საბჭოთა კავშირის სასჯელაღსრულებითი სისტემის, სახელგანთქმული არქიპელაგ გულაგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი იყო მორდოვეთის ბანაკების სისტემა, რომელსაც ისტორიულად დუბრავლაგი ეწოდებოდა; დუბრავლაგის პოლიტიკური ბანაკის ოფიციალური დასახელება კი იყო ЖХ 385/3-4 (ქალთა პოლიტიკური ბანაკი) და ЖХ 385/3-5 (მამაკაცთა პოლიტიკური ბანაკი). მე და ჩემი ძმა, დავით ბერძენიშვილი ამ ბანაკში მოვხვდით საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს მიერ ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდის ბრალდებით გასამართლების შემდეგ. ჩვენ ზონაში სასჯელს იხდიდნენ ე.წ. "დემოკრატები" (ჩვენი კოლეგები, ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდისთვის გასამართლებულები, ე.წ. სამოცდაათიანელები, რადგან შესაბამისი სტატია რსფსრ სისხლის სამართლის კოდექსში რიგით სამოცდამეათე იყო), სამშობლოს მოღალატეები, უცხო ქვეყნების (ძირითადად, აშშ, ჩინეთისა და იაპონიის) ჯაშუშები, პოლიტიკური ტერორისტები და სამხედრო დამნაშავეები (ძირითადად, მეორე მსოფლიო ომის დროს ოკუპანტებთან მოთანამშრომლე კოლაბორაციონისტები). ამ ბანაკში თავს გადამხდარი ამბებიდან, ბუნებრივია, მეგობრებისთვის და ახლობლებისთვის ბევრი რამ მომიყოლია. ხშირად მეუბნებოდნენ, - ეს ამბები უნდა აღწერო, მარტო შენი საკუთრება არ არისო, - მაგრამ მე, რატომღაც, მუდმივად თავს ვიკავებდი. პოლიტიკური ბანაკიდან სასჯელის სრულად მოხდიდან თითქმის მეოთხედი საუკუნის გავიდა და ერთ მშვენიერ დღეს ვიგრძენი, რომ ყველაზე ძვირფასი, რაც მორდოვეთთან მაკავშირებდა, უნდა აღმეწერა. ყველაზე ძვირფასი კი, პოლიტიკურ ბანაკში, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ადგილას, ადამიანი და მისი ბედისწერაა. მორდოვეთის ასსრ, ტენგუშევოს რაიონის დასახლება ბარაშევო ჩემთვის, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავდა საბჭოთა კავშირის ყველა კუთხიდან იქ ეტაპით ჩაყვანილ და პატარა, დაახლოებით საფეხბურთო მოედნის ტოლ სივრცეში გამომწყვდეულ ადამიანებს, ჩემს თანამოსაკნეებს. რამდენიმე მათგანზე მოგითხრობთ ჩემი ჩანახატები.
არკადი
ორი სიცოცხლე ჰქონდა, უფრო სწორად, ისეთ დაწესებულებაში (ეს სიტყვა საბჭოთა კავშირის შემდეგ არც უნდა იხმარებოდეს, იმდენად მკვიდრად საბჭოურია და აღიარებს სახელმწიფოს მიერ ადამიანისთვის დადგენილი წესის უზენაესობას), კერძოდ, ისეთ და-წეს-ებ-ულ-ებ-ა-ში ЖХ 385/3 5 იმყოფებოდა, რომ სიცოცხლე სულ არ ჰქონდა, მაგრამ მან ამის შესახებ არ იცოდა; მან იცოდა, რომ ის არის არკადი დუდკინი, სამამულო ომის გმირი, კაცი, რომელმაც ეკლესიის თავზე (რა თქმა უნდა, კინოში ნანახ რაიხსტაგს გულისხმობდა, ეტყობა, მისი წარმოდგენით, გუმბათი მხოლოდ ეკლესიას შეიძლება ჰქონდეს) ქანთარიასთან ერთად წითელი დროშა დაამაგრა, ხოლო გოროხოვი (ამ გვარში არკადი მელიტონ ქანთარიას თანამედროშეს, სახელგანთქმულ მიხაილ ეგოროვს გულისხმობდა) იქ არ ყოფილა. კიდევ არკადიმ იცოდა, რომ 13 მაისს თავისუფლდებოდა, ოღონდ ან წლების აღრიცხვა შეწყვიტა, ან აღარ ახსოვდა, რამდენი ჰქონდა მისჯილი, ან მისთვის დადგა ერთი საბოლოო და უსასრულო წელიწადი, რომელშიც იგი ყოველწლიურად უნდა გათავისუფლებულიყო, მაგრამ ბოროტი ადამიანები, მისი სიტყვებით, "სუპოსტატები" არ ათავისუფლებდნენ.
