პროექტი განსაბჭოება
view counter

ბლოგის ბოლო ჩანაწერები

მაგდა კალანდაძე
სანდრო ნავერიანი
მაგდა კალანდაძე

უახლესი კომენტარები

6 სექტემბერი, 2010 - 20:52
6 სექტემბერი, 2010 - 12:47
3 სექტემბერი, 2010 - 16:01
Tom
3 სექტემბერი, 2010 - 04:24
31 აგვისტო, 2010 - 00:09
ინტერვიუ

ინტერვიუ კურტ ელინგთან

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

2008 წელს ტორონტოში გამართულ ჯაზის შემსწავლელთა საერთაშორისო ასოციაციის გამხსნელ შეხვედრაზე თქვენ განაცხადეთ: "ჯაზი ყოველდღიურად გვახსენებს, რომ ცოცხლები ვართ". ამასთანავე უინთონ მარსალისი თავის წიგნში Moving to the Higher Ground წერს: "ჯაზი არის მატარებელი, რომელიც ყოველთვის მომავლიდან მოდის შენი მიმართულებით". მიუხედავად ამისა, ამ მუსიკის მსმენელები ხშირად მის წარსულში შეხედვას ამჯობინებენ. მაინტერესებს, რატომ გვახსენებს ჯაზი იმას, რომ ცოცხლები ვართ, რატომ მოდის ის მომავლიდან და რატომ ურჩევნია ბევრს ჯაზის წარსული მის აწმყოს?

ის გვახსენებს ცოცხლები რომ ვართ იმიტომ, რომ ჯაზს აქვს უნარი, მოცემულ მომენტში, მუსიკოსის იმწამიერი შეგრძნებები მსმენელს მყისიერად გადასცეს. თავისი ბუნებით ჯაზი იმპროვიზაციული ხელოვნებაა და, შესაბამისად, აღიარებითი და გან-ცხადებითი. დაკვრისას ჯაზმენი საკუთარი აქ-ყოფნის შესახებ აცხადებს და ვინაიდან ინდივიდუალობა ჯაზის სული და გულია, ამ დროს მუსიკოსი აქ-ყოფნის მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. ამიტომაცაა, მაგალითად, რომ ჯო ლოვანო მხოლოდ ჯო ლოვანოსავით ჟღერს. მას საკუთარი უნიკალური ბგერა და ამ ბგერის მეშვეობით საკუთარი იმ-წამინდელი შეგრძნებების გან-ცხადების და გამო-აშკარავების უნარი აქვს, ისევე, როგორც ჯონ ჰენდრიქსს, უინთონ მარსალისს ან თერენს ბლანჩარდს. დაკვრისას ან სიმღერისას თითოეული მათგანი აი, ამ მოცემულ წამს, ამ მოცემულ მომენტში აცხადებს საკუთარი არსებობის შესახებ. ჯაზი მომავლიდან მოდის იმიტომ, რომ ხელოვანი ადამიანები, და არ ვგულისხმობ მხოლოდ ჯაზმენებს, არამედ პოეტებს, მწერლებს, მხატვრებს და ასე შემდეგ, საზოგადოების დანარჩენ წევრებზე უფრო კარგად ახერხებენ მომავლისათვის "ყურის-გდებას". რაინერ მარია რილკე, ავსტრიელი პოეტი, ამბობდა, - "მე უკიდეგანო სივრცით გარშემორტყმული ბაირაღივით ვარ, ვგრძნობ მოახლოებულ ქარს და დანარჩენებზე ადრე ვიწყებ ფრიალს". დიახ, ხელოვანები ის ადამიანები არიან, ვისაც მომავლის მიმართულებით აქვს ნაბიჯი გადადგმული, იმას გრძნობენ, რაც ჯერ აქ არაა; ამიტომ ხშირად ის, რასაც ჩვენ მოცემულ მომენტში ვგრძნობთ, მომავლიდან აწმყოში "შემოჭრილი" მინიშნებებია. ამ მხრივ ჯაზი მუდამ მო-მავალია, ჯაზმენები კი - ჯერ-არ-დამდგარის თვითმხილველები. რაც შეეხება იმას, თუ რატომ იზიდავს ადამიანებს ჯაზის წარსული: პირველ რიგში, ალბათ ნოსტალგიის გამო; იმიტომ, რომ შეგვიძლია წარსულში "წარ-მოთქმული" გან-ცხადებების იმდროინდელ კონტექსტში აღქმა და სხვა ჩვენი დანარჩენი შეგრძნებებისგან იზოლირება. ჩვენ შეგვიძლია მათი კონტროლი. ყველას თანაბრად არ შეუძლია მოცემულ მომენტში შექმნილი მუსიკის აღქმა. ეს არცთუ ისე ადვილია, როგორც ეს შეიძლება ეგონოთ, რადგანაც იმპროვიზირებული მუსიკის სმენა გარკვეული თვალსაზრისით მუსიკოსის ინტენციების მყისიერი გაშიფვრის უნარს გულისხმობს. ჯაზის წარსული კიდევ ალბათ იმიტომ გვიზიდავს, რომ იმდროინდელი მუსიკოსების მიერ შექმნილი მუსიკა საოცრად ლამაზია და, შესაბამისად, დროს უძლებს. აგრეთვე, ვფიქრობ, ჩვენთვის წარსულის მუსიკა იმიტომაა ასეთი მომხიბვლელი, რომ უბრალოდ ყური გვაქვს მიჩვეული, ის უკვე მონელებული და კ ა რ გ ა დ გაგებულია.

