პროექტი განსაბჭოება
view counter

ბლოგის ბოლო ჩანაწერები

მაგდა კალანდაძე
სანდრო ნავერიანი
მაგდა კალანდაძე

უახლესი კომენტარები

6 სექტემბერი, 2010 - 20:52
6 სექტემბერი, 2010 - 12:47
3 სექტემბერი, 2010 - 16:01
Tom
3 სექტემბერი, 2010 - 04:24
2 სექტემბერი, 2010 - 04:41
საავტორო

ნიკალა

ნიკო ფიროსმანი
მისი ბიოგრაფია ბუნდოვანია, ტყუილი და მართალი  ძნელი გასარჩევი.

შემორჩენილია სამიოდე ფოტო, ხოლო მემუარისტების წყალობით ცნობილია მისი ბოლოდროინდელი იერი: უფრო ხშირად გაუპარსავი, ჭაღარაშერეული ულვაშითა და დარდიანი თვალებით;

საშუალოზე ოდნავ მაღალი, მშიერი კაცივით გამხდარი, მიკიტან მიხო ვარსიმაშვილის ნაქონ ლურჯ პიჯაკში, შავ ყარამანდულ შარვალში და თავზე რუსული კარტუზით, მოარული ნელა და დაბნეულად: ასეთი იყო ფიროსმანი თავისი ცხოვრების ბოლო ათ წელიწადს. ფიროსმანი, ანუ ქალაქელებისთვის მხატვარი ნიკალა ან ნიკალაი მხატვარი.

იმისთვის, რომ ვიცოდეთ რას ნიშნავს ძველი ქალაქისთვის მხატვარი, უნდა ვიცოდეთ რა არის ფიროსმანის დროის თბილისი.

გარეგნულად ეს არის ქართული  ღვინო, აღმოსავლური ტკბილეულობა, იტალიური ოპერა და რუსული ჩექმა.

შინაგანად კი ეს არის კულტურათა და რელიგიათა ბუნებრივი შერწყმის ადგილი.

1801 წელს რუსეთის იმპერიამ მახვილგონიერ ინტრიგათა წყალობით  დაუძლურებულ საქართველოში სამეფო გააუქმა და ქვეყანა საკუთარ სამხრეთის გუბერნიად გამოაცხადა. როცა ეს მოხდა, თბილისს სულ რამდენიმე წლის გადატანილი ჰქონდა დიდი რბევა: სპარსეთის შაჰის, აღა მაჰმად ხანის ლაშქრობამ ქალაქი მიწასთან გაასწორა და იქ ყოველივე ხილული და ხელჩასაჭიდი დაანგრია და მოსპო. მარტო წაყვანილ ტყვეთა ოდენობამ 15 ათასი შეადგინა.

ეს არ იყო პირველი რბევა მეხუთე საუკუნეში დაარსებული ქალაქისათვის, რომელიც თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ხშირად იცვლიდა მნიშვნელობას: დიდი, აყვავებული და გავლენიანი ქალაქიდან უბრალო სამხედრო ფორტად იქცეოდა, მერე კი კვლავ დაიბრუნებდა თავის ძველ მნიშვნელობას.

თბილისი მკვეთრად გამოხატავდა ქართული კულტურის ერთ მნიშვნელოვან თვისებას: უცხო კულტურასთან საოცარი შეხამებისა და აქედან ახალი ფორმების შობის უნარს.  ქართული კულტურის მასაზრდოებელ ძალათაგან ალბათ უმძლავრესი ძველი აღმოსავლეთი და ბერძნული სამყარო იყო, რაც ქრისტიანულ რელიგიას გადაეჯაჭვა და საოცარი ადგილობრივი სამყარო შექმნა.

თუმცა, საუკუნეთა განმავლობაში მუსლიმურ იმპერიებთან გადატანილმა ომებმა, გამარჯვებასთან ნაზავმა მარცხმა, იქაური ყოფითი და კულტურული ტრადიციებიც მრავლად დატოვა.

