პროექტი განსაბჭოება
view counter

ბლოგის ბოლო ჩანაწერები

მაგდა კალანდაძე
სანდრო ნავერიანი
მაგდა კალანდაძე

უახლესი კომენტარები

6 სექტემბერი, 2010 - 20:52
6 სექტემბერი, 2010 - 12:47
3 სექტემბერი, 2010 - 16:01
Tom
3 სექტემბერი, 2010 - 04:24
31 აგვისტო, 2010 - 00:09
წერილები

ჩადრით დაფარული საფრთხე

რას ნიშნავს საპროტესტო მოძრაობა ირანელი ქალებისთვის

2
მაჰმუდ აჰმადინეჟადის მიერ საპრეზიდენტო ფიცის დადებიდან ორი დღის, ხოლო 12 ივნისის არჩევნების შედეგების საწინააღმდეგო გამოსვლათა დაწყებიდან ორი თვის შემდეგ თეირანის ერთ-ერთ სახლში მოვხვდი შეკრებაზე. მეგონა, ამ თავყრილობაზე ჩემ მხატვარ მეგობარს, ნეგინსაც ვნახავდი, მაგრამ ოჯახის დიასახლისმა მითხრა, - ინაუგურაციის დღეს სასტიკად სცემეს და ახლა სახლშიაო. ბუნებრივია, სასწრაფოდ მომინდა ნეგინთან დაკავშირება, მაგრამ თავი შევიკავე - ჟურნალისტური საქმიანობა აკრძალული მქონდა და ვეჭვობდი, რომ ჩემი სატელეფონო საუბრები ისმინებოდა. მაგრამ მეორე დღეს შემთხვევით ნეგინის სახლის სიახლოვეს მოვხვდი და იქვე მდებარე საპარიკმახეროდან დავურეკე. ზარზე თვითონ მიპასუხა და ვუთხარი, რომ მისი ნახვა მინდოდა.

როცა ირანის პროდემოკრატიული მოძრაობის აქტიურ წევრებზე ვფიქრობ, პირველ რიგში ქალები მახსენდება. იმიტომ კი არა, რომ ამ მოძრაობაში ქალები დომინირებდნენ, ან ქალების მიერ იმართებოდა და არც იმიტომ, რომ სნაიპერის მიერ 20 ივნისს მოკლული ნედა აღა-სოლთანის დაღუპვა უფრო ტრაგიკული ან მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ძალადობის მეორე მსხვერპლის, ირანელი მამაკაცის, სოჰრაბ არაბის მკვლელობა. მაგრამ თუ ფოტოებს გადახედავთ, უმალ თვალში გეცემათ ის ფაქტი, რომ ქალები 1906 წლის კონსტიტუციური რევოლუციის ამსახველ სურათებზე საერთოდ არ ჩანან, 1979 წლის ისლამური რევოლუციისაზე - ცოტანი არიან, გასული ზაფხულის დემონსტრაციებში კი უმრავლესობას წარმოადგენენ.

ირანელ ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის ისტორია სათავეს მეოცე საუკუნის დასაწყისში იღებს. სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა ქვეყანაში ქალთა ნაციონალური მოძრაობა. ოცდაათიან წლებში რეზა შაჰმა, რომელსაც თანამედროვე, სეკულარული სახელმწიფოს ჩამოყალიბება სურდა, ტრადიციული ჩადრების ტარება აკრძალა, და ქალებს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის უფლება მისცა. მისი შვილის მმართველობის დროს სუსტი სქესის წარმომადგენლებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მიეცათ. მაგრამ 1979 წლის რევოლუციის შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ ქალთათვის მინიჭებული მრავალი უფლება გააუქმა და კვლავ ტანსაცმელთან დაკავშირებული მკაცრი ვალდებულებები დააწესა. დღეს ისლამური რესპუბლიკის გენდერული კანონები მსოფლიოში ერთი უმკაცრესთაგანია. ისინი ლახავს ქალთა უფლებებს ქორწინებასთან, გაყრასთან, ბავშვის აღზრდასა და მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკითხებში. კაცებისთვის ნებადართულია პოლიგამია და ერთი მამაკაცის ჩვენებას ორი ქალის ჩვენების წონა აქვს. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ ირანში სასჯელს ძალიან ცოტა სექსუალური მოძალადე იხდის. ამ ფონზე ნეგინის მსგავსი განათლებული და კოსმოპოლიტი ადამიანები (რომლებსაც 1979 წლის რევოლუციამდელი ცხოვრებაც კარგად ახსოვთ) ერთობ უჩვეულო მდგომარეობაში იმყოფებიან. ისინი პიროვნებებად ბევრად უფრო ლიბერალურ, თუმცა არცთუ მეტად თავისუფალ საზოგადოებაში ჩამოყალიბდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ირანელ ქალებს, რეგიონის ქვეყნების სტანდარტებით, ბრწყინვალე განათლება აქვთ მიღებული, მათი პროფესიული პერსპექტივები ხშირად უაღრესად შეზღუდულია.

