პროექტი განსაბჭოება
view counter

ბლოგის ბოლო ჩანაწერები

მაგდა კალანდაძე
სანდრო ნავერიანი
მაგდა კალანდაძე

უახლესი კომენტარები

6 სექტემბერი, 2010 - 20:52
6 სექტემბერი, 2010 - 12:47
3 სექტემბერი, 2010 - 16:01
Tom
3 სექტემბერი, 2010 - 04:24
31 აგვისტო, 2010 - 00:09
ანალიზი

"დიახ - ამნისტიას, არა - ამნეზიას"

საქართველოში ლუსტრაციის პერსპექტივების შესახებ

ფოტო: ნიკო ტარიელაშვილი

"ცუდი მსჯელობის წამალი უკეთესი მსჯელობაა", - წერს ნობელის პრემიის ლაურეატი, ამარტია სენი თავის ახალ წიგნში "სამართლის იდეა".  

მას შემდეგ, რაც 1971 წელს აწ გარდაცვლილმა ჰარვარდის პროფესორმა, ჯონ როლსმა "სამართლის თეორია" გამოაქვეყნა, ყველა პატივსაცემი პოლიტიკური ფილოსოფოსი თავს ვალდებულად მიიჩნევს, ამ თემაზე საკუთარი აზრი გამოთქვას. "სამართლის იდეის", რომელიც სულ ახლახან, 2009 წლის სექტემბერში გამოვიდა, ავტორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის წარმოშობით ინდოელი პროფესორი, რომელმაც 1998 წელს ეკონომიკაში ნობელის პრემია მიიღო, სამართლის შესახებ საკუთარ შეხედულებას გვაცნობს, ხოლო ჯონ როლსს აკრიტიკებს.
სენი აკრიტიკებს სამართლის შესახებ ზედმეტად თეორიულ მსჯელობასა და აზროვნებას, რასაც, მისი აზრით, საფუძველი სწორედ როლსის ნაშრომმა ჩაუყარა. ნაშრომი უნდა "შეეხოს სამართლის განმტკიცებისა და უსამართლობის აღმოფხვრის საკითხებს, და არ უნდა გვთავაზობდეს საკუთარ მოსაზრებებს სრულყოფილი სამართლის ბუნების შესახებ". სენი თავის ნაშრომს იწყებს ციტატით ჩარლზ დიკენსის "დიდი იმედებიდან". "იმ პატარა სამყაროში, სადაც ბავშვები არსებობენ, არაფერი არ შეიმჩნევა და იგრძნობა ისე ცხადად, როგორც უსამართლობა [...] იმ უსამართლობის გამოვლენა, რომლის გამოსწორებაც შეიძლება, არა მხოლოდ გვიბიძგებს, რომ სამართალსა და უსამართლობაზე ვიფიქროთ, არამედ ეს სამართლის თეორიის მთავარი საკითხია".
ეს სტატია არის მსჯელობა იმ უახლეს ინიციატივაზე, რომელიც, სწორედ სენის მოწოდების მიხედვით, გამიზნულია, ჩვენს ცხოვრებისეულ სინამდვილეში პრაქტკულად გამოასწოროს წარსულში, კომუნისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი უსამართლობანი. მკითხველისთვის ცნობილია, რომ დეპუტატმა გია თორთლაძემ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი "ლუსტრაციის შესახებ", რომლის მიზანია, პროექტის სიტყვებითვე რომ ვთქვათ, "ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობა და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცება". კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო თანამდებობების დაკავება ეკრძალებათ პირებს, ვინც გარკვეულ თანამდებობებზე იყო კომუნისტურ პარტიასა და კომკავშირში და თანამშრომლობდნენ სსრკ სპეცსამსახურებთან; ასევე ხდება ამ უკანასკნელთა გამოვლენის ხელშეწყობა და აღრიცხვა. ლუსტრაცია, როგორც ავტორიტარული რეჟიმის მემკვიდრეობისგან გათავისუფლების საშუალება, ავტორიტარული