რუსთა შემოსვლისას თბილისი იყო მოქანცული და დამცრობილი პატარა ქალქი, სადაც გამოარჩევდით არა სასახლეებს, მაღაზიებსა და ქვაფენილით გაწყობილ ქუჩებს, არამედ ყველა ძველი რელიგიის საკულტო ნაგებობებს: ეკლესიებს, მეჩეთებს, სინაგოგებს. ამ პატარა ქალაქისათვის ამდენი სკულტო ნაგებობა ერთგვარად მოულოდნელიც კი  ჩანდა, მაგრამ სწორედ ეს იყო კვალი ნამდვილი ქალაქური წარსულისა.

თბილისში ნელა იწყო შემოსვლა ევროპამ. ქალაქის კიდეზე გერმანული დასახლება გაჩნდა, როგორც სამხრეთკავკასიურ ცენტრს, აქაურობას დიდი ქვეყნების ჯაშუშებიც კი მოაწყდნენ. ხოლო რუსული მმართველობა ახალი ქალაქის შენებას შეუდგა თბილისის თავისუფალ კიდეებზე. ნახევარი საუკუნის თავზე ქალაქში უკვე მკვეთრად გაიმიჯნებოდა მისი ევროპული  და ძველი ნაწილები. მკვეთრად იმიჯნებოდნენ ასევე ადამიანები: სხვაობა სამოსში, ტრადიციასა და აღზრდაში თვალში საცემი იყო. ძველი თბილისის ყოფას ახალი თბილისის ევროპულობა ნაკლებად ეხებოდა.

სწორედ რუსთა მოსვლის ნახევარი საუკუნის თავზე თბილისში გაიხსნა ოპერა, რაც ალბათ გადამწყვეტი იყო ძველი და ახალი ქალაქის ერთობისათვის. იტალიური ოპერა იმგვარ დაწესებულებად იქცა თბილისისათვის, რომელმაც  მოსახლეობის ყველა სოციალური და კულტურული ფენა მოხიბლა. არიებს ქალაქის ძველ ნაწილშიც ტკბილად ღიღინებდნენ. იტალიური მუსიკის გამოჩენამ კი საერთოდაც ახალი მუსიკალური ჟანრი შვა, რომელიც უკვე ნახსენებ ტრადიციულისა და მოსულის შერწყმას დაეფუძნა.

კიდევ ერთი დიდი გარღვევა იყო თბილისისათვის იმპერატორ ალექსანდრე მეორეს რეფორმები, რომელთა წყალობითაც რუსეთის დიდმა ქალაქებმა გვარიანი თვითმმართველობა და თავისუფლება მიიღეს.

ამ ვითარებაში თბილისი იქცა ქალაქად, სადაც გამუდმებული მშენებლობა და საქმიანობა მიმდინარეობდა და სადაც კულტურული, ეთნიკური და სოციალური სიჭრელე კიდევ უფრო თვალწარმტაცი შეიქნა. საუკეთესო ევროპულ მოდაზე ჩაცმულ ბანოვანთა გვერდით, აქ ნახავდით ჩადრში  გამოხვეულ ქალებს, რომლებიც მალვით დაიარებიან აბანოში, ხოლო ევროპულ რესტორნებთან ერთად კვლავაც ღია იყო დუქნებისა და მეიხანების კარი. პარიზულ სამკერვალოთა და საპარიკმახეროთა მხარდამხარ საქმიანობდნენ აღმოსავლური ყაიდის თბილისელი დალაქები და თერძები,  ხოლო კლასიკური მუსიკის კონცერტიდან გამოსულს აშუღის კვნესა შემოგესმებოდათ.

თბილისში ამ დროს ღონიერდებოდა კაპიტალიზმი და იყო სრული კარგახსნილობა. ამ დროსვე ჩნდებიან ტბილისში ევროპულად განათლებული პროფესიონალი მხატვრებიც, თუმცა ამას ფიროსმანთან ნაკლები კავშირი აქვს.

იდგა მეცხრამეტე საუკუნის სამოცდაათიანი წლები, ანუ ფიროსმანის ბავშვობის დრო. მთელი ეს თბილისური ორომტრიალი პატარა ნიკალას თვალწინ მიმდინარეობდა, ანუ რასაც ხედავდა და შეიგრძნობდა ფიროსმანი მაშინ, ის იყო განმსაზღვრელი მისი მომავალი შემოქმედებისათვის იმ კულტურულ ტრადიციასთან ერთად, რომლის შესახებაც გაკვრით შევნიშნეთ.

