1. პირადი კომპიუტერული ისტორია
თავდაპირველად იყო ტელევიზორი. შემდეგ VHS და ვიდეო. შემდეგ ვიდეოთამაშები და, როცა ეს ყველაფერი მოძველდა, მე ცხოვრებაში პირველად შევეხე ჩემ პირად კომპიუტერს. ეს იყო კარგად ნახმარი "პენტიუმ სამი", რომელსაც, თქვენ წარმოიდგინეთ, ჯერ კიდევ ფლოპი დისკის ბუდეც ჰქონდა და, სახელმწიფოს მიერ დენის არასტაბილური მოწოდების გამო, ხანდახან დამწვარი ტექნიკის სასიამოვნო სურნელიც დაკრავდა ხოლმე. ეს ხდებოდა საუკუნის დასაწყისში. ჩემი პირველი გასვლა ინტერნეტში გაცილებით ეროტიკული და საინტერესო იყო, ვიდრე პირველი სექსი ახალგაზრდა დელიკატურ ქალბატონთან, რომელსაც ჰყავდა ოჯახი და ოცნებობდა კვიპროსზე საცხოვრებლად წასვლას.