რეჟიმის შეცვლის შემდეგ მთელ რიგ ქვეყნებში დაინერგა სხვადასხვა სახითა და წარმატებით. სიმართლის და შერიგების კომისიების მსგავსად, ლუსტრაცია "სამართლის დადგენის გარდამავალი" მექანიზმია, ვინაიდან შემოღებულია და ინერგება დემოკრატიული მისწრაფებების მქონე ხელისუფლების მიერ. ის მიზნად ისახავს ძველი, დანაშაულებრივი რეჟიმის მემკვიდრეობისგან გათავისუფლებას - დამნაშავე რეჟიმთან ასოცირებული პირების დასჯას ან გაკიცხვას, სამართლიანობის აღდგენისთვის და რეჟიმის მსხვერპლების დასაკმაყოფილებლად.
წარსულის დანაშაულებრივი რეჟიმის მემკვიდრეობასთან  არასწორად გამკლავების ერთ-ერთი უახლესი შემთხვევა იყო დე-ბაათიფიკაცია ერაყში. ისტორიული უსამართლობისა და ახალი, სანდო და გამართული ადმინისტრაციის ჩამოყალიბებისათვის კოალიციის დროებითმა მმართველობამ, 2003 წლის 1 ოქტომბრის ბრძანებით, ბაათის პარტიის წევრებს აუკრძალა სახელმწიფო სამსახური. თუმცა პარტიზანული შეიარაღებული წინააღმდეგობის გაძლიერების შემდეგ კოალიციის მმართველმა ორგანომ საკუთარი გადაწყვეტილება შეარბილა და ბაათის პარტიისა და სამხედრო ძალების ზოგიერთ წევრს საჯარო სამსახურში დაბრუნების ნება დართო. მიუხედავად კეთილშობილური მიზნებისა, ბაათის პარტიის წევრებისთვის სახელმწიფო სამსახურის ერთმნიშვნელოვნად აკრძალვამ, რაც სამართლიანობის აღდგენას ემსახურებოდა, უკვე არსებული სამოქალაქო დაპირისპირება კიდევ უფრო გააღრმავა.
წინამდებარე სტატიის მიზანია, ხელი შეუწყოს გია თორთლაძის მიერ ინიცირებული "ლუსტრაციის შესახებ" კანონ-პროექტის საზოგადოებაში ფართო განხილვის დაწყებას. სტატია ზოგადად კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს ლუსტრაციის (ამ ტერმინის სწორად გამოყენებაზე ქვემოთ გვექნება საუბარი) მნიშვნელობას, არამედ საქართველოს დღევანდელ სოციალურ-პოლიტიკურ კონტექსტში განიხილავს შემოთავაზებულ ინიციატივას;
ამიტომაც ვთვლი, რომ ამ თემაზე აზრის გამოთქმა მხოლოდ იურისტების პრეროგატივა არ არის, არამედ სოციოლოგების, ისტორიკოსების და ეთნოლოგების საზრუნავიცაა. ლუსტრაციის, ისევე, როგორც ყველა სხვა რეფორმის წარმატება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწორად, დროულად იქნება არჩეული და მორგებული ესა თუ ის მექანიზმი ადგილობრივ კულტურას, ტრადიციებსა და მენტალიტეტს. უცხოური სამართლებრივი ინსტიტუტების ხელოვნური კოპირების დრო იურიდიულ მეცნიერებებში, დიდი ხანია, დამთავრებულია.
არ ვაპირებთ თავად კანონპროექტის ტექსტის კრიტიკას, ხარვეზების აღნიშვნასა და მათი დახვეწის რეკომენდაციების მოცემას. ეს სამუშაოს შემდეგი, შედარებით ტექნიკური ეტაპია, თუკი გადაწყდება ზოგადად ამ ინსტიტუტის საქართველოში დღეს დამკვიდრება; ხოლო იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ლუსტრაციის კომისია, რა წესით უნდა იმუშაოს მან და სხვა, აუცილებელია საზოგადოებრივი მსჯელობა, ისიც მაშინ, როდესაც პრინციპულად მისაღები იქნება ამ ინსტიტუტის შემოტანის იდეა.
