პროექტი განსაბჭოება
view counter

ბლოგის ბოლო ჩანაწერები

მაგდა კალანდაძე
სანდრო ნავერიანი
მაგდა კალანდაძე

უახლესი კომენტარები

Tom
3 სექტემბერი, 2010 - 04:24
2 სექტემბერი, 2010 - 04:41
31 აგვისტო, 2010 - 00:09
30 აგვისტო, 2010 - 06:42
ღია წერილი რუსეთის პატრიარქ კირილეს

იანვარი 23, 2010 ავტორი ირაკლი კაკაბაძე

რუსეთის პატრიარქი

პატივცემულო ბატონო კირილე,

მე ერთი უბრალო მორწმუნე კაცი გახლავართ, რომელიც ბავშვობაში აკრძალულ ეკლესიაში დადიოდა და რომელსაც ქრისტე ყოველთვის გაჭირვებულების მფარველი ეგონა.  და ახლაც ჰგონია.  უნდა გითხრათ სიმართლე რომ ჩემი ბავშვობის დიდი ნაწილი მოსკოვში მაქვს გატარებული, სადაც ახლო ნათესავები დღემდე მყავს და ჩემთვის რუსული კულტურა და ცხოვრების წესი ნამდვილად ახლობელია.  მიუხედავად იმისა რომ მე თვითონ ვიყავი ჩაბმული ქართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, არასდროს მიფიქრია რომ რუსეთის დაკარგვა შეიძლებოდა.

მე მახსოვს ის მოსკოვი, სადაც ჰუმანიზმი ჯერ კიდევ ფუნდამენტალიზმზე მაღლა იდგა. მე მახსოვს ის რუსეთი, სადაც ვისოცკი, ოკუჯავა, ბროდსკი და ბევრი მათი თანამედროვე გამორჩეულ სულიერებას ქმნიდა.  მქონდა ბედნიერება პირადად მცნობოდა ბელა ახმადულინა, რომელიც ხშირად ჩამოდიოდა ჩვენთან საქართველოში.  გამოგიტყდებით და დღესაც ძალიან მიყვარს რუსეთი, მიუხედავად იმისა რომ თქვენი ქვეყანა 200 წელი დამყრობელი იყო ჩემს სამშობლოში და სულ რაღაც წელიწადნახევრის წინ კიდევ ერთი აგრესია განახორციელა.   მე მუდამ მზად ვარ პირდაპირ დაველაპარაკო დეკაბრისტების და ბელინსკის თანამემამულეებს და ბევრი რამეც ვისწავლო გოგოლის ერისაგან.  მე დღესაც მჯერა რომ რუსეთში არიან დეკაბრისტების თანამზრახველები და ისეთი ადამიანები, რომლებიც გაჭირვეულებს თანაუგრძნობენ.

მე თეოლოგი არ გახლავართ და მით უმეტეს არც სამღვდელო პირი და არც მაქვს ამაზე პრეტენზია.  მაგრამ, ჩემთვის როგორც მართლმადიდებლისათვის ქრისტიანობა იმით არის ძვირფასი, რომ ღმერთი გაჭირვებულ და დავრდომილ ადამიანებზე ზრუნავს და თანაგრძნობის მაგალითს იძლევა.   თქვენი გამონათქვამი ჰაიტიზე დატრიალებული უბედურების შესახებ მხოლოდ ყველაზე ცუდ გრძნობებს აღვიძებს.  თითქოს ჰაიტელი ადამიანები, რომლებიც ამ ტრაგიკულ ბუნებრივ უბედურებას შეეწირენ, საკუთარი ცხოვრებით ამას იმსახურებდნენ.  თქვენი მსგავსი შეფასებები გააკეთეს ცნობილმა ამერიკელმა ფუნდამენტალისტებმა რაშ ლიმბომ და პატრიკ რობერტსონმა.

ღრმად პატივცემულო ბატონო პატრიარქო, განა იმ ერის სულიერ მოძღვარს, რომელიც ფაშისტურ გერმანიას ებრძოდა ეკადრება, რიგითი კუ-კლუქს-კლანელის ტერმინებით ლაპარაკი ამხელა უბედურებაზე?  რას იფიქრებენ ის გაჭირვებული ადამიანები რომლებიც ღმერთის იმედზე არიან?  ნუთუ თქვენ ფიქრობთ რომ სიღატაკე და "განუვითარებლობა" ასეთი მძიმე ცოდვაა რომ ღმერთი ამისათვის მიწისძვრებით სჯის ადამიანებს?