როცა გასულ ზაფხულს დამარცხებული კანდიდატების - მირ-ჰოსეინ მუსავისა და მეჰდი ქარუბის ნომინალური ხელმძღვანელობით საპროტესტო ტალღა აგორდა, რელიგიური დესპოტიზმის წინააღმდეგ გამოთქმულ პროტესტს ირანელ ქალთა უფლებებისა და ღირსების შელახვის საწინააღმდეგო პროტესტიც შეუერთდა.

მე უამრავ ქალს ვიცნობ, რომლებიც არჩევნებამდე პოლიტიკური აქტიურობით არ გამოირჩეოდნენ, მაგრამ მერე არც ერთი დემონსტრაცია არ გამოუტოვებიათ. ქალბატონი, რომელმაც ნეგინის ცემის ამბავი მაცნობა, ძალიან მორცხვი და კანონმორჩილი პიროვნებაა, რომელიც დღენიადაგ თავის მოზარდ ვაჟიშვილს დაჰფოფინებს (ეს ყმაწვილი ისე ყოფილა განებივრებული, რომ ხუმრობენ, - ჭიანი ვაშლი ჯერ თვალითაც არ უნახავსო). მიუხედავად ამისა, ეს თავგადაკლული დედა ზაფხულის განმავლობაში კვირაში ერთი-ორჯერ მაინც გამოდიოდა სახლიდან პროტესტის გამოსახატად. მას შემდეგაც კი, რაც ხელისუფლებამ ძალა იხმარა და დემონსტრაციების ნერვულმა დაძაბულობამ პიკს მიაღწია, იგი და მისი მსგავსი ადამიანები, შიშის მიუხედავად, ფეხმოუცვლელად იდგნენ მომიტინგეთა შორის და მტკიცედ გამოხატავდნენ თავიანთ სიძულვილს არსებული რეჟიმის მიმართ.

კარი ნეგინმა გამიღო (ჩემ მიერ ნახსენებ ადამიანთა სახელები, გასაგები მიზეზების გამო, შეცვლილია). მას ორმოცდაათ წლამდე აღარაფერი უკლია, მაგრამ ისევ ყმაწვილქალური იერითა და აღნაგობით გამოირჩევა, თუმცა ახლა ჩემი მეგობრის დანახვამ თავზარი დამცა - ცალი ლოყა ჩალურჯებული ჰქონდა, ღაწვთან კანი გადაგლეჯოდა და გვარიანად კოჭლობდა. ნეგინს გაეცინა და მითხრა, - ჩემ დანახვაზე ყველას გული უსკდებაო. იგი მეხუთე სართულზე, თავის საკუთარ პატარა ბინაში ცხოვრობს, რაც საკმაოდ უჩვეულოდ გამოიყურება ქვეყანაში, სადაც ითვლება, რომ ქალები მამისეულ სახლს მხოლოდ გათხოვების შემდეგ უნდა ტოვებდნენ. ნეგინი ცენტრალური ირანის ერთ პროვინციულ ქალაქში, ტრადიციულ ოჯახში დაიბადა. დედამისი ისლამური რესპუბლიკისა და მისი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის თავგადაკლული მომხრეა. მამამისის ძმა კი სულაც რევოლუციის გუშაგთა კორპუსში ირიცხება. ბიძამისის ნახვისას ნეგინს ყოველთვის ისეთი განცდა უჩნდება, რომ ამ სასიამოვნო გარეგნობის, თავაზიან კაცს ხელები სისხლით აქვს მოსვრილი. ნეგინის ბიძას ორი ვაჟი ჰყავს და ორივე სამთავრობო მილიციაში - ბასიჯში - მსახურობს. ამიტომაც იგი სულ ელოდა, რომ დემონსტრაციების დარბევისას ბასიჯელთა რიგებში საკუთარ ბიძაშვილებს გადააწყდებოდა.

