პროექტი განსაბჭოება
view counter

ბლოგის ბოლო ჩანაწერები

მაგდა კალანდაძე
სანდრო ნავერიანი
მაგდა კალანდაძე

უახლესი კომენტარები

6 სექტემბერი, 2010 - 20:52
6 სექტემბერი, 2010 - 12:47
3 სექტემბერი, 2010 - 16:01
Tom
3 სექტემბერი, 2010 - 04:24
31 აგვისტო, 2010 - 00:09
ისტორიები

მოთქმა თავ-ბოლო ერთი - გიორგი კეკელიძე

ფოტო: მარიკა ქოჩიაშვილი
პოეტია, ახალგაზრდა ლაურეატი-პოეტი. 25 წლისაა და ძალიან აღიზიანებს, როცა "ახალგაზრდა პოეტად" მოიხსენიებენ. ნამდვილად არის რაღაც გამაღიზიანებელი ასეთ ფორმულირებაში, მაგრამ რას ვიზამთ, მართლა ახალგაზრდაა და მართლა პოეტი. ეს ორი ფაქტი უტყუარია. დანარჩენი კი მითია, რომელსაც, როგორც გიორგი ამბობს, ჯერ გაუთავებლად ქმნის თვითონ და მერე ცდილობს, წარმატებით გაყიდოს. თუმცა, კი წუწუნებს, - "გაყიდვის არეალი" არც ისე ფართოაო, - მაგრამ თან ამტკიცებს, - წუწუნი და მოთქმა არ მიყვარს, ჩემი სტილი არ არისო. გიორგის უსმენ და ცდილობ დაიჯერო, რომ ამბიცია, რომელიც ქართულ კონტექსტში ლამის სალანძღავ სიტყვად ითვლება, თურმე არც ისე ცუდი რამაა. მე პირადად არც მოთქმა-წუწუნში ვხედავ რაიმე საჩოთიროს, ასე რომ, ყველაფერს, რაც გიორგიმ მიამბო, პირობითად "მოთქმებად" დავყოფ. მანამდე კი, ოთხი ფაქტი შესავლის ნაცვლად:

1. უყვარს ფეხბურთი და თან იმდენად, რომ ლამის ზოდიაქოს ნიშნად აქვს "მანჩესტერ იუნაიტედი" - თუ გუნდი წააგებს, კვირა დაღუპულია, საქმეები ცუდად მიდის და პირიქით. ეს იმ კატეგორიის ცრურწმენაა, რომელზეც რაციონალურად დაფიქრებისას ეცინება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მაფრთხილებს, ბოლო თამაში "მანჩესტერმა" "ასტონ ვილასთან" წააგო და ფრთხილად იყავი, ინტერვიუ ცუდი გამოვაო.

2. ადრეც უმუშავია და ახლაც მუშაობს ციხეებში - ჯერ რუსთავის #1 კოლონიაში, ზრდასრულ პატიმრებთან, ახლა კი მოზარდებთან. პროფესიით ფილოლოგი ასწავლის ლიტერატურას და მიაჩნია, რომ ციხეებში მუშაობის გამოცდილება მისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი რამაა, რაც კი ცხოვრებაში გაუკეთებია.

3. მეგობრებთან ერთად დააფუძნა და დღემდე მართავს ქართულ ელექტრონულ ბიბლიოთეკას www.lib.ge, რომელიც სულ უფრო მზარდი პოპულარობით სარგებლობს. ამ საქმეში ფული არ ყრია, მაგრამ კეთილი საქმეა და სიამოვნებს. თუმცაკი, ბოლომდე კმაყოფილი არ არის მიღწეული შედეგით და არც იმაზე იტყოდა უარს, ვინმე კეთილი სპონსორი თუ წააშველებდა ბიბლიოთეკის განვითარებას ხელს.

