პროექტი განსაბჭოება
view counter

ბლოგის ბოლო ჩანაწერები

მაგდა კალანდაძე
სანდრო ნავერიანი
მაგდა კალანდაძე

უახლესი კომენტარები

6 სექტემბერი, 2010 - 20:52
6 სექტემბერი, 2010 - 12:47
3 სექტემბერი, 2010 - 16:01
Tom
3 სექტემბერი, 2010 - 04:24
31 აგვისტო, 2010 - 00:09
მიმოხილვა

გამოფენა

5

სამყაროს ანარეკლი

გერმანიის დღეების ფარგლებში ქარვასლის საგამოფენო დარბაზში ვრცელი ფოტოგამოფენა გაიხსნა - "ცვალებადი სამყარო - დროის ანარეკლი 1989-2009", რომელიც 1989 წლიდან დღემდე მომხდარ ცვლილებებს ასახავდა. მიუხედავად გამოფენის სახელწოდებისა, ეს არ აღმოჩნდა ჟურნალისტური ფოტოგამოფენა, რასაც ძირითადად ველით ხოლმე. აქ წარმოდგენილი იყო მხატვრული ფოტოგრაფია. ეს იყო თანამედროვე ხელოვნების ძალზე შთამბეჭდავი გამოფენა, შესანიშნავი ნამუშევრებით.

გოეთეს ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ეს გამოფენა ჩვენი სამხატვრო ცხოვრების წლის ერთ-ერთ საუკეთესო ექსპოზიციად უნდა ჩაითვალოს. გამოფენაზე ყველა ავტორი განსაკუთრებული ხელწერით წარდგა. ასეთი იყო იგორ სავჩენკოს, კრისტიან ბორხერტის, ირინა აბჟანდაძის, ოლგა ჩერნიშევას, შაილო ჯეკშენბაევის, ვლადიმირ კუპრიანოვის და სხვების ნამუშევრები.

მინსკელი იგორ სავჩენკოს ერთ სერიაში, რომელიც შავ-თეთრი და ბურუსით მოცული რამდენიმე კადრის წყება იყო, თითქოს გაქროლებული მატარებლის სარკმლიდან დანახული კადრები სხვადასხვა დაუდგენელ ლანდშაფტსა და კონტურებს გვიჩვენებდა. ნამუშევრებს მხატვრის ხედვა უფრო შემოჰქონდა, ვიდრე რაიმე სოციალურ-პოლიტიკური ილუსტრაცია. როგორც თვითონ ავტორი აცხადებდა საკუთარ იქვე გამოფენილ კრედოში, ჩვენ ხშირად გარემოს ასე ბუნდოვნად და არაფოკუსირებულად ვხედავთ, ის ჩვენთვის ხშირად სიზმარივითაა და რამდენადაც ფოტოგრაფიის მოვალეობაა, ასახავდეს რეალობას, მან სწორედ ასეთი ნამდვილი რეალობა უნდა ასახოს, როგორც სამყაროს შეცვლილი ანარეკლი და არა გამოგონილი სიზუსტის ციფრული რეალობა. იგორ სავჩენკოს მეორე სერიაში რეტუშირებულ საოჯახო ფოტოებზე ადამიანებს სახეები საღებავით ჰქონდათ დაფარული და დარჩენილი იყო მხოლოდ მათი ეგზისტენციური არსებობის კვალი, როგორც ნამდვილი ბიოგრაფია.

საოჯახო ფოტოგრაფია, როგორც ისტორიაში ადამიანურის და სოციალურის გადაკვეთის ამსახველი, გამოფენაზე რამდენჯერმე შეგვხვდა. ასეთი იყო, მაგალითად, კრისტიან ბორხერტის საოჯახო პორტრეტები, რომლებიც 1983-1993 წლებით იყო დათარიღებული და დიქოტომიური განლაგებით გვიჩვენებდა ოჯახს მანამდე და 10 წლის მერე. ასეთი, დროში გახანგრძლივებული ნამუშევრები უდავოდ თანამედროვე ხელოვნების სტანდარტების დამსახურებად უნდა მივიჩნიოთ, თუმცა კრისტიან ბორხერტის ნამუშევრებში ასეთი წინასწარი მშრალი სტრუქტურა არ იკითხებოდა. სამაგიეროდ, მთლიანად სტურუქტურირებული აღმოჩნდა უკრაინაში მცხოვრები ალევტინა კახიძის ფოტოგრაფიული ვიდეო, რომელიც ერთადერთი ვიდეონამუშევარი იყო გამოფენაზე. "მე შემიძლია ვიყო გოგონა ცისფერი თვალებით" - ამ სახელწოდების ორ სინქრონულ ვიდეოეკრანზე ნაჩვენები იყო, როგორ იკეთებს ქალი ცისფერ ლინზებს. ეს ორი პარალელური ეკრანი კი თითქოს ჩვენი ორი თვალია, რომლითაც, როგორც წესი, სინქრონულად აღვიქვამთ თუნდაც ახალგაზრდა ქალს, რომელსაც რატომღაც მოუნდა, ცისფერი თვალები ჰქონდეს.

