"Мне нравится, что вы больны не мной,
Мне нравится, что я больна не вами,
Что тяжелый шар земной,
Не уплывет под нашеми ногами"...
ძალიან კარგი თარგმანი იყო და ისეთ ხასიათზე დავდექი, ერთი პირობა გადავწყვიტე ჩემი წერილის ნაცვლად, ამ თარგმანის წაკითხვის ბედნიერებას მივცემ ჩვენს მკითხველს - მეთქი. მაგრამ აბა, პრაგმატულობამ მძლია და ცვეტაევა ამჯერად ვერ მოხვდა ჩვენი ჟურნალის ფურცლებზე. თუმცა, პირობას გაძლევთ, რომ ამ ლექსს შემდეგ ნომერში აუცილებლად იხილავთ.
ამჯერად "ცხელი შოკოლადი" გუგა კოტეტიშვილთან გეპატიჟებათ სტუმრად. წარმოიდგინეთ, კედლებმორღვეული ოთხოთახიანი სახლი, სადაც ყველა ნივთი, კუთხე თუ კუნჭული შემოქმედებითობით სუნთქავს. მერე წარმოიდგინეთ, რომ ამ სივრცეში, სამი თაობის შემოქმედები ცხოვრობენ. ბატონი ვახუშტი, გუგა და ტატო. ბატონი ვახუშტის ცვეტაევას აკი უკვე დაგპირდით. მაგრამ ასევე გპირდებით, რომ შემდეგ საახალწლო ნომერში ტატოს ჰიმალაებში გადაღებულ ფოტოებსაც იხილავთ და მიხვდებით, რატომ ვერ ასრულებს ამ ნომერში "ცხელი შოკოლადი" კოტეტიშვილებთან სტუმრობას. აქვე გეტყვით, რომ შემდეგი ნომერი პირობითად "მაგარი ქალების" ნომერი იქნება. თუმცა მათი ვინაობის გამხელა ჯერ არ მინდა. კარგი სიურპრიზები არ გირჩევნიათ, ჩვენო საყვარელო მკითხველო?
შემდეგ ნომერშივე იხილავთ სპეცპროექტს "2006 წლის ადამიანები". ერთში ახლავე გამოგიტყდებით. ამ სპეცპროექტზე მუშაობისას არ გვიცდია ზედმიწევნით ობიექტურები ვყოფილიყავით. ჩვენთვის ნაკლებად საინტერესო იყო ვინ რამდენჯერ მოხვდა ტელეეთერში, ან ვისზე უფრო დიდი ჩოჩქოლი ატყდა ჩვენს პატარა ქალაქში. ჩვენ შევეცადეთ გვეხელმძღვანელა ზედსართავებით "ღირებული, ნოვატორული, ახალი, შინაარსიანი, პრინციპული". რამდენად თანმიმდევრულები ვიყავით ჩვენს შეფასებებში, თავად შეაფასეთ!
შემოდგომა ჯერ არ მიწურულა და "ცხელ შოკოლადშიც" გრძელდება ცვლილებები. გვყავს ახალი არტ-რედაქტორი, ნინო სლებჩენკო, რომელმაც თავის ხელი ჟურნალს უკვე ფუნდამენტურად დაატყო. ჩვენც დიდი სიამოვნებით დავექვემდებარეთ "ვიზუალის ახალ დიქტატს" - პროფესიონალთან მუშაობა ხომ დიდი სიამოვნება და კომფორტია!
ახალგაზრდა შემოქმედებო! გააქტიურდით! "ცხელი შოკოლადის" ახალგაზრდა შემოქმედთა კონკურსი "დებიუტი" 10 დეკემბრამდე გრძელდება. კონკურსში მონაწილეობის პირობებს ამ ნომერშიც იხილავთ. ასე რომ, ველით თქვენს ნამუშევრებს!
როგორც ხედავთ, ამ ნომრიდან ვიწყებთ თქვენი წერილების გამოქვეყნებას.
ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საქმიანობა სწორედ თქვენი წერილების კითხვაა. არ დაგვზარდეთ! შემოგვეხმიანეთ! ხომ გინდათ, რომ "ცხელი შოკოლადი" უფრო თქვენი იყოს?