ჩემი მასპინძლის ბინა, რომელიც ყველაფერთან ერთად მისი სახელოსნოს ფუნქციასაც ასრულებს, კოხტა და მოვლილია. აივანზე ქოთნის მცენარეები ალაგია, სასტუმრო ოთახში კი მხატვრული ტილოები კიდია. ნეგინი ბრწყინვალე მხატვარია. მას ფერის შესანიშნავი შეგრძნება აქვს და მეტი ამბიციების პატრონი რომ ყოფილიყო, შესაძლოა, სახელ-დიდებაც მოეხვეჭა. მაგრამ, სამწუხაროდ, ნეგინი მყიდველთა და კრიტიკოსთა მოთხოვნაზე წინ საკუთარ გემოვნებას აყენებს. ამიტომაც იგი მხოლოდ საშუალოდ ცნობილი მხატვარია და თავის შემოქმედებით საქმიანობას, პარალელურად, სკოლის ადმინისტრატორობასაც უთავსებს. ჩვენ სამხატვრო ლიტერატურითა და ალბომებით გადატენილი თაროების სიახლოვეს დავსხედით, მასპინძელი ნესვით გამიმასპინძლდა და თავისი ამბის თხრობას შეუდგა.

ხუთი აგვისტოს დემონსტრაციაზე ნეგინი მარტო წავიდა. მანამდე იგი საპროტესტო აქციებს მეგობრებთან ერთად ესწრებოდა ხოლმე. მსგავს ვითარებებში მარტოხელა ქალი ძალიან დაუცველია, ამიტომ ნეგინმა გადაწყვიტა, დემონსტრანტებს მანქანით გაჰყოლოდა და ხმოვანი სიგნალით გამოეხატა მათთვის მხარდაჭერა (ამ დროს პოლიციას ან ბასიჯს რომ შეემჩნიეთ, მანქანის ნომერს ჩაიწერდნენ და შეიძლებოდა მოგვიანებით დაეპატიმრებინეთ კიდეც, უკეთეს შემთხვევაში, საქარე მინას მაინც ჩაგიმსხვრევდნენ). მოგვიანებით ნეგინმა შენიშნა ხალხის რამდენიმე დიდი ჯგუფი, რომლებიც წრეზე დადიოდნენ და ლოზუნგებს გაჰყვიროდნენ. პოლიცია შორიახლოს იდგა, მაგრამ ვითარება საკმაოდ მშვიდი ჩანდა. ამან ქალს მხნეობა შემატა, მანქანიდან გადმოვიდა და ერთ-ერთ ჯგუფს შეუერთდა.

"ჩვენ ქუჩას აღმა-დაღმა დავუყვებოდით და ლოზუნგებს გავიძახოდით, - მიამბობდა ნეგინი, - უეცრად პოლიცია ჩვენკენ დაიძრა, ყველამ თავს უშველა, მაგრამ მე რაღაცამ შემბოჭა და ადგილიდან ფეხი ვერ მოვიცვალე. უბრალოდ, ვიდექი ასე, სულელივით. პოლიცია სულ უფრო და უფრო გვიახლოვდებოდა. მე კი მარტო დავრჩი ამ ცოცხალი კედლის პირისპირ და იმედი მქონდა, რომ პოლიციელები გვერდით ჩამივლიდნენ", - ნეგინს გაეღიმა და თავი გაიქნია.

"გვერდით კი ჩამიარეს, მაგრამ ცემა არ დაუკლიათ. ერთბაშად დამესივნენ და ხელკეტები დამიშინეს - ფეხებზე, ზურგზე... ყველგან. ერთმა მათგანმა მომატრიალა და სახეში დამარტყა. შეშლილივით მიყვიროდა. ახალგაზრდა კაცი იყო და მახსოვს, გამიკვირდა, დედისტოლა ქალს ასე რომ მიმეტებდა - ალბათ გიჟი იყო. ხელი ვკარი და დავუყვირე, რატომ მცემ-მეთქი. პასუხად მან ერთი-ორი კიდევ მითავაზა და გამეცალა. მე კი ფეხზე სისველე ვიგრძენი; დავიხედე და დავინახე, რომ სულ დასისხლიანებული ვიყავი".