არ ვიცი რამ შექმნა თქვენი ასეთი წარმოდგენა ეკონომიკურ "განვითარებაზე" და ეჭვი მაქვს რომ არ იცით რომ დღევანდელ მსოფლიოში მილიონიბით, შეიძლება მილიარდობით ადამიანსაც უბრალოდ არ ეძლევა ასეთი "განვითარების" საშუალება.  თქვენ ალბათ სულ "ახალი რუსების", ახალი ნუვორიში რუსული ბურჟუაზიის გარემოცვაში ტრიალებთ, რომელიც საკუთარი ცოდვების გამოსყიდვისათვის უხვად იხდის ინდულგენციებს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული რომ თქვენივე ქვეყანაში გყავთ ნანახი ის მილიონობით გაჭირვებული, რომელიც თურმე "განუვითარებელია".

მე თავს მართლმადიდებლად მივიჩნევ და მწამს რომ ღმერთი პირველ რიგში გაჭირვებულზე ზრუნავს.  ისიც მწამს რომ ქრისტემ ტაძარში სავაჭრო ფარდულები დაანგრია.  და იმისაც ღრმად მჯერა რომ მთელი სამყარო ღმერთის ტაძარია და ღარიბი არანაკლებ იმსახურებს სამოთხეს ვიდრე მდიდარი.

მე მართლმადიდებლად მივიჩნევ თავს და პირდაპირ გეტყვით რომ ძალიან მიყვარს რუსი ერის ერთ-ერთი უდიდესი შვილი ლევ ტოლსტოი.  მე ვაჟა ფშაველას "სტუმარ მასპინძელთან" ერთად ლევ ტოლსტოის "მამა სერგი" მახსოვს ჩემი ბავშვობიდან.   ჩემი ერთ-ერთი მთავარი ოცნებაა რომ მსოფლიოს ამ ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნის ძეგლი დაიდგას თბილისში - ისეთი როგორიც მას ეკადრება.  ტოლსტოი იყო ის დიდი მოაზროვნე და ადამიანი, რომელმაც კარგად იცოდა რომ ღმერთი არ არის დერჟიმორდა იმპერიალიზმის მომხრე და ხელშემწყობი,  რომ ყველანაირი "პატრიოტიზმი" და შოვინიზმი ანტი-ქრისტიანული და ანტი-ჰუმანური მოვლენაა.

მეც მინდა რომ ჩემი ერიც განთავისუფლდეს ამ დაავადებისაგან.  მაგრამ, ჩვენ ამას ვერ მოვახერხებთ თუ ამას ჩვენი მეზობელი არ გააკეთებს.  მე მინდა რომ რუსეთი დაბრუნდეს საქართველოში, ოღონდ არა დამპრობელი ჯარისკაცების რუსეთი, არამედ ლევ ტოლსტოის რუსეთი, მის ძეგლთან ერთად.  ტოლსტოის საქართველოშიაც აქვს გატარებული დრო და ის საქართველოსაც ეკუთვნის.

ისიც მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ ის ღმერთი რომელიც სხვა ერების დამონებას სცნობს და ლევ ტოლსტოის არ სცნობს, ჩემი ღმერთი არ არის.  ის ღმერთი, რომელიც ქართველ სტალინს აყენებს რუს ბროდსკიზე ზემოთ ჩემი ღმერთი არ არის.  და მე ღრმად მწამს რომ ის არც იესო ქრისტეს მამაა.  ქრისტეს მამას ყველა ადამიანი უყვარს, განურჩევლად მისი რასისა თუ ეროვნული კუთვნილებისა.  იმისაც მჯერა რომ "ძე კაცისა" სწორედ თქვენს მიერ სასიკვდილოდ განწირული "განუვითარებლების" დასახმარებლად მოვიდა ამ ქვეყანაზე პირველ რიგში.

მე მინდა რომ ქართველები და რუსები ნამდვილად შერიგდნენ, ოღონდ ყოველგვარი იმპერიალიზმის გარეშე.  მე მინდა რომ მეტი რუსი მოქალაქე ჩამოვიდეს საქართველოში, მაგრამ რუსი ჯარისკაცების გარეშე.   მე მინდა რომ სულიერი კავშირი აღდგეს და არა მომხმარებლური კავშირი.  ჩვენ ეს შეგვიძლია გავაკეთოთ.  მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ უარს ვიტყვით რასიზმზე და იმპერიალიზმზე.  ამას მე თქვენთან ერთად საკუთარ თავსაც ვეუბნები.