 

ორი ახალგაზრდა ქალის არარეალური ბიოგრაფია

ნოემბერში, როდესაც თბილისის სამხატვრო სცენაზე "არტისტერიუმის" საერთაშორისო გამოფენის აურზაური მიწყდა, გვიანი, თბილი შემოდგომის სიმყუდროვეში სამხატვრო აკადემიის ორმა სტუდენტმა გოგონამ ერთობლივ გამოფენაზე მიგვიხმო. გალერეა "ჰობი" რუსთაველის პროსპექტისა და ძნელაძის ქუჩებს შორის, მოკრძალებულ ადგილას მდებარეობს, აქ გამართულ გამოფენებს კი სულაც არ აქვს უკვე კარგად ნაცნობი ბურჟუაზიის მსუბუქი და მოკრძალებული ხიბლი. ეს გალერეა ლიტერატურის მუზეუმის შენობაშია განთავსებული და ჯერ ისევ საბჭოური უბრალოების აურა ახლავს, მაგრამ ისიც იგრძნობა, რომ აქაურობას მხატვრობით დაინტერესებულები უნდა ესტუმრონ და არა სალონების მაძიებლები.

3 ნოემბრიდან 6 ნოემბრამდე გალერეის ერთი დარბაზი მარიამ ფრიდონაშვილისა და თეონა ბიჩინაშვილის გამოფენას ეთმობოდა. დარბაზში სერიად წარმოდგენილი ორი ახალგაზრდა მხატვარი ქალის ფერწერული ტილოები კინოფილმის სიუჟეტს უფრო ჰგავდა. სურათებში რამდენიმე ნაცნობი ქალის სახე გვხვდებოდა, რომლებიც უმეტესად შიშვლები იყვნენ სხვადასხვა ცხოვრებისეულ სცენებში ჩართულები - ზოგჯერ ვიღაცასთან საუბრობდნენ, ვიღაცას უყურებდნენ, ხან სახლის ბინადარ ცხოველებთან ან ისევ ერთმანეთთან ურთიერთობდნენ. თითქოს აგარაკზე იყვნენ, სადაც მათ ინტიმურ ყოფას არაფერი არღვევდა. ფერები თბილი და ცოცხალი იყო, ფიგურები კი ზომიერად არარეალისტური და ექსპრესიული.

ეს ლიტერატურულობა და ექსპრესიულობა კარლო კაჭარავას ნახატების თხრობის მანერას ჰგავდა. თუმცა, ამჯერად გაცილებით მონოლითური ისტორიის ფრაგმენტებთან გვქონდა საქმე. გამოფენას არ ჰქონდა არც სათაური, რაც მხატვრების ერთგვარ ქვეცნობიერ და ავტობიოგრაფიულ ოპუსზე აკეთებდა აქცენტს. თითქოს ანაის ნინის დაუწერელი დღიურები იყო გაცოცხლებული სურათებში.

ახალგაზრდა მხატვრების - მარიამ ფრიდონაშვილისა და ნათია ბიჩინაშვილის ამ გამოფენამ ნათლად დაგვანახა, რომ გამძვინვარებული პოსტმოდერნისტული ბოდვებისა და დაშაქრული, პროვინციული სალონის დილემის მიღმა, მხატვრობა შეიძლება იყოს ეროტიკული და ლიტერატურული ან პოეტური ერთდროულად. მაგრამ ასეთი კომბინაცია ნუვორიშულ ბურჟუაზიას ვერ დააინტერესებს. ამიტომ, ჩვენ არა მხოლოდ მხატვრობის განვითარების კიდევ ერთი კონკრეტული პერსპექტივა დავინახეთ, არამედ ისიც, რომ მასკულტურის მიღმა მაინც არსებობს კერები, სადაც სამხატვრო ცხოვრებაზე ზრუნავენ. ხელოვნება მაინც ახერხებს საკუთარი ადგილის პოვნას - ქალაქის ცენტრში, ერთ ინტელიგენტურ და საბჭოურად "მოუწყობელ" სამხატვრო გალერეაში.