პროექტი განსაბჭოება
view counter

ბლოგის ბოლო ჩანაწერები

მაგდა კალანდაძე
სანდრო ნავერიანი
მაგდა კალანდაძე

უახლესი კომენტარები

6 სექტემბერი, 2010 - 20:52
6 სექტემბერი, 2010 - 12:47
3 სექტემბერი, 2010 - 16:01
Tom
3 სექტემბერი, 2010 - 04:24
31 აგვისტო, 2010 - 00:09
ინტერვიუ

რთული საუბარი მუსიკაზე

ფოტო: ლევან ხერხეულიძე
ამ ინტერვიუს გერმანიაში მცხოვრებ ქართველ მუსიკოსთან რეზო კიკნაძესთან დიდი ხნის განმავლობაში ვგეგმევდით, მაგრამ არ გამოგვდიოდა; რეზო თბილისში ვერ ჩამოდიოდა, ჩვენ კი - მასთან ლუბეკში. ბოლოს და ბოლოს, შევთანხმდით, რომ ელექტრონული ფოსტით ვიურთიერთებდით. დავიწყეთ კიდეც და ისიც მოვახერხეთ, რომ რეზომ ჩემს რამდენიმე შეკითხვასაც უპასუხა, მაგრამ სრულყოფილი საუბარი კიბერსივრცეში მაინც ვერ შედგა, ხან რეზო იყო დაკავებული, ხან მე. მერე კი, მოხდა ისე, რომ რეზოს მოულოდნელად მოუწია თბილისში ჩამოსვლა და, მიუხედავად მისთვის საკმაოდ მძიმე ემოციური მომენტისა, მაინც დამთანხდა საუბარზე. თითქმის სამი საათის განმავლობაში ვსაუბრობდით, მე, რეზო და მისი ვაჟიშვილი გიორგი, რომელიც, აგრეთვე მუსიკოსია. ის ჰამბურგის ერთ-ერთ მუსიკალურ კოლეჯში სწავლობს ჯაზის და ჯაზთან ასოცირებული დისციპლინების ფაკულტეტზე. გიორგის "შემოგდება" ინტერვიუში ჩემი აზრი იყო და ვერ დავმალავ იმას, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა. ორივემ "აღიარეს" - მიუხედავად იმისა, რომ ხშირად უკრავენ და კიდევ უფრო ხშირად ატარებენ დროს ერთად, ეს ინტერვიუ პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ისინი ერთმანეთის თანდასწრებით საუბრობდნენ მუსიკაზე. რა თქმა უნდა, ცუდია ის, რომ ამ ტექსტში ყველაფერი არ შევიდა, თუმცა, ამას დიდად არ ვნანობ, ვინაიდან მთავარი არ დაკარგულა. ერთადერთი კი, რასაც ვნანობ, ისაა, რომ ამ ინტერვიუს არ შეიძლება მოჰყვეს საილუსტრაციო დისკი, სადაც მთელი ის მუსიკა იქნებოდა ჩაწერილი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ეს ტექსტი "აკუსტიკურადაა" წასაკითხი. ის იმ გრძელი და ჭუჭყიანი მატარებელივითაა, რომელიც ღამე ჩაგიქროლებს და რომლის ყოველი ვაგონიდანაც მუსიკის ხმა გესმის. სწორედ ამისთვის ვუხდი დიდ მადლობას რეზოს და გიორგის.

ზოგადი და მოკლე შეკითხვით დავიწყებ: რას ნიშნავს, იყო მუსიკოსი დღევანდელ რეალობაში, სადაც ყველაფერი თვალის დახამხამებაში იცვლება, დაწყებული აკუსტიკური გარემოს აღქმით და დასრულებული ამ გარემოს მუსიკაში "შესაჩერებელი" ტექნიკური საშუალებებით?

