1. დიახ 2. არა 3. არ ვიცი
ჩვენში ძირითადად ასეთი პასუხები აინტერესებთ საზოგადოებისაგან და არა ის, თუ რას ფიქრობს, როგორ ფიქრობს და რატომ ფიქრობს ასე, თუ ფიქრობს საერთოდ ჩვენი საზოგადოება. დიახ, არა, არ ვიცი - ასეთი დამოკიდებულებით სტატისტიკის ობიექტად აღიქვამენ საზოგადოებას, რომლის სახელითაც შემდგომში მოქმედებენ, სჯიან, გადაწყვეტილებებს იღებენ და თავიანთ მიზნებს აღწევენ... დამკვეთები. საზოგადოება ასეთ დამოკიდებულებას არათუ აპროტესტებს, თავისი ინერტულობით ხელს უწყობს და ამკვიდრებს კიდეც.
რა არის საზოგადოება, გარკვეულია თუ არა მისი ფუნქციები სახელმწიფოში, როგორ თანაარსებობს საზოგადოება და ხელისუფლება. როგორ იქმნება საზოგადოებრივი აზრი, როგორია სოციოლოგიური კვლევის მეთოდოლოგია, ობიექტურია თუ არა საზოგადოებრივი აზრი იმ შემთხვევაში, როცა დამკვეთზეა დამოკიდებული სოციოლოგიური კვლევის სამსახური. რა გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე მედია და გაყალბებისაგან დაცვის რა მექანიზმები არსებობს. რამდენად სამართლიანია თავად საზოგადოება ამა თუ იმ საკითხის მიმართ, გაცნობიერებული აქვს თუ არა ღირებულებები და გააჩნია თუ არა პასუხისმგებლობა საკუთარ არჩევანზე? დისკუსიაში მონაწილეობენ: ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი, სოციოლოგი, ფსიქოლოგი ეკა ცაგარელი, ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პროდიუსერი ნინო ჯაფიაშვილი.
ქეთი - როგორია ჩვენი საზოგადოება, ესაა მითიური სისტემა, რომელიც ჰომოგენურია თუ გარკვეულია მისი შემადგენლობა და ფუნქციები.
ლელა - საზოგადოება არის ძალიან ჭრელი და მრავალფეროვანი, ინტერესების, ხასიათების, შეხედულებების, რწმენა-წარმოდგენების და სხვა ფაქტორების მიხედვით. განვითარებულ ქვეყნებში ლაპარაკი საზოგადოებაზე, როგორც მთელზე, ჰომოგენურზე, უნივერსალურზე, სამარცხვინოც კია. ადამიანი, რომელიც მთელი საზოგადოების სახელით ლაპარაკობს, რბილად რომ ვთქვა, ითვლება გაუნათლებლად, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს არც საზოგადოებაზე და არც საკუთარ თავზე ამ საზოგადოებაში.
ქეთი - რატომღაც მგონია, რომ ამ ქვეყანაში საზოგადოებას განყენებულად აღიქვამენ, ვთქვათ ასე: მე და დანარჩენი საზოგადოება. გაურკვეველია საზოგადოების მიმართ იმ ხელისუფლების დამოკიდებულებაც, რომელიც ხშირად მანიპულირებს საზოგადოების სახელით.
ლელა - ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების დროს გრძნობს საზოგადოების საჭიროებას, არადა, ხელისუფლება იმისათვის არსებობს, რომ მოემსახუროს საზოგადოებას, რომელიც თავის მხრივ უკვეთავს და აიძულებს ხელისუფლებას, რომ მოემსახუროს საზოგადოებას. ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება კარგად გამოჩნდა ღია დისკუსიის დროს, სადაც უმრავლესობის წევრმა - ნიკა გვარამიამ ხმამაღლა განაცხადა: "ჩვენ ვმოქმედებთ ხალხის სახელით, ხალხის გარეშე". არსებობს ასეთი ცნობილი გამოთქმა: "შეიძლება მოატყუო ყველა ხანდახან, ზოგიერთები ყოველთვის, მაგრამ ყველას, ყოველთვის ვერ მოატყუებ." ჩვენს ხელისუფლებას აქვს ამბიცია იმისა, რომ ატყუებს ყველას, ყოველთვის და მოატყუებს მომავალშიც.