კიდევ ბევრი რამ იცოდა არკადი დუდკინმა - მაგალითად, ვლადიმირის ციხეში საკანში მასთან ერთად მჯდარმა ბრეჟნევმა რომ ომში სისხლითა და ოფლით მოპოვებული მედლები და ორდენები მოჰპარა, რომ იგი ტანკიდან "გამოაპულტირეს" (меня пультировали-ო, უყვარდა თქმა) და კიდევ ბევრი ასეთი რამ, რაც ავლენდა მის ხაზს, მის გულუბრყვილო, არაპროფესიულად დამუშავებულ ლეგენდას, რომელიც დაპატიმრების დღიდან აირჩია და რომლისთვისაც აღარ უღალატია: იბრძოდა ომში, მოიპოვა მედლები და ორდენები, დროშა დაამაგრა, სადაც საჭირო იყო და სულ ტყუილად დააპატიმრეს. ამ ლეგენდის დამუშავებაში, ეტყობა, მას ეხმარებოდა ის ფაქტი, რომ მისი უფროსი ძმა, ვასილი დუდკინი მართლა იბრძოდა სამამულო ომში, მართლა გმირი იყო და, რაიხსტაგზე დროშა თუ არ დაუმაგრებია, რაიხსტაგის აღების ოპერაციაში მართლა მონაწილეობდა.
დიახ, არკადიმ იცოდა, რომ გმირი იყო, მაგრამ მისი ცოდნა არ ეთანხმებოდა ზონის ადმინისტრაციისა და, კაცმა რომ თქვას, მთელი ზონის ცოდნას. ეს უკანასკნელი კი აღიარებდა მხოლოდ ერთ ფაქტს: ომის დროს არკადი პოლიცაი იყო. როდესაც გერმანელები შევიდნენ მის ბელარუსულ სოფელში, არკადი 15 წლის იყო და ტყეში არ თუ ვერ გაიქცა, რომ ომის პირველივე დღეებიდან გმირული პარტიზანობა დაეწყო, ხოლო 17 წლის რომ შესრულდა, არკადის, ამ უწვერულ და წერა-კითხვასთან მწყრალად მყოფ ცოტა იმნაირ ბიჭს პოლიცაის ფორმა ჩააცვეს, ხელში "შმაისერი" მისცეს და სოფელში წესრიგის დამყარება მოთხოვეს. იარაღის გასასინჯად ტყისკენ წავიდა და რამდენიმე ჯერი დაცალა (ეს უკანასკნელი საქციელი საბრალდებო დასკვნაში ასე აისახა «сделал выстрел в сторону партизан»). ორი დღის შემდეგ სოფელი პარტიზანებმა დაიკავეს და არკადის პოლიციელობაც დასრულდა. პარტიზანებს ჭკუასუსტის დასჯაზე არც უფიქრიათ. საბოლოოდ პოლიცაის ფორმის ჩაცმა (მეტი დანაშაული საბრალდებო დასკვნაში არ იყო აღწერილი, იმიტომ, რომ სოფელში სულ ხუთი ოჯახი იყო, ებრაელები იქ არ ყოფილან, კომუნისტები არ ყოფილან და რა რეპრესიები უნდა განეხორციელებინა პოლიცაი დუდკინს, თანაც 48 საათის განმავლობაში, უცნობია) არკადის ძვირი დაუჯდა: ისედაც სუსტი გონება, რომლითაც იგი სამყაროს ბავშვურად აღიქვამდა, კიდევ უფრო აერია, თავს დაღუპულ ძმად ასაღებდა, ომის ეპიზოდებს თხზავდა და თავის როლს პოულობდა ყველა ეპიზოდში; ამიტომ იგი ერთდროულად ლენინგრადის ბლოკადასაც არღვევდა, სტალინგრადშიც იბრძოდა, კურსკის რკალიც გაარღვია და ბერლინი ხომ აიღო და აიღო. სოფელს ეცოდებოდა, მისი ორდღიანი სასაცილო პოლიციელობაც ახსოვდა და ისიც, რომ არკადი, კაცს კი არა, ჭიანჭველას არ აწყენინებდა და ეთამაშებოდა ამ თამაშს, ის კი არა, სამოწყალოდ ინახავდა კიდეც, როგორც შინაურ სულელს და ძველ ეკლესიასთან ერთად მთელი სოფლის ერთადერთ ღირსშესანიშნაობას.
არკადის წერა-კითხვა აღარ უსწავლია, მაგრამ კინო უყვარდა და ყოველი ახალი ფილმის შემდეგ თავის პატარა ისტორიას თხზავდა, რომელშიც იგი (და არა სტალინი და ჟუკოვი) გვევლინებოდა საბჭოთა კავშირის მხრიდან ომის მთავარ მამოძრავებელ ძალად. ცხოვრება ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ მარადფხიზელმა და ყოვლისმცოდნე ბელარუსმა მზვერავმა პიონერებმა (მათი საერთო სახელი იყო следопиты), კომკავშირული და პარტიული ხელმძღვანელობის სრული და განუხრელი მხარდაჭერით არ მიაგნეს, ამხილეს და სამართალი არ აღუსრულეს (ფორმალურად, პიონერებს არ დაუჭერით, მილიციამ "ივაჟკაცა", მაგრამ რამდენიმე პიონერის გვარი მაინც აღმოჩნდა არკადი დუდკინის საბრალდებო დასკვნაში). 1972 წლიდან სასჯელს იხდიდა როგორც სამშობლოს მოღალატე და სამხედრო დამნაშავე.