ზემოთ ნახსენებ წიგნში მარსალისი ამბობს, რომ, მუსიკის გარდა, ყველაზე ღირებული გაკვეთილები, რაც კი მას ჯაზში მიუღია, თვითონ ჯაზმენების მიერ კოლეგებზე და ზოგადად მუსიკის კეთების პროცესზე ნაამბობი ისტორიებია, რეალობაში მომხდარი თუ აპოკრიფული. დისკებზე და ძალიან ხშირად კონცერტებზეც თქვენ ძალიან საინტერესო ისტორიებს ჰყვებით წარსულის დიდ მუსიკოსებზე. ეს ისტორიები ძენ-ბუდისტური კოანებივითაა, ხშირად დაუსრულებელი და მრავლისმთქმელი მინიშნებებით სავსე. ეს ამბები ჯაზის, როგორც მუსიკალური ფორმის ხიბლით და ერთგულებითაა გამსჭვალული. როგორ გგონიათ, მოახერხებთ თუ არა თქვენ და თქვენი თაობის დანარჩენი მუსიკოსები ისეთივე საინტერესო ისტორიების დატოვებას შემდეგი თაობის მუსიკოსებისათვის?

ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ჯაზმენები თაობიდან თაობას გადასცემენ, მუსიკის ენა და მუსიკალურ ფორმებში შეჩერებული ჟესტებია. მუსიკოსებს მხოლოდ ასე შეგვიძლია საკუთარი ინდივიდუალობის ერთმანეთისთვის ჩვენება. მაგრამ, როგორც ჩანს, საერთო ინტერესებით გაერთიანებულ, გარკვეული ცხოვრების წესით მცხოვრებ ადამიანების ჯგუფს სხვა, ექსცენტრიული გზითაც უჩნდება ხოლმე ერთმანეთის გართობის თუ დამოძღვრის სურვილი. თუ ერთხელ მაინც გქონიათ წინა თაობის მუსიკოსებთან ერთად საღამოს გატარების შანსი, ადვილად მიხვდებით, თუ რას გულისხმობს უინთონი. მათ მიერ მოთხრობილი ისტორიები სულიერად გამდიდრებს და უფრო მეტის გაგებისა და აღმოჩენისკენ გიბიძგებს. არ ვიცი, ჩემი თაობის მუსიკოსები ამ თვალსაზრისით ისეთივე მომხიბვლელები არიან თუ არა, მაგრამ ერთს კი გეტყვით, პირადად მე მიმაჩნია, რომ ჩვენ, ჯაზმენები ძალიან საინტერესო კამპანია ვართ, თუმცა ხშირად - ისეთივე აუტანლები, როგორც ყველა სხვა დანარჩენი ადამიანი. დავუმატებ იმასაც, რომ მსგავსი ისტორიების სიღრმე და ხარისხი იმაზეცაა დამოკიდებული, თუ ვინ რას ეძებს ან ეძებდა მუსიკაში. ეს ცხოვრებისეული ღირებულებების ძებნის პროცესივითაა. ჯონ ქოლთრეინი ცდილობდა, თვითგამოხატვის ისეთი სულიერი გზა მოეძებნა, რაც მას ღმერთთან, ან თუ გნებავთ ცხოვრების ზე-სულთან მიიყვანდა. ადამიანები სწორედ ამის გამო აფასებდნენ მას და ასეთივე ღრმა მუსიკის შექმნის იმედით ცდილობდნენ, მისი ცხოვრების წესით ეცხოვრათ. შეიძლება ხშირად მათი მუსიკა ისეთივე ღრმა და საინტერესო არ იყო, მაგრამ ქოლთრეინის წყალობით, მათ, როგორც შემოქმედებმა, ბევრად უფრო მაღალ საფეხურზე მოახერხეს ასვლა. ჯაზში იყვნენ ისეთებიც, ვისაც ლაზათიანი დროსტარება და უბრალოდ კარგი მუსიკის დაკვრა უნდოდა. დიუქ ელინგთონის და ქაუნთ ბეისის ბენდების წევრებს ყველაზე უფრო დაკვრის პროცესი და ჰარი-ჰარალე ცხოვრება იზიდავდათ. ესეც აბსოლუტურად ნორმალურად მიმაჩნია, რადგან "ნაღდის" ველში შებიჯება ამ გზითაც შეიძლება. ნურც  ის დაგავიწყდებათ, რომ ჯაზმენები ჩვეულებრივი ადამიანები არიან და დიდების ხიბლი მათთვისაც არაა უცხო. სახელის მოხვეჭამ და საყოველთაო დიდებამ ზოგს ავნო, ზოგს კი ვერაფერი დააკლო. ჯაზის ისტორიაში არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც წარსულის ზოგიერთ სახელგანთქმულ მუსიკოსთან მიახლოების შანსს მხოლოდ მათ მიერ შექმნილი მუსიკა გაძლევს. ხშირად დიდების გამო იზოლირებულ არტისტებს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი მუსიკის საშუალებით შეეძლოთ ადამიანებთან მიახლოება. როგორც ხედავთ, საკმაოდ მრავალფეროვანი სურათია. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ დიდი ჯაზმენების ნებისმიერ ცხოვრებისეულ გზას ფონად საოცარი სილამაზის მუსიკა გასდევს და იმ ისტორიების მთელი ხიბლიც პირველ რიგში სწორედ ეს მუსიკაა.