ფიროსმანი დაიბადა 1862 (ან 1864) წელს აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში, შთამბეჭდავი ველებისა და გასაოცარი შემოდგომის მხარეში, რომელსაც სხვანაირად ქვეყნის ბეღელსაც უწოდებდნენ. ეს იყო ღვინისა და პურის მხარე, ვენახებისა და ყანების ქვეყანა.

ფიროსმანის ყველა წინაპარი გლეხი იყო. მამამისი  ასლანი ადრე გარდაიცვალა და ბიჭი ქალაქში მიაბარეს ახლობლების, კალანტაროვების ოჯახს. ანუ, თბილისი ბავშვობიდანვე იქცა მის ქალაქად.

დიდი ცვლილებების მიუხედავად, ძველი ქალაქი არ წაშლილა და არ გადღაბნილა. მან მიიღო ის, რაც ბუნებრივად ერგებოდა: გამოცოცხლდა, გაფერადდა და მაინც დარჩა ძველ ქალაქად.

ძველსა და ევროპულ თბილისს შორის არა მარტო სოციალური, ანდა კულტურული საზღვარი გადიოდა, არამედ გეოგრაფიულიც.

ეს საზღვარი გადიოდა პასკევიჩ ერევანსკის მოედნის კიდეზე, ადგილას, რომელსაც ერქვა შუა ბაზარი (დაახლოებით იქ, სადაც ახლა ლესელიძის ქუჩაა).

ამ საზღვრის ხსენება იმიტომაა აუცილებელი, რომ მხატვარი ამ ქუჩის დაბლა და ამ ქუჩის მაღლა, სულ სხვადასხვა რამეს ნიშნავდა.

ქუჩის მაღლა, ანუ ახალ ქალაქში, რომელიც რუსების დროს შენდებოდა, მხატვარი იყო ნასწავლი კაცი, აკადემიური განათლებით, შემოქმედი, ინტელექტუალი და ა.შ.

ქუჩის დაბლა ქალაქში მხატვარი იყო კაცი, რომელსაც ხშირად წერა-კითხვა იმისთვის თუ ჰქონდა ნასწავლი, რომ აბრებზე კოხტად დაეწერა შეკვეთილი სიტყვები. ეს იყო კაცი, რომელიც თავისი ბუნებრივი ნიჭის წყალობით ახერხებდა, რომ დაედო თუნუქზე ან მუყაოზე ფერები და ნაირგვარი შეკვეთები შეესრულებინა.

ეს შეკვეთები სულ ნაირ-ნაირი იყო: არა მარტო დუქნების აბრების დახატვა, არამედ იქ სამიცვალებულო განცხადებების ხატოვნად წერა და გამოკვრაც კი.

რა თქმა უნდა ამ საქმეში შედიოდა ჩვეულებრივი ხატვაც და თუ ძალიან ხმამაღლა არ ვიტყვით ფერთა წერაც. იმავდროულად ის იყო მღებავიც და ეს ყველაფერი ერთიანდებოდა ამ სიტყვის ქვეშ: "მხატვარი". ეს სიტყვა სწორედ ძველი ქალაქიდან, შუა ბაზრის გავლით ავიდა ევროპულ თბილისში.

მხატვრები თბილისში იმ გაგებით, როგორითაც ამ სიტყვას ძველი ქალაქი ხმარობდა, ყოველთვის ბევრი იყო და კონკურენციაც საკმაოდ მაღალი ჩანდა.

100 წლის განმავლობაში თბილისი მზარდი ქალაქი იყო. ამიტომ მას სჭირდებოდა გარეგნული მოხდენილება.

იშვიათად გაივლიდა თვე, რომ ქალაქში რაღაც ახალი დუქანი, კაფეშანტანი, რესტორანი, ან რამე გასართობი სახლი არ გახსნილიყო. ამას ყველაფერს აუცილებლად სჭირდებოდა მხატვარი, სხვანაირად რომ ვთქვათ, გამფორმებელი.