ღრმად პატივცემულო ბატონო კირილე, მინდა გთხოვოთ რომ ბოდიში მოუხადოთ ჰაიტის გაუბედურებულ მოსახლეობას.  ეს შავკანიანების პირველი რესპუბლიკაა, რომელიც აღდგა მონობის წინააღმდეგ და ნამდვილად არ იმსახურებს ასეთ ეპითეტებს ერთ-ერთი თეთრკანიანი იმპერიის თანამდებობის პირისაგან.

და ბოლოს, პატივცემულო ბატონო კირილე, როგორც უბრალო მართლმადიდებელმა მინდა ვილოცო თქვენი სულის გადარჩენისათვის და ღმერთს შენდობა ვთხოვო.

tea (შეუმოწმებელი), ივნისი 30, 2010, 20:34:36

madloba irakli am statiistvis. "martlmadidebeli" patriarkis asetma gancxadebam guli momikla. aseti sachineleba daatkdes kvakans tavs da masze aseti komentari tan visgan, es urjuloebaze upro metkvelebs vidre morcmuneobasa tu martlmadideblobaze; maszea natkvami "sxvis tvalchi becvs ezebs da sakutar tvalchi dires ver xedavso" (imedia ar davamaxinje es cnobili fraza). tu misi msjelobidan gamovalt, ruseti zalian didi xnis gadachenebuli unda ikos am samkarodan ra ubedurebebsac egeni atrialeben tu taviant kvekanachi da tu sxvebis kveknebchi. jer marto lotoba rom avigot. am bolo monacemebit rusetis mosaxleoba 6 milionit chemcirda da mraval mizezta choris alkogolizmicaa dasaxelebuli. am chemcirebas kidev didi maschtabebit varaudoben. ase rom man gaamartla kartuli andaza "sxvisi tchiri gobes tchxirio"... kidev ertxel didi madloba irakli kakabadzes!!! vetanxmebi aset adamianebs, romlebic miugebels ar miigeben da satchiroa mati mxileba.

გენადი ბოტკოველლი (შეუმოწმებელი), ივნისი 29, 2010, 06:47:40

უცნაური კაცი ხარ ირაკლი.
მოდით, დიმიტრიყიფიანობანა ვითამაშოთ.
იმედია კირილე თავის წინამორბედივით არ მოიქცევა და ირაკლის სტავროპოლში არ გაგზავნიან. მერე რამე ცუდი არ მოხდება და ზურა რთველიაშვილი არ დაწერს მთაწმინდა ჩაფიქრებულაo.
ისტორია მეორდებაო. მაგრამ კი არ მეორდება, არ იცვლება საერთოდ. იდეები მარადიულია.

Anonymous (შეუმოწმებელი), თებერვალი 8, 2010, 20:56:38

da ra tqva aseti batonma kirilem iqneb zustad moiyvanos vinmem citata? ra konteqtshi tqva? ra tqva konkretulad.

solomon4444 (შეუმოწმებელი), იანვარი 28, 2010, 23:53:40

ეს კაცი თანაშემოქმედი კი არ არს რუსული ზრახვებისა, არამედ შემოქმედია და მასთან ამგვარი გასაუბრება კედელზე ცერცვის შეყრაა.
... მინდა დავიჯეროთ, რომ ამ ავხორც, წითელ იმპერიალისტებს გულს ვერასდროს მოვულბობთ, ვერც ტოლსტოის სიყვარულით და ვერც ვერა სხვა მსგავსი რიტორიკით. მოკლედ რომ ვთქვა, ეს წერილიც მოძველებული რიტორიკაა...

საბა (შეუმოწმებელი), იანვარი 25, 2010, 03:50:50

"...და ბოლოს: მიმართვა "ბატონო კირილე" !!! მორწმუნე კაცისგან დიდ რამეს ნიშნავს!!"

დიახ.

Salome Tsiskarishvili (შეუმოწმებელი), იანვარი 25, 2010, 01:09:31

მართლაც კარგი წერილია და მისი პათოსი სრულიად მისაღები და მისასალმებელია.
და მიუხედავად ამისა, მინდა ის გაგიზიაროთ, რაც თვალში მომხვდა..