რამდენადაც მესმის, ჯაზში ასეა: თუ ნამდვილად გინდა, ვინმეს მიერ შექმნილ მუსიკას პატივი მიაგო, შენი ხმა უნდა იპოვო. დღევანდელი კულტურული პრიორიტეტების გათვალისწინებით რამდენად ძნელი შეიძლება იყოს ეს დამწყები მუსიკოსებისთვის?

ყველაზე დიდი სხვაობა დღევანდელ ახალგაზრდობასა და მათ შორის, ვისაც გასული საუკუნის ორმოციან და ორმოცდაათიან წლებში უხდებოდათ მუსიკაში ფეხის მოკიდება, ისაა, რომ დღევანდელი კულტურა საოცრად ჰომოგენიზირებულია. დღეს "მაქდონალდსი" და "სთარბაქსი" მთელ მსოფლიოშია მოდებული. დააკვირდით, ყველა ტელეწამყვანი ერთ პოზაში ზის, ერთნაირად იღიმის, ყველას ერთნაირად აცვია; ახალგაზრდებს ერთ ყაიდაზე გამოჭრილი ფორმატით მიეწოდებათ ყველაფერი, იქნება ეს "ჩვენ ვეძებთ ტალანტებს" თუ სხვა ნებისმიერი კულტურული "კერძი". ყველაფერი ეს მხატვრისათვის აუცილებელი ფერებივითაა; თუ სურათის დასახატად ინტენსიური პიგმენტი თავიდანვე არ გამოიყენე, მაშინ შემდგომში მხოლოდ ერთგვაროვანი ფერებით მოგიწევს მუშაობა და შეიძლება ფერების გრადაციის შესახებ საერთოდ ვერაფერი გაიგო. ორმოციან და ორმოცდაათიან წლებში ბევრმა არც კი იცოდა, თუ რა იყო ტელევიზორი და ამიტომაც ძირითადად იმ მუსიკას უსმენდნენ, რაც ადგილობრივი თემების ფარგლებში იქმნებოდა და ემოციურადაც უფრო ახლოს იყო მათთან. არის ასეთი საოცარი მომღერალი რალფ სთენლი, რომელიც ჰილბილის სტილში მღერის. ის ოთხმოცსაა გადაცილებული; მთებში გაიზარდა, ამერიკის შორეულ შტატში, და ბავშვობიდან მხოლოდ იმ მუსიკას უსმენდა, რასაც მისი ოჯახის ან სოფლის თემის წევრები უკრავდნენ და მღეროდნენ. ის დღემდე იმ ადგილობრივი მუსიკალური მარაგით სარგებლობს და სწორედ ამიტომაცაა მისი საუნდი ასეთი თვითმყოფადი და ადგილის ნიშნით გამორჩეული. საკუთარ მუსიკას ის თითქოს საჩუქრად უძღვნის დანარჩენ სამყაროს. რაც შეეხება ჯაზს, გასული საუკუნის ორმოციანებსა და ორმოცდაათიანებში კონსერვატორიებში არ არსებობდა ჯაზის შემსწავლელი კურსები, არ გამოიცემოდა ჯაზის შესწავლის  სახელმძღვანელოები და ამიტომაც ადამიანებს იმ ადგილის აღქმა შეეძლოთ, სადაც გაიზარდნენ. ეს მათ საკუთარი პიროვნების უკეთესად შესწავლაში ეხმარებოდათ. დღეს კი ის ახალგაზრდები, ვისაც პიროვნებებად სურთ ჩამოყალიბება, დიდი გამოწვევის წინაშე დგანან - ერთგვაროვანი კულტურის უზარმაზარი ტალღა წალეკვით ემუქრება მათ ინდივიდუალობას. ამიტომ ან განსაკუთრებულად ნიჭიერები უნდა იყვნენ, რაც მათ ისტორიულ მოვლენად აქცევს მუსიკაში, ან კიდევ გვერდით უნდა ედგეთ ვინმე გამოცდილი, უკვე ხანში შესული ადამიანი, რომელიც ტალანტის შემდგომ განვითარებაში დაეხმარებათ. რა თქმა უნდა, მუსიკალური განათლების თვალსაზრისით, დღეს ახალგაზრდები უკეთეს მდგომარეობაში არიან, რადგან კონსერვატორიებში მუსიკოსისთვის აუცილებელ უნარებს იძენენ, მაგრამ ხშირად მხოლოდ ამ უნარების ამარა რჩებიან კიდეც. ჯონ ჰენდრიქსი მიყვებოდა, თუ როგორ სწავლობდა სიმღერას ათი თუ თერთმეტი წლის რომ იყო. ართ თეითუმი, დიდი ჯაზ პიანისტი იმავე ქუჩაზე ცხოვრობდა და ჯონს მუსიკის გაკვეთილებს უტარებდა. როდესაც ჯონი გაკვეთილზე მიდიოდა, თეითუმი რთულ, არპეჯირებულ ფრაზას დაუკრავდა და ეუბნებოდა: "აბა, ახლა მიდი და გაიმეორე, რაც დავუკარი". ეს ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ნებისმიერი კონსერვატორია.