4. ამბობს, ვინმემ ძალიან ბევრი ფული რომ შემომთავაზოს, ამწუთას უარს ვიტყოდი პოეტობაზე და პირობას დავდებდი, რომ ლექსს არასოდეს დავწერდიო (თანხის დასახელებისგან შეგნებულად ვიკავებ თავს; დაინტერესებულებმა, თუკი ასეთები გამოჩნდებიან, თავად გაარკვიონ თანხაც და განაცხადის სერიოზულობაც).

მოთქმა ოდებსა და ხის სახლებზე

2009 წლის ივნისში, საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში მისმა კრებულმა "ოდები", საქართველოში (ჯერჯერობით) ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემია, "საბა" დაიმსახურა (პრიზი კიდევ ერთ დებიუტანტ პოეტთან და თან თავის მეგობარ დიანა ანფიმიადისთან გაუყვეს). ერთ-ერთ ქართულ ონლაინ საინფორმაციო სააგენტოს საოცარი შეცდომა მოუვიდა ამ ფაქტთან დაკავშირებით: დაჯილდოების ცერემონიის შესახებ სტატიის ინგლისურ თარგმანში ეწერა, რომ გიორგი კეკელიძემ "საბა" დაიმსახურა კრებულისთვის Wooden Houses. (ხის სახლები, ინგლ.) როგორც ჩანს, ქართველი პოეტის, მით უმეტეს - გურულის, გაიგივება კლასიკურ ბერძნულ სახოტბო ლექსთან გაცილებით რთული აღმოჩნდა რიგითი ჟურნალისტისთვის და სათაურში გამოტანილი სიტყვა გურულ ოდებს დაუკავშირა. კარგი საბაბია გურიაში გატარებული ბავშვობის გასახსენებლად:

"დავიბადე 1984 წელს ქალაქად წოდებულ ოზურგეთში, ამ წუთას ქალაქი აღარ არის, მაშინ ქალაქი იყო - მახარაძე. ლეგენდების თანახმად, რაღაი მითური უნდა იყოს ჩვენი საუბარი, პირველი ლექსი დავწერე 3 წლისამ, თუმცა ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ბებიაჩემის დაწერილია. მეპარებოდა, და ახლა დარწმუნებული ვარ. ორ მამიდაჩემს და ერთ ბიძაჩემს თუ ხალხად ჩავთვლით, სახალხო მთქმელი გამოვდივარ, რადგან 3 წლისამ წერა ჯერ არ ვიცოდი. აი, ლექსიც:

"ჭრიჭინა და წვიმა მიყვარს,

ქარია და ქარი.

ბავშვებო, არ გამოხვიდეთ,

არ გააღოთ კარი".

 

ეს ერთადერთი საკუთარი (?) ლექსია, რომელიც გიორგიმ უშეცდომოდ იცის ზეპირად. დანარჩენების გახსენება გამიჭირდება, ყოველ შემთხვევაში, ისე არ ვიცი, რომ საღამოებზე ხმამაღლა წავიკითხო, თუმცა, ინტიმურ გარემოში, მაგალითად, ლოგინში ყველაზე კარგად მახსოვს ჩემი ლექსებიო. არადა, მასაც ეუბნებოდნენ მთელი ბავშვობა, - პოეტი აბა, რა პოეტია, თავისი ლექსები ზეპირად თუ არ იცისო. პოეზიასთან პირველი შეხება ადრეულ ბავშვობაში:

"პირველი ლექსი, რაც ვისწავლე, თუ არ ვცდები, უნდა ყოფილიყო მურმან ლებანიძის "ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო". მეორე ალბათ იყო "შენ სისხლო ჩემო, სად არ დაღვრილო" მუხრან მაჭავარიანის, მესამე ალბათ ანა კალანდაძის "მოდიოდა ნინო მთებით" (კინაღამ პირიქით ვთქვი, წმინდა ნინოს "მოდიოდა ანა მთებით"). ჩემი მშობლები მე ამას მასწავლიდნენ. ისინი თვლიდნენ, რომ ეს იყო პოეზიის საუკეთესო ნიმუშები, მაგრამ ისინი სხვა რამესაც მასწავლიდნენ, რომლის ანალიზიც გაცილებით გვიან მოვახდინე და ვთქვი, რომ ეს არ არის კარგი და გადავირჩიე რაღაცები, თუმცა ნაწილი მათი ბუნებრივია "დავიტოვე"."