ამგვარი გამფორმებლები კი მრავლად იყვნენ. მაგალითად, ვორონცოვის მოედანზე იყო მხატვარი ჯორაშვილი, რომელსაც ძალიან ბევრი შეკვეთები ჰქონდა. ანდა, ვანო  ხოჯაბეგოვი. ანდა, ათონის ქუჩელი მხატვარი არსენა, რომელსაც ძალიან კარგი სახელოსნო მოეწყო. ამ მხატვრებს გარკვეული ერთობა და სოლიდარობა ჰქონდათ, ხშირად ერთად იღებდნენ შეკვეთებს, ერთად ყიდულობდნენ საღებავებს, ანდა ზიარად აგროვებდნენ მასალას.

არცერთ ასეთ მხატვარს რაიმე სპეციალური  განათლება არ მიუღია.

სამაგალითოა მხატვართა ერთი საგვარეულოს ისტორია, რომელიც გვაჩვენებს როგორ იქცეოდა კაცი მხატვრად ძველ ქალაქში.

ფიროსმანსავე ეპოქაში საქმიანობდა საკმაოდ ცნობილი თვითნასწავლი მხატვარი, გიგო ზაზიაშვილი, რომელმაც ნიკალასგან განსხვავებით დიდხანს იცოცხლა და სტალინის ეპოქის მიწურულს დაასრულა სიცოცხლე.

მისი მოგონებები მოგვითხრობს როგორ სწავლობდნენ თბილისში ხატვას.

მამამისი შუაბაზრელი მკერავი ყოფილა.  საქალაქო კრივის დროს, რაც ერთ-ერთი განთქმული ტრადიცია იყო თბილისში, ხელის ტრავმა მიუღია და საბოლოოდ ექიმებს მკლავი მოუკვეთავთ, რის შემდეგაც ხელობის გარეშე დარჩენილა.

დარაჯად მომსახურეს უნახავს, როგორ იხატავდა წიგნიდან რაღაც სურათებს ერთი წვრილი მოხელე და თავადაც უცდია. მერე ამ საქმეს მიჰყოლია, ხელი  გაუჩვევია, შექნილა მხატვარი და ხელობა შვილისთვისაც გადაუცია. ანუ ყველაფერი ერთგვარ ნიჭზე და მარიფათზე იყო დამოკიდებული.

ფიროსმანი განსხვავდებოდა ყველა ამ მხატვრისგან და არა მხოლოდ იმით, რომ არასდროს ჰქონია სახელოსნო, არასოდეს ჰქონია თავისი სახლი და არც ოჯახი ჰყოლია.

როცა უკვე დუქნების მხატვარი იყო, ნიკალა ორთაჭალაში არ დადიოდა. ბოლო 10-15 წელიწადს ის ძნელად ეკარებოდა ვინმეს. სუფრასთანაც კი არ უჩერდებოდა მოქეიფეებს, რაც ძალიან იშვიათი ამბავი იყო ძველ ქალაქში.

კონდუქტორობის შემდეგ ის მხატვარი შეიქნა. ამან მთლიანად შეცვალა მისი ცხოვრება.

ფიროსმანს მუდმივი  ბინა არ ჰქონია: უფრო  სამადლოდ ათევდა ღამეს, თუმცა მუშტარი ყოველთვის ბევრი ჰყავდა და უცნაურიც ეს არის, რადგან წესით, მას ფული უნდა ჰქონოდა.

არადა, მთავრობას მისთვის ისეთი შემოსავალიც კი არ მოუტანია, სულ უბრალო პირობები რომ დაეკმაყოფილებინა. იმავდროულად, ის იყო უხვი და ხელსწრაფი: რაც მისი  შემოქმედებიდან გადარჩა ბევრია, თუ გავითვალისწინებთ, რომ უამრავი ნამუშევარი განადგურდა და დაიაკარგა.

