვერ მოაგვარებს. თუ ეს ათ წელიწადში მოგვარდა, ეს იქნება ფანტასტიკის ზღვარზე.
ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დასვას საკითხი - თუ ვერავინ ვერაფერს აგვარებთ, რა გამოსავალია? გამოსავალია ის, რომ მოგვარების პროცესი დაიწყოს. ანუ, ჩიხიდან გამოსვლის პროცესი დაიწყოს. ჩვენ ახლა ნულიდან კი არ ვიწყებთ საქმეს, ჩვენ ვიწყებთ უზარმაზარი მინუსიდან და ჩვენი ამოცანა არის, პირველ რიგში, დავუბრუნდეთ აგვისტოს ომამდელ ვითარებას და მერე ვილაპარაკოთ უკვე ვითარების სტაბილურობაზე.
რა თქმა უნდა, რუსეთთან პირდაპირი დიალოგის გარეშე წარმოუდგენელია რაიმე ტიპის პრობლემის მოგვარება. სრულიად უპასუხისმგებლოა ჩვენი ხელისუფლების განცხადება, - არ დაველაპარაკებით რუსეთს, სანამ საქართველოს უკანასკნელი რუსი ჯარისკაცი არ დატოვებს. არ ვიცი, ვის როგორ წარმოუდგენია, მაგრამ ვისაც ერთი წიგნი მაინც წაუკითხავს პოლიტიკის შესახებ და ვისაც ელემენტარული ალღო აქვს, დამეთანხმება, რომ, პირდაპირი დიალოგის გარეშე, რუსეთთან შეუძლებელი იქნება რაიმე დინამიკაზე საუბარი.
ჩვენმა ხელისუფლებამ დანერგა მახინჯი პრაქტიკა, რომ რუსეთთან არ უნდა გქონდეს არანაირი კონტაქტები, და, პრაქტიკულად, მან ამას მიაღწია - თითქმის მინიმუმამდე არის ყველა ჩვენგანის კონტაქტები დაყვანილი რუსეთთან და ეს სულაც არ მიმაჩნია სატრაბახოდ. ნებისმიერ მეზობელ სახელმწიფოსთან, კარგი ურთიერთობა გაქვს თუ ცუდი, უნდა გქონდეს კონტაქტი; უნდა იცნობდე ადამიანებს, უნდა გქონდეს ელემენტარული ღირსება, რომ ამ ადამიანებს ელაპარაკო შენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად და ამ კონტაქტების გაწყვეტა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შეცდომა იყო.
როგორ ფიქრობთ, ის, რომ თქვენ სააკაშვილის ხელისუფლების წევრი იყავით, დაგეხმარებათ თუ ხელს შეგიშლით რუსეთთან ურთიერთობაში?
ხელისუფლებაში ყოფნის ჩემს გამოცდილებას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. ეს უარყოფითი მომენტები არსებობს მხოლოდ ჩემი რეიტინგისათვის და მხოლოდ ადამიანების ჩემდამი განწყობის თვალსაზრისით. საქმის თვალსაზრისით, ამას უარყოფითი მომენტი არ აქვს. ის უარყოფითი გამოცდილება, რომელიც მე ხელისუფლებაში ყოფნით მაქვს და რომელმაც ჩემი ემოციის დიდი ნაწილი წაიღო, არის იმის გარანტია, რომ არ განმეორდება ის შეცდომები, რომელთა მოწმეც მე ვიყავი.
სტრატეგიულ ურთიერთობასა და საომარ მდგომარეობას შორის არის ძალიან დიდი ლუფტი. ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყველა ჩემი მცდელობა, რომ ვითარება მეტ-ნაკლებად დარეგულირებულიყო, მაგალითად, ყოფილიყო ვიზიტები, ყოველთვის, ზოგჯერ პირდაპირ და ზოგჯერ არაპირდაპირ, იბლოკებოდა. ამის ნაცვლად, მთავრობა მუდმივად იყურებოდა "მუსკულებზე", რომელიც საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ არ აქვს. მე, მართალი გითხრათ, მეგონა, რომ ცოტა მაინც ჰქონდა.