რეზო: ძირითადად იმავეს, რასაც ნებისმიერ ეპოქასა და რეალობაში: მუსიკოსის გარშემო და მის ხელთ არსებული ნებისმიერი მოცემულობის თავმოყრას და გარდატეხას ისეთ ემოციურ და რაციონალურ პრიზმაში, რომელიც მას შემოქმედებისკენ უბიძგებს. მუსიკოსი ყველა ეპოქაში ერთნაირადაა დამოკიდებული, ერთი მხრივ, იმაზე, რაც მემკვიდრეობით მიიღო, რის წიაღშიც აღიზარდა და, მეორე მხრივ, იმაზე, რისი წვდომის, პოვნის, გამოყენების ან გამოგონების ნიჭიც არგუნა ღმერთმა; მოკლედ, მუსიკოსისთვის მთავარი ყველა ცხოვრებისეულ სიტუაციაში მუსიკალური პოტენციის ძებნის მცდელობაა. ეს, რაც შეეხება შემოქმედებითი იმპულსების სწორად წარმართვას. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ეპოქა, რომელშიც ვცხოვრობთ, თავისი გიჟური ტემპით და ინფორმაციული სიჭარბით, განსხვავდება წინა ეპოქებისგან, რომ არაფერი ვთქვათ იმ "აკუსტიკურ სიჭრელეზე" რომელიც გლობალიზაციას მოჰყვა თან და რომლისგან თავის დაღწევაც, ხშირად, დიდ ძალისხმევას მოითხოვს შემოქმედი ადამიანისგან. მეორე მხრივ, ნებისმიერი ტექნოლოგიური თუ სხვა ტიპის ინოვაციები, რომელიც აგრესიული სიხშირით მრავლდება, რა თქმა უნდა, ასაზრდოებს მუსიკას და აიძულებს თანამედროვე მუსიკოსს, გააკეთოს ესთეტიკური და პრაგმატული არჩევანი. ის იძულებული ხდება სულიერი და მატერიალური საზრდო დააბალანსოს. მსგავსი არჩევანი ადრეულ ეპოქებში არსებულ საზოგადოებებსაც ჰქონდათ, მაგრამ თუ ადრე, ვთქვათ, ვენაში მეწაღე, მეეტლე და ხაბაზი იმას ელოდებოდნენ, როდის გამოვიდოდა ჰაიდნის ახალი კვარტეტი, რომ საღამოს შეკრებილიყვნენ, ცოტა დაელიათ და ერთად დაეკრათ, დღეს ვინ რას ელოდება, ვერ გაიგებ. ეგ კი არა, ხშირად ვერ გადაგიწყვეტია, საით და რას ეცე, - ფილმი ნახო ქსენაკისის არქიტექტურასა და მუსიკაზე, დევიდ თუფის Haunted Weather წაიკითხო, ევან პარკერის ახალი ჩანაწერი მოისმინო, სადმე კლუბში დაუკრა თუ 60 კილომეტრი გაიარო Drum’N’Bass-ის ვინმე გურუს მოსასმენად, მეგობარმა რომ გირჩია. თანამედროვე მუსიკოსს დიდი მეცადინეობა მართებს იმის მისაღწევად, რომ არ ჩაიკეტოს ერთ რომელიმე განზომილებაში, იქნება ეს ინსტრუმენტი, სტილი თუ მუსიკალური სფერო, არ მიეჯაჭვოს ერთ მუსიკალურ სიტუაციას და ტოლერანტობა და ინტერესი გამოიჩინოს სხვა რეალობისადმი, რომელიც მისი "სფეროს" ფარგლებს სცდება; სწორედ "აკადემიური" მუსიკის პროფესიონალებს არ აწყენდათ ხოლმე ხანდახან იმ მუსიკალური იმპულსების განცდა, ტრადიციულ მუსიკალურ განათლებას მოკლებული თვითნასწავლი მუსიკოსებისაგან რომ მოდის, მაგალითად იმათგან, მუსიკა კომპიუტერზე ბიტების და სამპლების ჭრა-კერვით რომ "აღმოაჩინეს" და ისწავლეს.
მოკლედ, როგორც მივხვდი, ჩვენ გარშემო არსებული აკუსტიკური რეალობა დღეს ნებისმიერი მუსიკოსის განკარგულებაშია, არა?

რეზო: პოტენციურად - კი. დღეს აკუსტიკური გარემო სრულიად დასაშვებად შეიძლება მოაზრებული იქნას, როგორც მ უ ს ი კ ა და მოიაზრება კიდეც. პირადად ჩემს შემთხვევაში ბავშვობის მოგონებები, არამუსიკალურ აკუსტიკურ მოვლენებთან ზუსტად ისევეა დაკავშირებული, როგორც მუსიკალურთან. აი, თუნდაც მაშინ, ფეხბურთის თამაშის დროს რომ ბურთი ბუჩქებში გადავარდებოდა და მას მაღალი ძაბვის ბუნკერის მახლობლად ვპოულობდი. ბუნკერის მონოტონური ზუზუნი ცოტა ხნით მაჩერებდა და მაიძულებდა, ყური დამეგდო. ასე ვიდექი ბურთით ხელში და ვუსმენდი ხოლმე ჭრიჭინების ხმაურით შეზავებულ ელექტრონულ ტონს... ჩემთვის ეს აბსოლუტურად ცხადი და კონკრეტული აკუსტიკური სურათია დღემდე.