 

გიორგის, ჩემგან განსხვავებით, არ ეჩვენება ტრაგიკულად ბავშვებისთვის პოეზიის სწავლების დეკლამაციურ-პათეტიკური სტილი. ვიხსენებ საკუთარ მაგალითს, როგორ შემაძულეს სკოლაში გრიგოლ ორბელიანი და რამდენი წელი დამჭირდა მისი პოეზიისადმი ინტერესის დასაბრუნებლად.

"მეთოდები, რომლებიც არსებობს და რომლებიც თავს მოგვახვია საბჭოთა პერიოდის პედაგოგიკამ და მეთოდიკამ, რა თქმა უნდა, არ არის მისაღები, თუნდაც იმიტომ, რომ ისინი გარკვეულ შაბლონს აწესებდნენ და მერე ამას მასწავლებლების უმეტესობა ითვისებდა. მაგრამ მე, როგორც "რადიკალი მემარჯვენე", ვფიქრობ, რომ შენი შემთხვევა არის კლასიკური მაგალითი იმისა, რომ ადამიანების მხოლოდ ნაწილს უნდა უყვარდეს პოეზია და ეს თავისით უნდა გააცნობიეროს. რადიკალური მემარჯვენე ბრჭყალებში და ირონიით იმიტომ ვთქვი, როგორც ამ შემთხვევაში განყენებული ადამიანისთვის და არა როგორც პედაგოგისთვის, რომელიც მოწოდებულია საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, უფრო უპრიანია, რაც მეტი იქნება ეგეთი მასწავლებელი და რაც უფრო შეაძულებს ბავშვებს, რომლებიც მერე თავისით მიაკითხავენ პოეზიას, მით უკეთესი. უკურეაქციას გამოიწვევს იმიტომ, რომ პოეზიისადმი სიყვარული ზუსტად ისეთივეა, როგორც პოეტობა. ერთი ჩინური საინტერესო ამბავია: იმპერატორმა მოიკითხა რამდენი პოეტი იყო ქვეყანაში. უთხრეს, რომ არის 15007. მომიყვანეთ ყველანიო, მოიყვანეს. იმპერატორმა თქვა, - ახლა მე უნდა გამოვცე კანონი, რომლის მიხედვითაც პოეტობა დასჯადი იქნებაო. ბუნებრივია, ხალხს შეეშინდა. დარჩა ათასი პოეტი, რომელთაც უარი არ თქვეს პოეტობაზე. მომიყვანეთ ეს ათასი პოეტიო. მოუყვანეს, იმპერატორმა უთხრა: თქვენ დღეიდან გეძლევათ სრული ფუფუნება, ძალიან კარგი ცხოვრება... და მხოლოდ ერთმა კაცმა გააგრძელა ლექსების წერა. არ მინდა, რომ პოეზიის საკრალური მითის მომხრე გამოვჩნდე, მაგრამ იმდენად ელიტური ამბავია, რომ ჯობია დარჩეს ერთი, რაც უნდა საცდურები შეხვდეს, ვიდრე მასობრივად ყველას უყვარდეს მაგალითად ელიოტი.  რატომ უნდა გავიგოთ სხვანაირად, მაგალითად, "ჩემს დას, ეფემიას", რა საჭიროა? ნუ გაიგებენ, გახდნენ მათემატიკოსები, თუ მოეწონებათ ისედაც მოეწონებათ. მე ვლაპარაკობ, როგორც მე. განათლების სამინისტროში რომ იაკობ გოგებაშვილის პროექტის წარმომადგენელი ვიყო, მაშინ სხვანაირად დაგელაპარაკებოდი".