არაერთხელ გითქვამთ, რომ დღეს კულტურას ყველაზე მთავარი რამ აკლია - იდუმალება. რატომ მიგაჩნიათ ეს ნაკლი ასე მნიშვნელოვნად დღევანდელ კონტექსტში?

ეს მხოლოდ ამერიკას არ ეხება. ინტერნეტის ეპოქაში ეს საყოველთაო მოვლენაა და საჭიროზე ზედმეტად განვითარებულ და ჩვენ სამსახურში ჩამდგარ ტექნოლოგიებთანაა კავშირში. დღეს შეუძლებელი ხდება მოზღვავებული ინფორმაციის სრულად გადახარშვა. ეს ყველაფერი უკვე კულტურული ან, თუ გნებავთ, პოლიტიკური ოლიგარქიასავითაა. ჩვენ მყისიერად მიგვიწვდება ხელი ისეთ ინფორმაციაზე, რაც კულტურული იდეების და ნორმების გავრცელებას აადვილებს. ამ ხერხით ჩვენ გვკარნახობენ, - ეს ლამაზია, ეს მნიშვნელოვანია, ჩაიცვი ეს, ნახე ეს ფილმი, აი ესენი მნიშვნელოვანი ადამიანები არიან და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი კი იმის ნაცვლად, რომ თავადვე შეგვეძლოს ფერების, გემოების, ენების, ან თუნდაც ჩაცმულობის სტილის ამოუწურავი მარაგიდან ამორჩევა. იდუმალი დაფარულიდან მოდის, და თუ, მაგალითად, მე ერთ ადგილას ვცხოვრობ და არასდროს შევხვედრივარ ვიღაცას, ვინც სხვაგან ცხოვრობს, მაშინ ის ჩემთვის იდუმალებითაა მოცული.

მაგრამ თუ ჩვენ უკვე ინტერნეტში შევხვდით ერთმანეთს და facebook-ის მეგობრები ვართ, მაშინ ეს ნამდვილი გამოწვევაა ჩემი კრეატიულობისთვის. თუმცა, რა უცნაურადაც უნდა ჟღერდეს ჩემი სიტყვები, ეს ამავე დროს ახალი შესაძლებლობაცაა. რატომ? იმიტომ, რომ როდესაც ადამიანების ოთხმოცი პროცენტი ერთ მხარეს იხედება, შენ კი სხვა მიმართულებით გაიხედავ, შესაძლოა, ახალ სამუშაო სივრცეში მოხვდე. ერთადერთი მინუსი, რაც ამას შეიძლება ჰქონდეს, ისაა, რომ შეიძლება არავის მოუნდეს შენთვის ამაში ფულის გადახდა.