ის ამბავი, რომ საბჭოთა "კაგებემ" სოფლის უწყინარი გიჟისგან სამშობლოს მოღალატე გამოიყვანა, არავის გაკვირვებია, მაგრამ დისიდენტების დაჟინებული მოთხოვნით (ზონაში ჩასვლისთანავე მე და დათოც შევუერთდით ამ მოთხოვნას) და დაინტერესებული საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, ყოველწლიურად ჩამოდიოდა კომპეტენტური კომისია მოსკოვიდან, რომელშიც საბჭოთა ფსიქიატრიის "ასები" შედიოდნენ (აკადემიკოსსა და პროფესორზე ნაკლებს როგორ შეიყვანდნენ ასეთ კომისიაში, მათ დასკვნებს ხომ მსოფლიო ნდობა უნდა მოეპოვებინათ) და განუხრელად (კომუნისტების საყვარელი სიტყვა იყო) ეს კომისია ადგენდა შემდეგს: არკადი დუდკინი ფსიქიურად ნორმალურია, დანაშაულის ჩადენის დროსაც შერაცხადი იყო და ახლაც ასეთია, ასე რომ, ვადამდე მისი განთავისუფლების მოთხოვნა სრულიად უსაფუძვლოა, ჩვენი ხალხი ყოველთვის მკაცრად მოჰკითხავს სამშობლოს მოღალატეებს და იმათაც, ვისაც პირსისხლიანი პოლიცაისგან უწყინარი ყმაწვილის გამოყვანა სურს.
სწორედ ამიტომ, ყოველი წლის 13 მაისს, როცა ზონელი ქართველები 1981 წლის დიუსელდორფის სტადიონზე თბილისის "დინამოს" ისტორიულ საფეხბურთო გამარჯვებას, დარასელიას და გუცაევის გმირობის წყალობით, ევროპის თასების მფლობელთა თასის მოპოვებას აღვნიშნავდით, ლიტველი და ლატვიელი კათოლიკეები რომის პაპის, იოანე-პავლე მეორის სახელზე ლოცულობდნენ, რომელიც იმავე წლის იმავე დღეს სასწაულებრივად გადაურჩა "რუხი მგლის", მეხმეტ ალი აგჯას ორ ტყვიას, ყველა ელოდებოდა საღამოს 6 საათს. საღამოს 6 საათისთვის მთელი ზონა ე.წ. "კურილკასთან" იდგა მარადიული სპექტაკლის მოლოდინში.
სპექტაკლს ერთადერთი მონაწილე ჰყავდა. ეს იყო ერთი მსახიობის თეატრის ბარაშევული ვარიაცია: პირველ აქტში ბარაკიდან გამოსული არკადი დაიძვრებოდა ადმინისტრაციის შენობისაკენ, თავისი ჯოხით მიადგებოდა იმ ოთახის ფანჯრებს, რომელშიც ფსიქიატრიული კომისია იკრიბებოდა ხოლმე და ანტრაქტის გარეშე გადადიოდა მეორე აქტზე: გამწარებით ურტყამდა ამ ჯოხს კედელს; ხოლო მესამე აქტში ბელარუსულად რაღაც უცნობ მონოლოგს კითხულობდა, რომლის შინაარსის გარკვევას ზონის სახელგანთქმული სლავისტები, მიხაილ პოლიაკოვი და გელი დონსკოიც კი ვერ ახერხებდნენ. როგორც ჩანს, მშობლიურ ენაზე გათავისუფლებას მოითხოვდა.
არკადის არ აჩერებდნენ, წესრიგისკენ არ მოუწოდებდნენ. ერთ საათს ურტყამდა თავის ჯოხს კედელს და ადმინისტრაცია დუმდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაღლილი და ვალმოხდილი "კურილკასთან" შეუერთდებოდა დანარჩენებს, გამოჩნდებოდნენ კონტროლიორები და კედლის დაზიანების დონეს ამოწმებდნენ. ამ პოლიტიკური აქტისთვის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, სადაც 2 მმ სიგრძის თმის მოშვებისთვის 15-დღიანი შიზო (ШИЗО, т.е. Штрафной ИЗОлятор, სადამსჯელო იზოლატორი) იყო გარანტირებული, არკადი არასოდეს დაუსჯიათ - ზონის ადმინისტრაციამ და კონტროლიორებმა მშვენივრად იცოდნენ, ვისთან ჰქონდათ საქმე, ისინი ხომ დიდი აკადემიკოსები არ ყოფილან, რომ გიჟი და ნორმალური ვერ გაერჩიათ.