 

პოეზიის ელიტურობასა და სნობიზმზე

პრემირებული წიგნის, "ოდების" პირველად წაკითხვისას ძალიან მეხამუშა მასში ჩართული ე.წ. "მარგინალიები", სადაც ქართული ჰუმანიტარული აზრის ზეპურნი მამანი (ასე მაგალითად, ზ.შათირიშვილი, ლ.ბრეგაძე, ლ.ბერძენიშვილი, ზ. კიკნაძე, გ.ალხაზიშვილი და სხვანი) ავტორის ქებაში ერთმანეთს ეცილებიან, - შენ ჩადი და მე ამოვალო. რადგან მეხამუშა, ავდექი და მოურიდებლად ვკითხე, - არ მოგერიდა-მეთქი?

"ეს იყო ერთ-ერთი ჩვეულებრივი გათვლა სნობური მიდგომის მკითხველზე, რომელმაც გარკვეულწილად გაამართლა, იმიტომ, რომ ვიღაცები აიძულა, ჩემი წიგნი წაეკითხათ. ძალიან გულწრფელად ვამბობ ამას, მავანი შეიძლება გააღიზიანა კიდეც და მეც რომ ვყოფილიყავი, გავღიზიანდებოდი. ჯერ ერთი, აბსოლუტურად სხვადასხვა გემოვნების მქონე ავტორების მარგინალიებია და მეორეც - ერთი კონტექსტიდან ამოვარდნილი ჩანს. მე ეს წიგნი აღარ მომწონს, ეს ალბათ ყველა პოეტის და მწერლის თვისებაა, როცა წინა ნაწარმოები არ მოსწონთ. აქ ორიგინალური ვერ ვიქნები, მაგრამ წიგნმა მაინც გაამართლა და ამას მოწმობს თუნდაც ის პრემიები, რაც მან დაიმსახურა. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე სადაც არის გასული, იქ მომგებიანი გათვლა გამოდგა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მკითხველთა ეს წრე უკიდურესად ვიწროა და ძირითადად ლიტერატორებით შემოიფარგლება. სამწუხაროდ, ეს არ არის ჩოხატაურის ან სხვა რეგიონების საზოგადოება. მასობრივი ამ ფორმით რამდენად გახდებოდა არ ვიცი, მაგრამ როგორ უნდა გახდეს დღეს პოეზია მასობრივი, თუნდაც იმ ტრივიალური მიზეზის გამო, რომ წიგნის ტირაჟი 200 ეგზემპლარია? აქედან ალბათ, 100 თუ გაიყიდა და ისიც, "საბას" შემდეგ, მანამდე არც არაფერი იყიდებოდა.

 

პოეზიის, როგორც საგამომცემლო პროდუქტის არარენტაბელურობაზე წუწუნი საქართველოში უკიდურესად პოპულარულია, თუმცა, გიორგიც მეთანხმება, რომ ამ მხრივ საქართველო ნამდვილად არაა გამონაკლისი.

"საქართველო, ძირითადად, არც ერთ შემთხვევაში არ არის გამონაკლისი. საერთოდ რატომ არის აუცილებელი, ყველას უყვარდეს პოეზია, რა საჭიროა ეს? მე ვფიქრობ, სკოლებში სწავლება უნდა იყოს გაცნობითი ხასიათის და უნდა მოექცეს კიდეც მეტ-ნაკლებად არსებულ კლიშეებში. შეიძლება რაღაც ფორმები მიუღებელია, მაგრამ ვერაფრით ვერ დავაძალებთ მასწავლებელსაც და მოსწავლესაც, რომ ყველამ ერთნაირად აუხსნას ან ყველამ ერთნაირად გაიგოს პოეზია. დარწმუნებული ვარ, რომ პოეზია უნდა იყოს ელიტური; ისევე, როგორც სხვა სახელოვნებო დარგები".

 

ვიდრე ამ სიტყვების გამო სნობიზმს დავაბრალებდი, უარესი მომაფიქრდა: ასეთი მიდგომით გამოდის, რომ პოპულარობის მიღწევასაც არ უნდა ცდილობდეს პოეტი? მაშინ რაღა საჭიროა ამდენი ლაპარაკი მარკეტინგულ ხრიკებზე, როგორ უკეთ შევფუთოთ და გავყიდოთ ჩვენი "ნაწარმი"?