კონკურენცია მხატვარ-გამფორმებლებს შორის ძალიან მაღალი იყო და რახან ფიროსმანი ბევრს ხატავდა, ესე იგი მას ბევრი შეკვეთა ჰქონდა... მაგრამ ფიროსმანი ხომ თავის ნამუშევრებში ფულს არ იღებდა!

სხვები იღებდნენ, ამით ინახავდნენ ოჯახს. ეს არ იღებდა.

მედუქნეებს, რომლებიც მისი მთავარი კლიენტები იყვნენ, აწყობდათ ასეთი მხატვარი. ისინი ძალიან იაფად გამოდიოდნენ: ამ კაცს ხატვა ეხალისებოდა, ფულის აღება კი არ უყვარდა. ითხოვდა საღებავის და ტილოს ფულს და სადილს. მეტს არაფერს. შეკვეთები უმთავრესად ძალიან კონკრეტული იყო: აქ ეს დამიხატე, იქ ის. აი, ამ ადგილას მოქეიფეები და ასე დაუსრულებლად. ალბათ ამიტომაც, შეკვეთა ბევრი ჰქონდა.

ფიროსმანი ძირითადად მუშაობდა ქალაქის ორ უბანში - თბილისის სადგურის მიდამოებში და იარმუკა-რიყეზე.

ერთ მოგონებაში კარგად ჩანს შემკვეთ მედუქნეთა და ფიროსმანის ურთიერთობა:

იარმუკაში იყო ერთი ვინმე ვანო აბაევი, ფიროსმანის მეგობარი. ის ავეჯიან ოთახებს აქირავებდა.

ამ ვანო აბაევთან მეგობრობდა თურმე ვაჟა-ფშაველაც, დიდი ქართველი მწერალი. როდესაც ვაჟა სოფლიდან თბილისში ჩამოდიოდა, აუცილებლად მოინახულებდა აბაევს.

სწორედ ვანოსთან შეხვდნენ ერთმანეთს ფიროსმანი და ვაჟა-ფშაველა.

ფიროსმანი რაღაცას ღებავდა შორიახლოს და ვანომ დაუძახა: ისინი ერთმანეთს გააცნო და სადილად დასხა.

გამოირკვა, რო ფიროსმანს წაკითხული ჰქონდა ვაჟას "შვლის ნუკრის ნაამბობი".

ძველი ქალაქის მხატვრებში კითხვა ძალიან იშვიათი რამ იყო. განსაკუთრებით "შვლის ნუკრის ნაამბობის" ყაიდის წიგნებისა. ძველ ქალაქში სხვა ლიტერატურა არსებობდა. ასე რომ, ნიკალა აქაც გამორჩეული იყო.

ფიროსმანმა ვაჟას უამბო, რომ ერთ დუქანში, კედელზე დახატა ეს მისი შვლის ნუკრი, იმიტომ რომ მოთხრობამ ძალიან იმოქმედა მასზე. ნიკალამ დახატა ყელგამოჭრილი ირემი და სისხლით მორწყული გარემო. მედუქნეს ეწყინა, დუქანში  ხალხი გასართობად შემოდის და ამ სისხლის ყურებაში რა უნდა ჭამონ და რა უნდა დალიონო. ამიტომ, ფიროსმანს კედლის გადაღებამ მოუწია და იმავე ადგილას თავადების ქეიფი დახატა.

ანდა, რომელიმე მედუქნე ეტყოდა ფიროსმანს, დამხატე ოღონდ ხელში ჯაჭვი მეჭიროს, ამ ჯაჭვზე კიდე ყოჩი იყოს გამობმულიო. თბილისში ყოჩების ჩხუბი ძალიან პოპულარული იყო და ბევრ მედუქნეს ესახელებოდა რო კარგი ყოჩი ჰყავდა.

ნიკალას ერთი მეგობარი მედუქნე ბეგო იაქსიევი იგონებს,  რომ ერთხელ იმდენი ხატაო, იმდენი მოვუყევი და ხატაო, რომ ბოლოს ვეღარ მოვიფიქრეთ რაღა დაეხატაო.

გამოვედით დუქნის გარეთო და დავინახეთ ჩარდახიანი ურემი და ნიკალამ თქვა: აგე ეხლა ეს დავხატოთო. აი, ამ ტიპის შეკვეთები არსებობდა და ფიროსმანი თანახმა იყო.