ყოფით რეალობაში და წარმოდგენილ კანონპროექტში ერთმანეთში არეულია ორი სხვადასხვა ცნება: "ლუსტრაცია" და "დეკომუნიზაცია". დეკომუნიზაცია გულისხმობს სახელმწიფოს მიერ კომპლექსური ნაბიჯების გადადგმას სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში საბჭოთა მემკვიდრეობისგან გასათავისუფლებლად, სხვა ნაბიჯებთან ერთად - მაგალითად, კომუნისტური პარტიის ყოფილი ჩინოვნიკებისათვის სახელმწიფო სამსახურის აკრძალვა; "ლუსტრაცია" კი - სახელმწიფო თანამდებობებზე მომუშავე პირების შემოწმებას საბჭოთა სპეც- სამსახურებთან თანამშრომლობის მხრივ, ანდა ასეთი პირების მონაცემების გამომჟღავნებას.
ეს ტერმინები გია თორთლაძის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტის სათაურშიც აღრეულია, ვინაიდან კანონპროექტი გულისხმობს სახელმწიფო თანამდებობის პირებს შორის სპეცსამსახურებთან მოთანამშრომლეთა გამორიცხვას, მათ გამომჟღავნებას, ასევე კომპარტიის თანამდებობის პირებისთვის სახელმწიფო სამსახურის აკრძალვას, ანუ დეკომუნიზაციას.
ლუსტრაციაც და დეკომუნიზაციაც ეხება რეჟიმის ცვლილების შემდეგ მოსული ხელისუფლების სურვილს, ააშენოს ახალი სახელმწიფოებრივი წესრიგი, სადაც განმსაზღვრელი ადგილი და მნიშვნელოვანი როლი არ ექნებათ კომუნისტური რეჟიმის ხელშემწყობ პირებს. ამ ნაბიჯების მიზანია, ასევე წარსულის დანაშაულებისათვის და დანაშაულებრივი რეჟიმის მხარდაჭერისათვის გარკვეული საზღაურის დაწესება, მათი სახელების საზოგადოებისათვის, მათ შორის, რეჟიმის მსხვერპლთათვის გამჟღავნებით და სახელმწიფო სექტორში საქმიანობის აკრძალვით.
პირველი პოსტკომუნისტური ქვეყანა, სადაც ლუსტრაციის კანონი მიიღეს, ჩეხოსლოვაკეთი იყო 1991 წლის 4 ოქტომბერს. უნგრეთის პარლამენტმა ლუსტრაციის კანონი 1994 წლის 8 მარტს მიიღო, სადაც ცვლილებები 1996 წელს შევიდა. ლუსტრაციის კანონი პოლონეთში მიიღეს 1997 წლის 11 აპრილს, მთელი რიგი ყოფილი დისიდენტებისა და ხავერდოვანი რევოლუციის თანაავტორების წინააღმდეგობის ფონზე. ადამ მიხნიკმა, გავლენიანმა დისიდენტმა, და ყველაზე დიდტირაჟიანი გაზეთის "ვიბორჩას" რედაქტორმა 1989 წელს, ლუსტრაციის პროცედურაზე დებატებისას განაცხადა, - "დიახ - ამნისტიას, არა - ამნეზიას!" ამით მან გამოხატა ახალი ელიტების შემწყნარებლური დამოკიდებულება კომუნისტური რეჟიმის ფუნქციონერთა მიმართ, ხოლო მათი მხრიდან მონანიების შემთხვევაში, ახალი სახელმწიფოს ერთად შენების სურვილი.
ბულგარეთში ლუსტრაციის ელემენტები შეტანილია 1998 წლის მაისში; ლიტვაში - 1998 წელს ორ ეტაპად. ყველაზე ბოლოს რუმინულმა პარლამენტმა მიიღო ე.წ დუმიტრესკუს კანონი 1999 წელს, რომელმაც ლუსტრაციის პროცესი მოაწესრიგა.

Anonymous (შეუმოწმებელი), ოქტომბერი 10, 2009, 17:25:58

es iniciativa mokvda mgoni

niniako (შეუმოწმებელი), ოქტომბერი 4, 2009, 13:29:26

ara mgoni eg kanoni miigon parlamentshi tviton arian yofili partielebi