პროექტი განსაბჭოება
view counter

ბლოგის ბოლო ჩანაწერები

მაგდა კალანდაძე
სანდრო ნავერიანი
მაგდა კალანდაძე

უახლესი კომენტარები

6 სექტემბერი, 2010 - 20:52
6 სექტემბერი, 2010 - 12:47
3 სექტემბერი, 2010 - 16:01
Tom
3 სექტემბერი, 2010 - 04:24
31 აგვისტო, 2010 - 00:09
წერილები

წერილი ამერიკელ მეგობარს

თბილისის ჯაზ-ფესტივალი 2009

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

გამარჯობა, ეიბ

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა შესავალი ტექსტისთვის, ჩემი წიგნისთვის რომ დაწერე. ეს ალბათ ზუსტად ისაა, რაც მინდოდა - მოკლე და to the point. ჯაზზე წიგნს, მით უმეტეს ინტერვიუების კრებულს, მეტი არც ესაჭიროება. ტექსტი უკვე ვთარგმნე და გადავაგზავნე გამომცემლობაში. წიგნი, როგორც ჩანს, დეკემბრის ბოლოსთვის გამოვა. რა თქმა უნდა, ერთ ეგზემპლარს გამოგიგზავნი...

ახლა კი რაც შეეხება დანაპირებს. რამდენიმე დღის წინ მთხოვე, თბილისის წლევანდელ ჯაზ-ფესტივალზე მომეყოლა რაიმე. სიამოვნებით, მით უმეტეს, რომ ასეთი ფესტივალების შემდეგ ცუდი არაა ვინმე ისეთთან საუბარი, ვისაც შენსავით უყვარს ეს მუსიკა. გული მწყდება, რომ თბილისში შენი დაგეგმილი ჩამოსვლა ჩაიშალა, მაგრამ იმედი მაქვს, შემდეგ წელს აქ ერთად მოვუსმენთ კარგ მუსიკას. ჰო,  წინასწარ გაფრთხილებ, საკმაოდ გრძელი წერილი გამომივა, რადგანაც ამ ტექსტს შენ გარდა ჟურნალ "ცხელი შოკოლადის" (ხომ გახსოვს, გიყვებოდი ამ ჟურნალთან ჩემი თანამშრომლობის შესახებ) მკითხველიც წაიკითხავს, ყოველი შემთხვევაში ის მაინც, ვისაც ჯაზი უყვარს. იმედია, წინააღმდეგი არ იქნები. ეს გადაწყვეტილება მაშინ მივიღე, როდესაც გადაწყდა, რომ ჟურნალის რედაქციას ფესტივალის მიმოხილვა აინტერესებს; თანაც, სიმართლე რომ გითხრა, ასეთი ფორმით ბევრად უფრო მოხერხებული იქნება ჩემთვის ამ ტექსტის წერა, რადგანაც შენთან საუბარი თავიდან ამაცილებს წმინდა თბილისურ, შენთვის ალბათ არცთუ ისე გასაგებ და მუსიკალური კონტექსტისათვის არა აუცილებელ თემებს; მოკლედ, ამ წერილში მხოლოდ ფესტივალზე მოსმენილ მუსიკაზე მოგიყვები და მგონია, რომ ეს ყველაზე სწორი იქნება. ბოლოს და ბოლოს ჩვენი ამდენწლიანი მეგობრობაც მუსიკის სმენით და მუსიკაზე საუბრით დაიწყო. დღესაც, თითქმის თერთმეტი წლის შემდეგაც კარგად მახსოვს, ჩვენი პირველი შეხვედრის დროს რომ გითხარი,  - თბილისში Sun Ra-ს კონცერტზე ვარ ნამყოფი მეთქი. შენი სახე უნდა გენახა!

