ტრადიციაზე საუბრისას ევროპელი ამბობს: "ტრადიცია მხოლოდ იმას როდი ნიშნავს, რომ ერთი თაობა ბრმად და ერთგულად ბაძავდეს წინა თაობას. ტრადიცია, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ისტორიის შეგრძნებას, როცა წარსული არა მარტო წარსულად უნდა აღვიქვათ, არამედ თანამედროვეობადაც".
ქართველს კი (ოღონდ მოაზროვნეს) ეჭვი აწუხებს: "საკითხავია, დგას თუ არა ჩვენს უკან იმის ტრადიცია, რომ დღეს გვქონდეს რელიგიური კულტურა, აზროვნების კულტურა, ზნეობის კულტურა და ა.შ."
როგორია ტრადიციის სტრუქტურა, როდის იქცევა ის ღირებულებად, ან სიმახინჯედ. რა არის ჩვენი იდენტობის მთავარი მახასიათებლები, რომელი ტრადიციული ფასეულობით შევდივართ ევროპულ სივრცეში და როგორ თანაარსებობენ ტრადიცია და თანამედროვეობა. დისკუსიაში მონაწილეობენ: ფილოსოფოსი სერგო რატიანი, კულტუროლოგი ლელა იაკობაშვილი, მწერალი დათო ტურაშვილი, მთარგმნელი და გამომცემელი ინგრიდ დეხრავე.
სერგო - ტრადიციას აქვს საინტერესო და ამავე დროს უცნაური სტრუქტურა. ერთი შეხედვით, ის ეკუთვნის წარსულს, მაგრამ არამცთუ უნდა წარსულად იქცეს, არამედ გარკვეული პრეტენზიაც კი აქვს აწმყოზე. როდესაც ტრადიციაზეა საუბარი, პრობლემა არის არა ჩვენი მიმართება წარსულისადმი, არამედ ის, თუ როგორ მუშაობს ის დღევანდელობაში. ვფიქრობ, თანამედროვე საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, ვაქციოთ ტრადიცია წარსულად და ეს იყოს ჩვენი ხერხემალი თუ პარალელურად დავიწყოთ ახლის შექმნაც. ქართველობის დასამტკიცებლად ილია ჭავჭავაძეს სულაც არ სჭირდებოდა ჩოხითა და ქამარ-ხანჯლით სიარული, ის იყო ქართველი თავადი, რომელმაც იცოდა, რომ მისი ისტორია იყო მისი ისტორია, რომელსაც ხელი არ უნდა შეეშალა თავისუფალი აწმყოს შექმნაში.
დათო - ილია სპეციალურად არ იცვამდა ჩოხას, იმიტომ, რომ უნდოდა ორიენტირი ყოფილიყო ევროპული. ჩემთვის ყველაზე ევროპელი ქართველი არის ილია ჭავჭავაძე.
ქეთი - როცა მიჯნავთ ევროპელსა და ქართველს, გულისხმობთ იმას, რომ ღირებულებათა სისტემის მხრივ ეს ორი ცნება წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან? აქვე ვთქვათ, რა შეიძლება ჩაითვალოს ქართული იდენტობის ძირითად მახასიათებლებად, რითაც სხვებს ვგავართ, ან განვსხვავდებით მათგან.
ლელა - ის განცდა, რომ მინდა ვიყო ევროპელი, ნამდვილად არსებობს, რადგან ჩვენც გვაქვს ღირებულებათა გარკვეული სისტემა, რომლითაც ევროპულთან ვიკვეთებით, მაგრამ მართლა ვერ გეტყვით, ეს რა არის. ეს არის ევროპული იდენტობა, სახელმწიფოებრივი იდენტობა, მონარქიული ტიპის იდენტობა, განმანათლებლობის შემდეგ აწყობილი იდენტობა თუ რა არის. ილიას თემა რომ გავაგრძელო, ერთი რამ ნათელი ხდება - ღირებულებათა ის სისტემა, რაზედაც იდგა ქართული იდენტობა ილიას დროს, ეს იყო: მამული, ენა, სარწმუნოება. ამ ადამიანმა თქვა, რომ აღარ გამოგვადგებოდა ეს კონცეფცია. "მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი, ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს, ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადიო" და შემოგვთავაზა ევროპული მოდელი, რაც ნიშნავდა: განმანათლებლობას, ფულად საკომუნიკაციო სივრცეს და ვირტუალურ საკომუნიკაციო სივრცეს. ამ სამი ფორმით ილიამ მომავლის გზაც მონიშნა. პირველი საგანმანათლებლო სქემაში გადაწყვიტა, ქართველებისათვის განათლების მარცვალი რომ ჩაეგდო. მეორე, იფიქრა, რომ ფულადი კომუნიკაციები ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი იდენტობისათვის და პირველი ქართული ბანკიც მისი ინიციატივა იყო. მესამე, ევროპაში აპრობირებული ვირტუალური საკომუნიკაციო სივრცე ანუ პრესა იყო, რომლითაც განმანათლებლობის თემა მართლა მუშაობდა და რაშიც ილიამ დიდი წვლილი შეიტანა, ანუ ახალ იდენტობათა სქემა, რომელიც ილიამ "მამული, ენა, სარწმუნოების" შემდეგ მოინიშნა, რა თქმა უნდა ევროპულია. ჩვენი პრობლემა ისაა, მოვახერხეთ თუ არა ახალ იდენტობათა სისტემაში ამ ყველაფრის განხორციელება, ნაწილობრივ ალბათ მოვახერხეთ, რადგან ყველაზე რთულ წლებში გაჩნდა ქართული უნივერსიტეტი. მიუხედავად იმისა, რომ პარადიგმატული სივრცე გვქონდა, ფინანსური სისტემა ვერ გავქაჩეთ, თორემ ეს სივრცე რომ ჩვენს თავზე აგვეღო, შეიძლებოდა აღმოსავლური შვეიცარია ვყოფილიყავით. ვერც ვირტუალური საინფორმაციო სივრცე გამოვიყენეთ. სამივე გზა მოგვინიშნა და სამივეს ინიციატორი თვითონ იყო, მაგრამ იმ გზას გავყევით? ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ილიას ღირებულებათა სისტემასთან, მის იდენტობასთან მხოლოდ ფორმალური დამოკიდებულება გვაქვს.
ქეთი - ვინ გვაცალა განვითარება, საბჭოთა სივრცის ნაწილი გავხდით და ბუნებრივად მოხდა ჩვენი ისტორიისა და ტრადიციის წყვეტა, რომელმაც თავის მხრივ, გარკვეული კონსერვაცია მოახდინა.