99 პროცენტი ადამიანებისათვის ეს მონოტონური ზუზუნი ნამდვილად არაა მუსიკა... ანუ, როდესაც არამუსიკალურ აკუსტიკურ გარემოში ხვდები, უკვე იცი, რომ ესა თუ ის გარემო შენთვის შეიძლება ინსპირაციის წყაროდ გამოდგეს?

რეზო: რა თქმა უნდა, ასე მარტივად არაა საქმე, მაგრამ პრინციპში ეგრეა. დანამდვილებით კი, ის შემიძლია გითხრა, რომ ვმდგარვარ გზაჯვარედინზე, შუქნიშანთან მიკროფონით ხელში და ჩავლილი თუ გაჩერებული მანქანების ხმაურები ჩამიწერია ჩემი ერთი დაუსრულებელი ნაწარმოებისათვის. აკუსტიკური ჟღერადი მასები, მათში არსებული ფარული "დინებების" გამო, ინსპირაციის წყარო კი არა, პირდაპირ მასალა შეიძლება გახდეს.

ისევე, როგორც ეკლესიებსა თუ მონასტრებში ჩაწერილი სიჩუმე/ხმაურები...

რეზო: სამწუხაროდ, ესეც დაუსრულებელი პროექტია, რომელზე მუშაობაც საოცრად საინტერესო აღმოჩნდა. რამდენიმე წლის წინ კუმურდოსა და ახალქალაქის მთავარეპისკოპოსმა ნიკოლოზმა მთხოვა აკუსტიკურად გამეფორმებინა სერაფიმ როუზის ერთი ტექსტი, რომელიც აუდიო-წიგნად უნდა გამოსულიყო. ვიფიქრე, რომ ტექსტის უბრალო მუსიკალური გაფორმება საინტერესო არ იქნებოდა და სწორედ მაშინ გადავწყვიტე, მომევლო საქართველოს ეკლესია-მონასტრები და ჩამეწერა - სიჩუმე, რომელსაც ფონის ფუნქციაც ექნებოდა და პატარა ინტერმეცოებადაც "გაიჟღერებდა" ტექსტის ნაწილებს შორის. სიჩუმეს რომ ვამბობ, ამაზე უფრო დიფერენცირებული და მრავალფეროვანი რამ ძნელი წარმოსადგენია, ვინაიდან ართგვაროვანი, ნულოვანი, აბსოლუტური სიჩუმე არ არსებობს. სიჩუმე ჟღერს და ისევე აქვს თავისი ხასიათი, სპეციფიკა, ხარისხი და ემოციური სახე, როგორც ხმოვანებას, ხმაურს, მუსიკას, იქნება ეს გრემის ტაძრის გადმოსახედის აკუსტიკური პანორამა, ფოკის მონასტრის ეკლესიის თითქმის ნულოვანი სიჩუმე თუ უფლისციხის ცარიელი ეკლესია, რომლის შიგნით სიჩუმეა, მაგრამ ფირზე ისმის, თუ როგორ ანგრევს გარეთ ქარი იქაურობას... წარმოიდგინე, რა საუნდია!

მოდი, ისევ მუსიკალური პოტენციის ძებნის პროცესზე ვისაუბროთ, მაგრამ, ამჯერად, არამუსიკალურის მაგივრად, მუსიკალურ აკუსტიკურ გარემოზე და მისი დაძებნის და განვითარების მცდელობას შევეხოთ...