კარგი, მოდი დავიწყებ და პირველს, რასაც გეტყვი, ისაა, რომ უკვე დიდი ხანია, ცოცხალი მუსიკა ისე "გემრიელად" არ მომისმენია, როგორც წლევანდელ ფესტივალზე; დარბაზში საუნდს ვგულისხმობ. ყველა ინსტრუმენტი, ყველა თუნდაც უმცირესი აკუსტიკური დეტალი ისეთი სუფთა სახით და იმდენად დაუბრკოლებლად შემოედინებოდა ჩემში, რომ რაღაც მომენტში ადგილიდან ადგილზე გადაჯდომა დავიწყე იმის შესამოწმებლად, - ხომ არ მეჩვენება-მეთქი. თბილისის ფილარმონიაში კარგად დაყენებული საუნდი ნამდვილად დიდებული საჩუქარია ჩემნაირი ნაგიჟარი მელომანისთვის. მოკლედ, ასეთი საუნდ-ფორმატით მუსიკას უკანასკნელად ნიუ-იორკის ჯაზ-კლუბში, Iridium-ში მოვუსმინე, თუმცა ეს უკანასკნელი ხომ ჯაზ-კლუბია, თბილისის ფილარმინიის დარბაზი კი ბევრად მეტ მაყურებელს იტევს...

რამდენიმე კვირის წინ უკვე მოგწერე, თუ ვინ დაუკრავდა წლევანდელ ფესტივალზე, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებ: ესენი იყვნენ: ჯეიმზ ქართერის კვინტეტი ქორი უილქესით საყვირზე, მედესქი, მართინ და ვუდი, კურტ ელინგი ერნი უოთსით საქსოფონზე, სქოთ ქინსის კვარტეტი მეთ გერისონით ბასზე, მარკუს მილერი, Kool and the Gang და, რაც არანაკლებ სასიამოვნო იყო ჩემთვის, და რაც მგონია, ყველა აქ გამართული ჯაზ-ფესტივალის აუცილებელი ნაწილი უნდა იყოს, ორი ქართული ჯაზ-ბენდი - ქალბატონ დინი ვირსალაძის კვინტეტი იტალიელ ბასისტ რობერტო პუჯიონისთან და დავით მაზანაშვილის ტრიო აზერბაიჯანელ საქსოფონისტ რაინ სულთანოვთან ერთად. უნდა გითხრა, რომ ქართველების და მარკუს მილერის გარდა, ყველა დანარჩენ მუსიკოსს თუ ბენდს პირველად ვუსმენდი ცოცხლად, თუმცა ყველა მათგანის მუსიკას საკმაოდ კარგად ვიცნობ; თანაც, ოთხი მუსიკოსის შემთხვევაში, ვგულისხმობ ქართერს, უილქესს, ელინგს და მედესქის, მართლაც რომ სერიოზულად მომიწია მომზადება, იმის გამო, რომ მათთან ინტერვიუები უნდა ჩამეწერა. ცუდია, რომ ეს ინტერვიუები ჩემ წიგნში ვეღარ მოხვდეაბა, მაგრამ რას იზამ...