დეკაბრისტები. მათი პატივისცემით ვიზრდებოდი, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ საქართველოს მიმართ მათ შემზარავი გეგმები ჰქონდათ.. საქართველო ქართველების გარეშე... "ნორმალური" იმპერიული მიდგომა..

ინდულგენციებს ყიდულობდნენ და არა - იხდიდნენ. სიგელი იყო, რომლითაც ცოდვების მიტევების გარანტიას ადასტურებდა ეკლესია.

რუსეთის ეკლესიის მიერ შეჩვენებული ლევ ტოლსტოის შესახებ "ჯიუტი" საუბარი სახალისოც კია :) სწორია, სწორი

და ბოლოს: მიმართვა "ბატონო კირილე" !!! მორწმუნე კაცისგან დიდ რამეს ნიშნავს!!

Salome Tsiskarishvili (შეუმოწმებელი), იანვარი 25, 2010, 01:09:29

მართლაც კარგი წერილია და მისი პათოსი სრულიად მისაღები და მისასალმებელია.
და მიუხედავად ამისა, მინდა ის გაგიზიაროთ, რაც თვალში მომხვდა..

დეკაბრისტები. მათი პატივისცემით ვიზრდებოდი, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ საქართველოს მიმართ მათ შემზარავი გეგმები ჰქონდათ.. საქართველო ქართველების გარეშე... "ნორმალური" იმპერიული მიდგომა..

ინდულგენციებს ყიდულობდნენ და არა - იხდიდნენ. სიგელი იყო, რომლითაც ცოდვების მიტევების გარანტიას ადასტურებდა ეკლესია.

რუსეთის ეკლესიის მიერ შეჩვენებული ლევ ტოლსტოის შესახებ "ჯიუტი" საუბარი სახალისოც კია :) სწორია, სწორი

და ბოლოს: მიმართვა "ბატონო კირილე" !!! მორწმუნე კაცისგან დიდ რამეს ნიშნავს!!

Lela Skhirtladze (შეუმოწმებელი), იანვარი 23, 2010, 23:58:54

ვცდილობ ხოლმე, "ცხელი შოკოლადის" წერილებს ცხელ–ცხელს გავეცნო :))ამიტომაც გავხდი ამ შეცდომის შემსწრე :)

ელენე ასათიანი (შეუმოწმებელი), იანვარი 23, 2010, 23:23:31

ქალბატონო Lela Skhirtladze,
მე გახლავართ ამ საიტის ადმინისტრატორი
ეს იყო პროგრამული შეცდომა, რომელიც რამდენიმე წუთში გამოსწორდა.
ჟურნალისტიკა არაფერ შუაშია,
როგორც ჩანს, თქვენ ზუსტად იმ რამდენიმე წუთის მანძილზე სტუმრობდით ჩვენს საიტს.

paata (შეუმოწმებელი), იანვარი 23, 2010, 20:46:54

შესანიშნავი წერილია. დიდი მადლობა ირაკლი

თამუნა (შეუმოწმებელი), იანვარი 23, 2010, 17:42:56

საინტერესო წერილია. ყველაზე ძალიან ის მომეწონა ამ ბლოგში,რომ რუსეთი არ იყო გამოყვანილი ბოროტად და საქართველო კეთილად,როგორც ხშირად ხდება ხოლმე.

Lela Skhirtladze (შეუმოწმებელი), იანვარი 23, 2010, 16:35:09

:)))))))))))))))) აი ჟურნალისტიკა!!! :))))))))))))))))

Lela Skhirtladze (შეუმოწმებელი), იანვარი 23, 2010, 16:32:18

"პატივცემულო ბატონო კირილე,

მე ერთი უბრალო მორწმუნე კაცი გახლავართ"–ასე იწყება მიმართვა,რომლის ავტორადაც ქალბატონია(ელენე ასათიანი) მითითებელი. ორიოდე საათის წინ ამავე მიმართვას ირაკლი კაკაბაძის ხელმოწერით გავეცანი. ამოცანა გვეკითხება... მოკლედ, არ ვიცი,ვისთვის რა არის ამოცანა,ერთი კია, არც ბატონ კირილეზე :)) და არც მიმართვაზე კომენტარის გაკეთების სურვილი აღარ მაქვს...