მისი ფასი იცოდნენ - დიდი-დიდი მედუქნეს მისთვის ჯიბეში ჩაედო ერთი ან ორი მანეთი. ისიც დიდი თავპატიჟის შემდეგ. იმ დროისთვის ეს არ იყო მაინცდამაინც გროშები, მაგრამ სასაცილო ფული იმასთან, რასაც თბილისში სხვა მხატვრები იღებდნენ იგივე საქმისათვის.

იმ დროის ცნობილი სირაჯი მესხიშვილი, რომელიც ფიროსმანს დახატულიც ჰყავს, ამბობს, ნიკალას ვალი ეჯავრებოდა, მის კოსტუმს კი ჯიბე არა ჰქონდაო, ე.ი. რასაც ჩააგდებდი იმ წუთში ვარდებოდა და ჩაგდებას კიდევ არ განებებდაო. ამიტომ მისი ჰონორარი საჭმელი იყო და სასმელი იყოო. ყოფილა, რომ ნაჩუქარი ფული ფიროსმანს მათხოვრებისთვის დაურიგებია.

ფიროსმანი ხან იკარგებოდა, ხანაც გამოჩნდებოდა. ხშირად ის თავად ჩამოივლიდა დუქნებს შეკითხვით, რამე ხომ არ დაგიხატოთო, ხშირადაც უნდა გეძებნათ. თუმცა, მედუქნეებმა იცოდნენ მისი საყვარელი ადგილები.

თბილისში ვერ იპოვიდი სხვა ისეთ მხატვარს, რომელსაც ერთი მათლაფა ხარჩოს და ბოთლი არაყის საფასურად  დაეხატა რაღაც.

ფიროსმანის გარეგნობაც კი იმ დროის ძველ ქალაქში შეკითხვებს ბადებდა.

იგივე ბეგო, რომელიც 4-5 წელიწადს პატრონობდა ფიროსმანს და მისთვის ტანსაცმელსაც კი ყიდულობდა, გვიამბობს, რომ ნიკალასთვის სამოსის შერჩევა ძალიან ძნელი იყო.

ფიროსმანმა ყოველთვის დახვეწილი ტანისამოსის არჩევა იცოდა და უნდოდა, რომ თავისი მეგობარი მედუქნე-ხელოსნებისგან გამორჩეული იერისა ყოფილიყო. იმავდროულად, ხშირად ფიროსმანს ეცვა ძველი და ჩამოძენძილი ტანსაცმელი, მაგრამ ეს ძველმანები უხდებოდა, კარგად ედგა ტანზე და ვერც იტყოდი, რომ ეს კაცი მაწანწალაა, თუმცა, სამოსი კი მაწანწალისა ეცვა.

დავანახებდი ხოლმე, ძალიან იაფ, ოღონდ ყარაჩოღლურ სამოსს და თავს გააქნევდა, ჩემი არ არისო, იხსენებს ბეგო.

ერთხელ ვიღაცამ ხუმრობით თბილისელ მედუქნეთა და ხელოსანთა (ყარაჩოხელთა) სამოსის ტრადიციული ატრიბუტი, ბაღდადი გადაკიდა მხარზე და ნიკალამ ბრაზით მოიშორა: არა ვარ ყარაჩოხელი და თქვენნაირი არა ვარო.

ამ სიტყვებს ფიროსმანი ხშირად ამბობდა ხოლმე მეგობართა წრეში.

ერთი საკვირველება ისიც არის, რომ მედუქნეების და ყარაჩოხელების წრეში ის ამბობდა, რომ ტანსაცმელს მნიშვნელობა არა აქვს. ხშირად ფეხსაცმელიც არ ჰქონდა ისეთი, რომ თავისუფლად ევლო ქუჩაში. მაგრამ როგორც კი ერთი-ორჯერ მოხვდა ევროპული თბილისის მხატვართა წრეში, თქვა, მერიდება აქ ყოფნა, შესაფერისად არ მაცვიაო.