ქეთი - რამდენად სამოქალაქოა ჩვენი საზოგადოება და რამდენად შეიძლება მიუახლოვდეს ისეთი განვითარებული და ძლიერი საზოგადოების მოდელს, რომელიც არსებობს დემოკრატიულ ქვეყნებში.
ლელა - საზომი ამ შემთხვევაში ისაა, თუ რაზეა რეზისტენტული ჩვენი საზოგადოება ანუ რას უწევს წინააღმდეგობას. თუ ავიღებთ "ვარდების რევოლუციას", როგორც მოდელს, მე სკეპტიკურად ვუყურებ იმ აზრს, რომ ეს იყო იდეებით მომზადებული საზოგადოების რევოლუცია, ჩემი აზრით, ქართველებს ძალიან გვიყვარს მსახიობობა და ესეც იყო არტისტიზმის საუკეთესო გამოვლინება. იმის გაცნობიერება - რა იქნება შემდეგ - არ ყოფილა. ეს იყო რევოლუცია არა რაღაცისთვის, არამედ რაღაცის წინააღმდეგ. რაღაცის წინააღმდეგ წასვლა კი ყოველთვის არ ნიშნავს ცოდნას რაღაცისთვის.
სიმონი - ისტორიულად საზოგადოება არასოდეს ყოფილა ერთსახოვანი, იყო ელიტა და იყო ბრბო. მთავარია, როგორ იყო ორგანიზებული თავად საზოგადოება. არსებობდა საზოგადოების მოწყობის რამდენიმე მოდელი, მათგან მრავალსაფეხურიანი გულისხმობდა გვაროვნულ მოწყობას, როდესაც ხდებოდა საზოგადოებრივი აზრის არა მასობრივი გადაცემა, არამედ დელეგირება. მეორე მოდელით ის აზრი გადიოდა, რომელსაც ხმამაღალი ღრიალით ამტკიცებდნენ ანუ აზრი კი არა, ძალა და ენერგია იმარჯვებდა. სამწუხაროდ, ჩვენთან, საბჭოთა სივრცის ნაწილში ასეთი ძალა გადიოდა. მესამე მოდელი, რომელსაც დახვეწილი ფორმით დღესაც იყენებს შეერთებული შტატები, იყო ცენტურიების, ანუ ქონებრივი ცენზის მიხედვით აგებული. ომის გამოცხადება, ზავის დადება, სერიოზული პოლიტიკური ღონისძიებების დაგეგმვა, თანამდებობაზე არჩევა, სწორედ ქონებრივი ცენზის მიხედვით წყდებოდა, ანუ მისი ხმა იყო განმსაზღვრელი, ვინც მეტ ქონებას ფლობდა. აშშ-ში იმის მიხედვით, თუ რა დონის ცხოვრებაა და რამდენად ძლიერია ესა თუ ის შტატი, განისაზღვრება შტატის ხმათა რაოდენობა, ამავდროულად, ერთი ხმითაც რომ გაიმარჯვო, მთელი იმ შტატის ხმები გეწერება. ძალიან ხშირად ამერიკის პრეზიდენტი ხმათა უმრავლესობით კი არა, ხმათა უმცირესობით არის არჩეული, ოღონდ რჩეული, ხარისხიანი უმცირესობით.
ქეთი - სოციოლოგს ვკითხოთ, როგორია საზოგადოებრივი აზრის კვლევის ტექნოლოგია, როგორია ცდომილების ხარისხი და ჩვენ, ვინც ეჭვით ვუყურებთ რეიტინგებს და ეჭვის საბაბი ნამდვილად არსებობს, რამდენად უნდა ვენდოთ იმ კვლევებს, რომლებიც უმეტესად დაკვეთილია.