მოდი, ჯეიმზ ქართერით დავიწყებ: მან კონცერტი ისეთი ტემპით დაიწყო სოპრანო საქსოფონზე, რომ სმენისას უნებურად სუნთქვა შეგეკვრებოდა. სიტყვა "სუნთქვა" აქ ტყუილად არ ვახსენე, რადგანაც ეს იყო "წრიული სუნთქვის" ტექნიკით (როდესაც მუსიკოსი ფილტვების ნაცვლად პირში დაგუბებული და ცხვირის არხების გავლით ჰაერის წრიულად მოძრავი ნაკადის მეშვეობით უკრავს) შესრულებული ლამის ათწუთიანი არპეჯირებული ცუნამი. პირველივე წუთებიდან კონცერტის ასე დაწყებას ძალიან ცოტა მუსიკოსი ბედავს, რადგანაც ასეთ შემთხვევაში იზრდება ენერგეტიკულ "ცაიტნოტში" მოხვედრის შანსიც, განსაკუთრებით კი თუ სასულე ინსტრუმენტზე უკრავ. ეს ჯაზმენებმა კარგად იციან და შესაბამისად, მუსიკის ცოცხლად შესრულების დროს ყველა საკუთარ "ენერგეტიკულ დრამატურგიას" მიჰყვება ნაადრევი გამოფიტვა რომ აიცილოს თავიდან. ამ მხრივ, როგორც კარგად მოგეხსენება, ქართერი ერთ-ერთი ყველაზე უფრო უშიშარი მუსიკოსია. ასე გაუფრთხილებლად და გიჟურად მოვარდნილი უვერტიურა გამოწვევაა არა მარტო მსმენელისათვის, არამედ მისივე ბენდის წევრებისათვისაც, ვინაიდან ისინიც იძულებულნი ხდებიან მის გვერდით დარჩნენ, ეს კი იოლი ნამდვილად არ უნდა იყოს (მოკლედ, პირველივე წამებიდანვე ქართერმა ნათელი გახადა, თუ ვინ იყო ამ ბენდში ბოსი). ძალიან საინტერესო იყო კონცერტის განმავლობაში იმისთვის თვალყურის დევნება, თუ როგორ ახერხებდა ქართერთან დარჩენას მისივე რიტმ-სექცია - ჟერარ გიბსი ფორტეპიანოზე, ლეონარდ ქინგი, დასარტყამებზე და რეიფ არმსთრონგი (ჰო, ის რეიფ არმსტრონგი!) კონტრაბასზე. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ქართერის ბენდი ჩემ მიერ ცოცხლად მოსმენილი ბენდებიდან ყველაზე შეკრული ბენდი იყო, მაგრამ, გარკვეული თვალსაზრისით, სწორედ ეს იყო მისი ხიბლიც. ისეთი შთაბეჭდილება გრჩებოდა, - თითქოს ჯუნგლებში იკვლევენ გზასო, ჯეიმზ ქართერის მიერ შექმნილ აკუსტიკურ ჯუნგლებში. ყველაზე წარმატებულად ამას მაინც ლეონარდ ქინგი ახერხებდა. ხმელი, წელში გამართული დრამერი, რომელიც რაღაცით ბობი მაქფერინს ჰგავს, ზედმიწევნით ძუნწი რიტმული ფიგურებით ცდილობდა საქსოფონის "დამიწებას" და ამას ხშირად რეიფ არმსთრონგის რბილ ბგერას "ამოფარებული" აკეთებდა. ჟერარ გიბსი ოდნავ სხვანაირად იქცეოდა, ის ქართერს ლამის ფეხდაფეხ მიჰყვებოდა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ის ურიგო ინსტრუმენტალისტი არაა, ხშირად ბოსის "მიღმა" რჩებოდა და ამ ჩამორჩენის კომპენსირებას "ტანის ენით" და არცთუ შინაარსიანი ვირტუოზობით ცდილობდა. ამ დროს ის მუსიკას ზიანს აყენებდა, რადგანაც ლამის ორმეტრიანი ქართერი მას "ტანის ენითაც" ჯაბნიდა, ვირტუოზობითაც და, რაც ყველაზე მთავარია, იდეების ხარისხითაც; თანაც, ის ამას ოთხი ინსტრუმენტის მეშვეობით აკეთებდა, სოპრანო და ტენორ საქსოფონებზე, ბას კლარნეტსა და ფლეიტაზე. მიუხედავად ამისა, მუსიკა (ისინი ძირითადად ქართერის ბოლო დისკიდან ასრულებდნენ კომპოზიციებს, პლუს სტანდარტები) კარგად ისმინებოდა და საკმაო "ფათერაკებითაც" იყო სავსე.  