"როცა ვთქვი, პოეზია ელიტური უნდა იყოს-მეთქი, ვიგულისხმე აბსოლუტურად სხვა რამ. ძალიან გამიხარდება, თუ შემიტანენ სახელმძღვანელოებში, მიმაწერენ მაცივრებზე და ა.შ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ 90 პროცენტი ვერ გაიგებს. უბრალოდ, ეს ადამიანები არ არიან ამის რეციპიენტები პირდაპირი გაგებით. მაგრამ, ჩემთვის სრულიად მისაღებია ასეთი ფორმულა - პოეტი იყოს ძალიან პოპულარული, ლექსები უბრალოდ ცნობილი იყოს, თუნდაც სათაურებით, მაგრამ იგებდეს ძალიან მცირე ნაწილი. ეს ასეც იქნება და თუ მე ამ ფორმულას განვახორციელებ ჩემ თავზე, ძალიან ბედნიერი არ ვიცი რამდენად ვიქნები, მაგრამ ერთი მიზანი მიღწეული მექნება. ანუ ის კი არ ვიგულისხმე, რომ ვინმეს აწყენს პოპულარობა, იკითხონ, თქვან ზეპირად, მაგრამ ვერ გაიგებენ, წარმოუდგენელია.

არაპოპულარული რამე უნდა ვთქვა: როცა ფეისბუქზე ლექსებს ვდებ და ვთაგავ, დარწმუნებული ვარ, რომ  დაახლოებით 10 ადამიანს შეიძლება მართლა მოეწონოს (ერთი დეიდაჩემია, ვინც "ალაიქებს", ეგ არ ითვლება), დანარჩენებს კი იმიტომ მოსწონთ, რომ უნდა მოსწონდეთ.

 

გინდა თქვა, რომ ბრენდი შექმენი?

ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, თუ გავითვალისწინებთ მასშტაბებს, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს გამიზნულად გავაკეთე. ამ "ბრენდის" შექმნას დასჭირდა სრულიად არაპოეტური ანუ მარკეტინგული ხერხები. არ ვგულისხმობ, რომ სუპერ დესაკრალიზირებული ვარ და ამ ლექსებსაც ასეთივე განწყობით ვწერ, რა განწყობასაც მარკეტინგის მენეჯმენტი ითვალისწინებს. უბრალოდ ვამბობ შეფუთვის თვალსაზრისით. ის, რომ მე რაღაც წრეებში, სადაც პოეზიას კითხულობენ (ნამდვილად ვერ ვიტყვი, მთელს საქართველოში-მეთქი), ვარ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოეტი, მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების სნობური განწყობილების ამსახველია. მეტი არაფერი. საქართველოში ლექსი ყოველთვის იყო გარკვეულწილად მანერა და შეიძლება, იყო ეროვნული გლამურის რაღაც შემადგენელი ნაწილიც. XIX საუკუნეში ის იყო ერთ-ერთი უპირატესი ხელოვნება. კარგად მოგეხსენება, რომ თეატრი არ იყო წამყვან პოზიციებზე, ანუ იმ ტიპის სანახაობა, რომელიც შეიძლებოდა მაღალი საზოგადოებისთვის ყოფილიყო პირველი ვიოლინო, და ამიტომ თითქმის ყველა ნიშა, იქნებოდა ეს მაღალი საზოგადოების გართობის თუ პატრიოტული მოწოდებების, შეითავსა იმ სახელოვნებო დარგმა, რასაც პოეზია ერქვა. ყველაზე კარგად განვითარდა პოეზია და განვითარდა ისე, რომ მან მიიბა სხვა, არამარტო სახელოვნებო დარგები.