ნეგინმა შემთხვევით გამვლელ მოტოციკლისტს წაყვანა სთხოვა. მოტოციკლისტმა იგი გვერდით ქუჩაზე მიიყვანა, სადაც დემონსტრანტები პოლიციას ემალებოდნენ. იქ ერთმა კაცმა მას ფეხი შეუხვია. ნეგინმა თავის ფარმაცევტ დას დაურეკა, რომელიც დაუყოვნებლივ მივიდა და იქაურობას მოაშორა. დამ ნეგინი თავის ნაცნობ ექიმთან წაიყვანა, რადგან ყველამ კარგად იცოდა, რომ უშიშროების სამსახურს საავადმყოფოებში თავიანთი ოფიცრები ჰყავდა და დაუყოვნებლივ აპატიმრებდა ყველას, ვისაც ხელკეტით მიყენებულ დაზიანებებს შეამჩნევდა.

ექიმმა გულდასმით გასინჯა ნეგინი, მისცა ტკივილგამაყუჩებელი და უთხრა, რომ ფეხი მოტეხილი არ ჰქონდა. ამ დროს იმავე ქუჩაზეც გამოჩნდა დემონსტრანტთა ჯგუფი. ვითარება კვლავ დაიძაბა და სანამ ყველაფერი არ ჩაწყნარდა, ნეგინსა და მის დას ექიმის კაბინეტში მოუწიათ მოცდა. "საბედნიეროდ, კარგ ხასიათზე ვიყავი, - განაგრძო ჩემმა მასპინძელმა, - ალბათ ტკივილგამაყუჩებელმა იმოქმედა. ყველას ვაცინებდი. ექიმის ასისტენტმა ლოყაზე ხალი შემამჩნია და მის შესახებ რაღაც თქვა. მე კი ავიჩემე, მანდ ხალი ჩემ დღეში არ მქონია, ალბათ პოლიციელებმა ხელკეტებით დამახატეს-მეთქი".

საღამოს დამ ნეგინი სახლში მიიყვანა და საწოლში ჩააწვინა. ექიმმა დაუბარა, ფეხი რამდენიმე დღე აწეული ჰქონოდა და ინფექციის შეჭრის შემთხვევაში დაუყოვნებლივ საავადმყოფოსთვის მიემართა. იმ ღამით ნეგინმა სიცოცხლეში პირველად დალია ძილისმომგვრელი წამალი, რადგან თვალის ყოველ მოხუჭვაზე ის ახალგაზრდა პოლიციელი ელანდებოდა.

ნეგინმა თხრობა შეწყვიტა და ჩაი და კარამელი მომართვა. კარგად მახსოვს, რა მითხრა მან ჩვენი უკანასკნელი შეხვედრისას. ეს საუბარი 20 ივნისს, მკვლელობებისა და მასობრივი დაპატიმრებებიდან სულ ცოტა ხნის შემდეგ შედგა. იმხანად ნეგინი, მრავალი სხვა თეირანელის მსგავსად, შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მან მიამბო, როგორ მოყვნენ ის და მისი მეგობარი ცრემლსადენი გაზის ბურუსში, სროლასა და ცემა-ტყეპაში; როგორ უშველეს თავს მეზობელ წყნარ ქუჩაზე, როგორ ისხდნენ დაქანცულები ტროტუარზე და როგორ ტიროდნენ გულამოსკვნით. ქუჩის მეორე მხარეს ბასიჯელთა ჯგუფი იდგა. მათ მუზარადები მოეხსნათ და ხელკეტები ძირს დაეწყოთ. ისინიც დაქანცულები ჩანდნენ, მაგრამ ნეგინისგან განსხვავებით, კი არ ტიროდნენ - იცინოდნენ და გზისპირა ჯიხურში ნაყიდ შარბათს მიირთმევდნენ. ნეგინმა შეხედა ამ ბიჭების ოფლიან და კმაყოფილ სახეებს და კიდევ უფრო მწარედ აქვითინდა. "როგორც ქალი, - მითხრა მან თითქოსდა მობოდიშებით, - იმ დასკვნამდე მივედი, რომ კაცების მოდგმა და ძალმომრეობა განუყოფელია".