მერე კი სცენაზე ქორი უილქესი გამოვიდა და ლამის სხვა მუსიკის დაკვრა დააწყებინა ბენდს. უილქესის მოსმენა ალბათ ყველაზე უფრო მაინტერესებდა ამ ფესტივალზე, ვინაიდან სწორედ მან დაიკავა ლესთერ ბოუის გარდაცვალების შემდეგ მესაყვირეს ადგილი Art Ensemble of Chicago-ში. ალბათ კარგად ხვდები, რამდენად ძნელი უნდა ყოფილიყო ეს სულ ახალგაზრდა და გამოუცდელი ბიჭისთვის. ბოლოს და ბოლოს ის ხომ ჯაზში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული და ქარიზმული მესაყვირეს და ლიდერის ადგილს იკავებდა. უილქესმა ქართერის ბენდში ენერგეტიკული ბალანსის "დამრეგულირებელის" ფუნქცია იკისრა. პირველ კომპოზიციაში (ეიბ, მოდი კომპოზიციებზე დეტალურად არ მოგიყვები, რადგანაც დიდ დროს წაიღებს. საკმარისია თუ გეტყვი, აქაც და შემდეგშიც, რომ როგორც ეს ჯაზ-გიგებისათვისაა დამახასიათებელი, მუსიკოსები მიმოიქცეოდნენ სტანდარტებსა და ორიგინალურ მასალას შორის, კარგი?) მან უბრალოდ, თუ შეიძლება ასე ვთქვა, "მუსიკა მონიშნა" და საოცრად დახვეწილი ბგერით საყვირზე ქართერის გიჟური ტემპის ლირიზმით გაზავება დაიწყო. ენერგეტიკულადაც სხვა გზას დაადგა - ამჯობინა, აღმავალ ტრაექტორიაზე ემოძრავა და დასაწყისში ის უბრალოდ ბენდის "რიგით" მესაყვირედ დარჩა, თითქმის შეუმჩნეველი და საერთო საუნდში "შესამჩნევად დაკარგული". კონცერტის ბოლოსკენ ის უკვე მუსიკის განუყოფელი ნაწილი იყო, მისი საყვირი კი ამ მუსიკის ახალი იდეებით და შენაკადებით გამამდიდრებელი ელემენტი. ვიზუალურად რომ შევეცადო ამის აღწერას, აი, რას ვიტყოდი: უილქესის საყვირის და ქართერის საქსოფონების კომბინაცია იმ ლამაზი ქალივით იყო, უზარმაზარი, მოუსვენარი ძაღლი რომ გამოჰყავს სასეირნოდ, და მიუხედავად იმისა, რომ მაღალ ქუსლებზე დგას, რაღაცნაირად მაინც ახერხებს შლეგი ცხოველის შეჩერებას. მართლაც რომ დიდებული სანახავი/მოსასმენი იყო ეს ყველაფერი! და ბოლოს, მოდი ისევ ჯეიმზ ქართერს დავუბრუნდები; იმ საღამოს მან ჯაზის ისტორიის გაკვეთილი ჩაგვიტარა, მაგრამ ისე, რომ მისი მთავარი ელემენტები, იქნებოდა ეს ბლუზი თუ სუინგი, თავს არ მოუხვევია; ყველა ამ ელემენტს ქართერი თავისი ინდივიდუალობის მანიფესტაციისთვის იყენებდა და ყოველ მოცემულ მომენტში ის ერთდროულად ჯაზის სათავეებთანაც იდგა და მის თანამედროვე ფორმებშიც საოცარი თავისუფლებით მიმოიქცეოდა. უნდა გენახა, როგორ სიღრმეებში ახერხებდა ჩასვლას ბას-კლარნეტს რომ იღებდა ხელში! ქართერს ნათქვამი აქვს, - საქსოფონზე ჯიმი ჰენდრიქსივით დაკვრა პრინციპში შესაძლებელიაო, - და იმ საღამოს ნამდვილად მივხვდი, რას გულისხმობდა. მის ხელში ინსტრუმენტი თითქმის არარსებულ პოტენციას ავლენს და ამიტომაც დაკვრისას ქართერი საქსოფონებს "განცვიფრებულს" ტოვებს! ასე გგონია, დაკვრის შემდეგ ინსტრუმენტი თოვლზე რომ დააგდოს, ის ისევე აშიშინდება, როგორც ხანგრძლივი სროლის შემდეგ გახურებული ავტომატი შიშინებს ერთი რუსი რეჟისორის ძალიან კარგ ფილმში. სხვათა შორის, მართლაც რომ კარგი ინტერვიუ გამომივიდა ქართერთან. ის კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე შედგა და ძალიან კარგია, ასე რომ მოხდა; იმ კონცერტის შემდეგ ცოტა შემეშინდებოდა ამ კაცის პირისპირ ჯდომა...

მარკუს მილერს პირველად შარშან მოვუსმინე ცოცხლად ბათუმში. იმ საღამოს გვერდებზე გახსნილ დარბაზში, სადაც კონცერტი ტარდებოდა, ისეთი ცუდი საუნდი იდგა, რომ მგონი, თვითონ მილერიც მიხვდა ამას და მთელი შოუ თავის თავზე აიღო.