მხატვარი მაია ჩაჩავა, თხუთმეტი წელიწადია, ამერიკაში ცხოვრობს. როგორც თვითონ ამბობს, თავს ემიგრანტად არ მიიჩნევს. ბევრი ემიგრანტივით მასაც ენატრება სამშობლო, მაგრამ ამ მონატრებას ნოსტალგიას არ უწოდებს და საერთოდ, ამაზე ბევრს არც ლაპარაკობს. მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო ჩიკაგოში, სიეტლში, სან-ფრანცისკოში, ნიუ-იორკში... ნოემბერში, ვაშინგტონის შტატში, ქალაქ იაკიმაში LARSON GALLERY-ში სხვადასხვა ჟანრში მომუშავე ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა, სადაც მაკას სამი ნამუშევარი გამოიფინა: "დედა", "ნატვრის ხე" და "გედია". ხოლო იანვარში, სიეტლის Gallery One მაიას ორ სურათს - "შვილი" და MASTER უმასპინძლებს. მხატვრის რიგით 56-ე გამოფენა თბილისში, გალერეა "შარდენში" გაიმართა და ქართველ დამთვალიერებელს მაიას ნამუშევრების ნახვა, მათი შეფასების შესაძლებლობა მიეცა. მაია ჩაჩავა: "საიდუმლოება უნდა იყოს ყველაფერში, განსაკუთრებით, ხელოვნებაში. არც ადამიანია საინტერესო, იდუმალების გარეშე. თუნდაც ის ბროწეული, ჰო, ალბათ ავტოპორტრეტია, ყოველ შემთხვევაში, მე ასე დავინახე ჩემი თავი. ბროწეული ხომ ისეთი ხილია, რომელიც საიდუმლოებით არის სავსე, გგონია, გახსნი და შუა გულში ნატვრის თვალს აღმოაჩენ. ქაოსში ფიგურებს ვხედავ, ხშირად ორი-სამი ფერი მქონია და ისე დამიხატავს. აი, ეს ჩიტი ბროწეულისკენ მიფრინავს. ამ ტატუს გავლენით (და მკლავზე ულამაზესი ფერადი ჩიტის ფიგურას მიჩვენებს) მინდოდა დამეხატა, თავიდან არაფერი გამომდიოდა, მერე მივხვდი, რომ ის უნდა გაფრენილიყო და ყველაფერი თავის ადგილზე დამილაგდა. ნოსტალგია? ნოსტალგია მაქვს წარსულზე, არშემდგარ სიყვარულზე, იმ შეხვედრებზე, რომელიც არ განვითარდა. სწორედ ეს ნოსტალგია არის ჩემს ნახატებში. შენც ალბათ ეს დაინახე".
მაგდა კალანდაძე
სანდრო ნავერიანი
ანა მაყაშვილი
მაგდა კალანდაძე
მაკა მიქელაძე