ნეგინი თითქმის მთელი ცხოვრების მანძილზე ხედავდა ძალადობას. მონარქიის დამხობის პერიოდში ასობით ადამიანი (შესაძლოა, მეტიც კი) დახოცეს. ახალმა რევოლუციურმა მთავრობამ სიკვდილით დასაჯა შაჰის მთავრობის წევრები და მათი გვამების ფოტოები გამოაქვეყნა. ირან-ერაყის ომმა, რომელმაც რვა წლის განმავლობაში მეოთხედი მილიონი ირანელის სიცოცხლე შეიწირა და რომლის მძიმე შედეგებსაც კიდევ მრავალი თაობა შეიგრძნობს, მოწამეობა ქვეყნის ოფიციალური იდეოლოგიის არსად აქცია. ირანში მკვლელებსა და ნარკოდილერებს დღესაც საჯაროდ ჰკიდებენ სახრჩობელაზე. მძღოლებს შორის დავა ძალაყინების საშუალებით გვარდება. პარასკევის ლოცვაზე ბავშვები მშობლებთან ერთად გაჰყვირიან მეჩეთებში - "სიკვდილი ამერიკას!" ჰუმანისტური ირანული ლიტერატურისა და ხელოვნების გვერდით არსებობს სხვა - მკვლელობისა და უხამსობის კულტურა.

მოზარდობის ასაკში ნეგინი 1979 წლის რევოლუციამდელ დემონსტრაციებში მონაწილეობდა და კარგად ახსოვს, როგორ ეძახდა შაჰის პოლიცია მასა და სხვა გოგოებს "კახპებს", რომ ამგვარად ქუჩაში გამოსვლაზე უარი ეთქმევინებინა. შემდეგ სხვადასხვა რევოლუციური მიმდინარეობა ემიგრაციაში მყოფი აიათოლა ხომეინის დროშის ქვეშ გაერთიანდა და ნეგინმაც უეცრად იწვნია რადიკალური იდეოლოგიის სიმძიმე. "თავიდან გვეუბნებოდნენ, უმრავლესობის რელიგიურ გრძნობათა პატივსაცემად, თავსაფრები გვეტარებინა და ჩვენც სიხარულით ვთანხმდებოდით ყველაფერს, რაც შაჰისგან გაგვათავისუფლებდა, - მითხრა მან. - "რევოლუციის შემდეგ მაკიაჟის გაკეთება აგვიკრძალეს და არც ამაზე აღშფოთებულა ვინმე, რადგან ფერუმარილი ბურჟუაზიული მანერულობის გადმონაშთად მიგვაჩნდა. ბოლოს კი გვითხრეს, თქვენი დიდი ხათრი გვაქვს, მაგრამ ჰიჯაბად მარტო თავსაფარი არ გამოდგებაო". ახლა ნეგინი სამსახურში თავსაფრითა და შავი დახურული მოსასხამით - მაყნათი - დადის.

გასული ზაფხულის აქციების დროს ბასიჯელები ქალების მიმართ განსაკუთრებულ აგრესიას ამჟღავნებდნენ და მათ სექსუალური ძალადობითაც კი ემუქრებოდნენ. მრავალი ირანელისთვის (განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენელთათვის) ამგვარი ქცევა არსებული რეჟიმის სრულ მორალურ გადაგვარებას მოწმობს, რადგან ქვეყანაში დამკვიდრებული ქცევის ნორმების მიხედვით, ერთ სივრცეში თავმოყრილი ქალები და კაცები განცალკევებით უნდა იდგნენ, ხოლო თუ ასეთი გამიჯვნა შეუძლებელია, ერთმანეთთან განსაკუთრებული თავდაჭერილობითა და თავაზიანობით უნდა იურთიერთონ. "დემონსტრაციების დასარბევად გაგზავნილ ადამიანებს შთააგონეს, რომ ისინი ღვთის მეომრები არიან, - მითხრა ნეგინმა, - მათ ტვინები ისე გამოურეცხეს, რომ ნორმალური ქცევის სტანდარტები მათთვის მიუღებელია".