როცა პირველად მიიყვანეს მხატვართა ასოციაციაში, დახმარების სახით ათი მანეთი მიუძღვნეს. ალბათ, შესაფერისი სამოსის ყიდვაც იგულისხმებოდა. მან რამდენიმე დღეში უზარმაზარი ტილო მიიტანა საჩუქრად, თქვენ რომ თუმანი მომეცით, იმით საღებავები ვიყიდე და აი, ეს ნახატი დაგიხატეთო.

იმ დროის თბილისში ღარიბი კაცისთვის ცხოვრება ძალიან ძნელი და აუტანელი არ იყო, თუ მას მეგობრები ჰყავდა. მეგობარი თავს გაგატანინებდა და შიმშილს არ გაგრძნობინებდა.

ფიროსმანს არ ჰქონდა სახლი, არ ჰქონდა ფული, არ ჰქონდა ვალი. ამის მიუხედავად, მედუქნეებმა "გრაფი" დაარქვეს.

ეს არ იყო მხოლოდ დამცინავი მეტსახელი. ირონიის უკან მის იერი და ღირსება იდგა: სიღარიბეს ფიროსმანი  არად აგდებდა.

თბილისში ვერ იპოვიდი სხვა ისეთ მხატვარს, რომელსაც ერთი მათლაფა ხარჩოს და ბოთლი არაყის საფასურად  დაეხატა რაღაც და ასეთი მათხოვრული გარიგების დროს, ღირსება შეენარჩუნებინა. მეტიც, შემოეტია კიდეც თავისი ღირსებით და განსაკუთრებულობით.

"გრაფი" ალბათ აქედანაც მომდინარეობს. თუმცა იქიდანაც, რომ ის თავის ხელობას სიამაყით უცქერდა. მდაბიო ხალხისთვის, მისი წრისთვის ეს გაუგებარი იყო.

როდესაც ნიკალას აღმომჩენმა, მიშელ ლე დანტიუმ, ფიროსმანის შესახებ რამდენიმე წერილი დაწერა უცხოეთში, ხოლო ძმებმა ზდანევიჩებმა მხატვარს ამის შესახებ უამბეს, ნიკალამ ამაყად გამოაცხადა მეგობართა წრეში, მე უკვე საფრანგეთშიაც მიცნობენო.

ნიკალას სიცოცხლეშივე მოეწყო მისი გამოფენა მოსკოვში, ზდანევიჩები კი მის უამრავ ნახატს ყიდულობდნენ და თბილისშიაც გამართეს მისი გამოფენა, ოღონდ ძველი ქალაქისათვის ამ ამბებს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა და ფიროსმანის სიამაყეც უფრო ახირებული ჩანდა, რასაც პასუხად ხითხითი მოჰყვებოდა ხოლმე. ამიტომ მას "გრაფი" ერქვა.

ფიროსმანი დუქნის დარბაზის კუთხეში მჯდომი ხატავდა ხოლმე, უვარგის სინათლეში. იქ ყოველთვის ბევრი მოქეიფე იყო, ხმაური, არღნის ხმა (რომელიც, სხვათა შორის, მოსწონდა), ხშირი გადაპატიჟებები. სანამ ამას აიკრძალავდა, ფიროსმანს ყოველ სუფრასთან მისვლა და იქ თითო ჭიქის გამოცლა უწევდა.

ზაფხულობით საერთოდაც ადრე დგებოდა: 6 საათიდან დაიწყებდა მუშაობას  და საღამოსთვის რამდენიმე ნახატს უმთავრებდა ხოლმე მედუქნეებს. შეიძლება ითქვას, სამუშაო დღის ბოლოს ის დაქანცული და მთვრალი იყო და იქავე, დუქნის უკანა ოთახში  იძინებდა.

სიცოცხლის ბოლო წლებში ფიროსმანი ლოთი იყო.

მაგრამ ის არ თვრებოდა. ლოთები არ თვრებიან. მათ არაყი სიცოცხლისათვის სჭირდებათ.

შემორჩა მისი გამონათქვამი, რომელსაც ხატვის დროს წამოისროდა ხოლმე: ბეგო, ბიჭო, არაყი მომაშველე!