რეზო: ახლა ლუბეკში რომ დავბრუნდები, გავაგრძელებ მუშაობას ნაწარმოებზე, რომლისთვისაც მასალის შეგროვება, თითქმის ორი წლის წინ დავიწყე. ყველაფერი კი, ასე დაიწყო: შვეიცარიაში ყოფნისას გავიცანი იქაური ბლოკ-ფლეიტისტი კონრად შტაინმანი, რომელიც, ამავე დროს, კომპოზიტორიცაა და ანტიკური მუსიკის საკმაოდ თამამი და არაკონვენციური მკვლევარიც. მან თავისი ანსამბლისთვის შემიკვეთა ნაწარმოები და ამ თემაზე პირველი საუბრისას დამიკრა მთელი თავისი ინსტრუმენტარიუმი - ბასბლოკფლეიტიდან დაწყებული, სოპრანომდე, თანამედროვეც და რენესანსულიც; ბოლოს, ერთი-ორი ანტიკური სტვირიც მოაყოლა... რა თქმა უნდა, ვიწერდი ამ სესიას; მოსმენას უჩვეულოდ დიდხანს მოვუნდი, თვეები, და მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერანაირი კონტაქტი ვერ დავამყარე ჩემთვის სრულიად უცხო ინსტრუმენტთან - ბლოკ-ფლეიტასთან. იმ დროს დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ამ ინსტრუმენტისთვის რამის დაწერას მოვახერხებდი. ბოლომდე მღრღნიდა ეჭვი, რომ ბლოკ-ფლეიტასთან ჩემი ურთიერთობა არ და ვერ შედგება. არადა, გერმანულ სამყაროში ამ ინსტრუმენტს პატარაობიდანვე თხრიან პირში ბავშვებს, მათ კი, მერე სიცოცხლის ბოლომდე სძულთ ეს ინსტრუმენტი! მაგრამ შტაინმანი რომ ნაწარმოებს გიკვეთავს, უარს ვერ იტყვი. მოკლედ, ორი წელი გავაჯანჯლე. შარშან რომ შემახსენა, წავუყრუე, წელს კი, საბოლოო თანხმობა ვუთხარი, თუმცა, მაინც, წინასწარ ვიყავი დარწმუნებული, რომ ამ ჩემთვის მაშინ უპერსპექტივო ნაწარმოებს სასწაული თუ დაძრავდა წინ; ბევრისგან ვიცი და მეც ეგრე ვარ: როდესაც მასალასთან წმინდა ხელოსნური დამოკიდებულება მაქვს, საქმე წინ ვერ მიდის. და უცებ, მაინც მოხდა ისე, რომ ემოციურად უმძიმეს სიტუაციაში, უსაყვარლესი ადამიანის ბოლო დღეების შემყურეს, მისი გახშირებული სუნთქვის ძალაუნებური და სრულიად მექანიკური სმენის დროს, თავისით დამილაგდა ის ფარგლები, ემოციურიც და ტექნიკურიც, ურომლისოდაც, ვერც ზღვა მასალა ვერ გაგაგრძელებინებს მუშაობას და ვერც ხელოსნური ფოკუსების მთელი არსენალი. სრული თავისუფლება თითქმის ყოველთვის დაბრკოლებაა ჩემთვის, სანამ არ გამოჩნდება ჩარჩო, რომლის შიგნითაც უნდა მივაღწიო თავისუფლებას. მოწაფეებს რომ ვეუბნები, რაც გინდათ, ის დაუკარით-მეთქი, - იბნევიან, არ იციან რა დაუკრან; დავუდგენ თუ არა რამდენიმე ბგერით ჩარჩოს საიმპროვიზაციოდ, მაშინვე ინტუიციით იწყებენ კომბინირებას, პერმუტაციას, თამაშს და ავიწყდებათ, რომ სულ რამდენიმე წუთის წინ არ იცოდნენ, თუ რა და როგორ დაეკრათ... მოკლედ - კომპოზიციაში მანამდე ვერ ვიწყებ მუშაობას, სანამ ეს ჩარჩო თუ ფარგლები არ დაისახება, რომლის შიგნითაც აღმოჩნდება ხოლმე ის იმპულსი, ემოციურიც და რაციონალურიც, ნაწარმოების დამთავრებამდე რომ გამყვება. სხვანაირად არ გამომდის...

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ შენ შეგიძლია ბოლომდე ენდო ამ პირველად ბიძგს? რამდენადაა მნიშვნელოვანი, რომ ეს საწყისი ბიძგი მუსიკის წერის მთელი პროცესის განმავლობაში გაგყვეს?

რეზო: თუ ეს მართლა კრეატიული ბიძგია, მაშინ ის, როგორც წესი, მთელი ნაწარმოების შექმნის პროცესში ინარჩუნებს ძალას, მიუხედავად მთელი რიგი ტექნიკური თუ სხვა სახის დაბრკოლებებისა. ის იმპულსი, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, შეიძლება ხუთ წუთში გაქრეს, მაგრამ ჭეშმარიტი კრეატიული ბიძგი ისაა, რომელიც გზაზე შეგაყენებს და ამ გზაზე მეგზურად გამოგყვება. ამ დროს, ანუ საწყის ეტაპზე, არც ვიცი ხოლმე, რამდენად საინტერესოა დასახული ემოციური ამოცანა, მაგრამ, როგორც წესი, ვენდობი ხოლმე მას. არადა, არ ვარ ის ტიპი, რომელსაც მიაჩნია, რომ პირველივე გაჩენილი იმპულსი გადამწყვეტი და ერთადერთია. მეორე მხრივ კი, - არ მჯერა ერთი ნახვით შეყვარების, მაგრამ ეს დამმართვია; არ მჯერა პირველი შეხვედრისთანავე მეგობრობის, მაგრამ ესეც მომსვლია. იმის თქმა მინდა, რომ პირველი იმპულსი ყოველთვის სწორი არ მგონია, მაგრამ თუ ძლიერია, მივყვები.