ეკა - სანდოობის ხარისხით დავიწყებ, რადგან ეს არის განმსაზღვრელი იმისა, საბოლოო ჯამში რა შედეგს ვიღებთ. უნდობლობა ნებისმიერი პროდუქტის მიმართ შეიძლება გაგვიჩნდეს, მაგრამ იმის თქმა, რომ ამა თუ იმ კვლევას, ჯგუფს თუ ორგანიზაციას არ ვენდობი, არ შემიძლია მანამ, სანამ არ გავიგებ, რა ტექნოლოგიით და ინსტრუმენტებით ჩატარდა კვლევა, შეიქმნა კითხვარი, შეირჩა მიზნობრივი ჯგუფები და ა.შ. რაც შეეხება ტექნოლოგიებს, უამრავი არსებობს სოციოლოგიაში: რაოდენობრივი კვლევები, ფოკუსური ანუ ხარისხობრივი ჯგუფები თავისი ჩაღრმავებული ინტერვიუებით, ასაკობრივი თუ ქვოტური კვლევა. არსებობს მარკეტინგული კვლევები, რომელიც იკვლევს პროდუქციის რაობას, იმიჯს, ბრენდს, აქედან გამომდინარე მიდგომები და მეთოდოლოგია ირჩევა იმის მიხედვით, თუ რას ვიკვლევთ.
ქეთი - როცა საზოგადოებრივ აზრზე ვსაუბრობთ, ვთქვათ არჩევნებისა და რეფერენდუმების დროს, თქვენი მეთოდოლოგია მთლიანად გამოხატავს საზოგადოების დამოკიდებულებას თუ "ვეთანხმები - არ ვეთანხმების" დონეზე ხდება გამოკითხვა?
ეკა - ასეც ხდება, მაგრამ არსებობს მრავალსაფეხურიანი შერჩევა, როცა უშუალოდ ხდება რესპონდენტის გამოკითხვა. უნდა გამოირიცხოს ისიც, რომ არ გამოიკითხოს ერთი ტიპის რესპონდენტები ან ასაკობრივი ჯგუფები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სახლში სხედან. სოციოლოგიური კვლევა არ არის ისეთი მარტივი, როგორიც გვგონია. ვინც ამაში ჩახედული არაა, ფიქრობს, რა საჭიროა საერთოდ, ეს ყველაფერი? მთელი მსოფლიო იყენებს სოციოლოგიურ კვლევებს იმისათვის, რომ თავისივე განვითარებისათვის ნორმალური, მისაღები და ხარისხიანი პროდუქტი შექმნას და არა იმისათვის, რომ შიდა რეიტინგები გაყალბებული სახით გამოაქვეყნოს და თავი მოიწონოს. უნდობლობის მომენტს რომ დავუბრუნდეთ, ეს უნდობლობა დიდი ხანია, რაც ჩვენში დევს, იმიტომ, რომ ცუდი გამოცდილება გვაქვს, ერთი პოლიტიკოსი, ორი, ოთხი, მეხუთე მთავრობა, რომელმაც არ გაამართლა, ამიტომაც ნდობის ხარისხი ზოგადად პოლიტიკისა და იმ ინსტრუმენტების მიმართ, რომელიც პოლიტიკას ემსახურება, არის უდაბლესი. ასევე შეიძლება ითქვას ჟურნალისტიკაზე, ტელევიზიებზე, ადვოკატურაზე, სასამართლოებზე და ა.შ. ეჭვისა და უნდობლობის შეტანა ყველაფერში შეგვიძლია, რადგან ეს საზოგადოება ჩამოყალიბდა ისეთად, ყველაფერს ეჭვის თვალით რომ უყურებს.
ქეთი - მასმედია მართლაც ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების პროცესში. რა მოსდის ამ ინსტრუმენტს მაშინ, როცა დამკვეთზე, რეკლამის შემომტანსა და სპონსორზე ხდება დამოკიდებული ესა თუ ის ტელეკომპანია.