 

ხელოვანზე და ხელისუფლებაზე

სტანდარტული კითხვების დროც მოვიდა. როგორ გინდა, გაუძლო ცდუნებას და ახალგაზრდა ამბიციურ ადამიანს არ ჰკითხო, რას ფიქრობს ჟანგმოდებულ, მაგრამ მაინც მარადიულ თემაზე.

არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ერთ-ორ ლუკმას გადაუგდებენ ხელისუფლებას და სანაცვლოდ თავიანთი დიდი საქმის კეთების საშუალება ეძლევათ. ასევე არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ არასოდეს არ უნდა გადაუგდო ხელისუფლებას ორი ლუკმა, თუნდაც ეს შენ საქმეში ხელის შეშლად დაგიჯდეს. მეორე ვერსია გაცილებით რომანტიკული და მიმზიდველია, სიმართლე რომ გითხრა, მაგრამ მე პირადად მთლად ბოლომდე ვერ ვარ ჩამოყალიბებული, რომელი ჯობია. თუმცა, მგონი, არსებობს მესამე არჩევანი. ეს პირველი ორი ვარიანტი აქტუალურია იმ შემთხვევაში, როცა შენი პირველადი პროფესია არის პოეზია, ანუ, სოციალურად ხარ დამოკიდებული ამ საქმეზე. პრობლემა მაშინვე იხსნება, თუ სხვა პროფესია გაქვს. ამიტომ, მე თვითონაც მიმიღია მონაწილეობა ძალიან ბევრ უცნაურ საქმეში, მაგალითად, ჩავრთულვარ ტანსაცმლის ბიზნესში, წამიღია მანდარინი გასაყიდად აზერბაიჯანში მატარებლით. და არა იმიტომ, რომ ამ დილემაზე ვფიქრობდი იმ მომენტში, არამედ იმიტომ, რომ პირდაპირ მოცემულობად დავინახე, შემეჯახა ის, რომ მე ჩემი ლექსებით ფულს ვერ ვიშოვი. ეს არც ისე შორეულ წარსულში ხდებოდა. მერე უბრალოდ, ცხოვრებამ რაღაც სხვა შემოთავაზებები მოიტანა და ჩემი სოციალური ყოფა უფრო სტაბილური გახდა. მანამდე ალბათ, როგორც უმრავლესობა, მეც უკიდურესად ღარიბ ფენას მივეკუთვნებოდი. უფრო სწორად, თავის დროზე საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან ვარ, რომელიც 90-იან წლებში აბსოლუტურად გაღარიბდა. ვიღაცები თუ 80-90-იანი წლების თაობას "ემ-ტივის" თაობას ეძახდნენ, ჩვენთვის ეს იყო "პურის რიგის თაობა". ბავშვობის უმეტესი ნაწილი გავატარე პურის რიგში, იმის გამო, რომ ბავშვი ვიყავი და ადვილად ავიღებდი. კი არ ვწუწუნებ და ვტირი, უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ ამ მოცემულობით გადმოვბარგდი თბილისში და დავინახე, რომ ის საქმე, რომელიც მე თვითონ ყველაზე კარგად გამომდიოდა, ვერაფრით ვერ შემიქმნიდა სტაბილურ სოციალურ ფონს და მივმართე ბევრ სხვადასხვა საქმეს. დღესაც მზად ვარ, იგივე გავაკეთო. ასე რომ, ამ ორი არჩევანისგან თავის დასაღწევად, ჯობია, რაღაც სხვა საქმე აკეთო. წერისთვის დრო კი ყოველთვის დაგრჩება. წარმოუდგენელია, ვიღაცამ თქვას მათემატიკაში ვმოღვაწეობ და ამიტომ ლექსს ვეღარ დავწერო. ჩემთვის ეს წარმოუდგენელია.

slavoi (შეუმოწმებელი), მარტი 1, 2010, 14:25:54

რატომ გადაწყვიტეთ რომ ზონტაგის ესე "ინტერპრეტაციის წინააღმდეგ" მხოლოდ კინოს ეხება? წაკითხული გააქვთ?