პროექტი განსაბჭოება
view counter

ბლოგის ბოლო ჩანაწერები

მაგდა კალანდაძე
სანდრო ნავერიანი
მაგდა კალანდაძე

უახლესი კომენტარები

6 სექტემბერი, 2010 - 20:52
6 სექტემბერი, 2010 - 12:47
3 სექტემბერი, 2010 - 16:01
Tom
3 სექტემბერი, 2010 - 04:24
31 აგვისტო, 2010 - 00:09
iსაქართველო

თევზი

10
ახლა, როდესაც დამოკიდებულებას ვიცვლი ჩემი ცხოვრების მიმართ, იმის მიმართ, თუ ვინ ვარ და რას წარმოვადგენ, სიმამაცე მემატება. მით უმეტეს, რომ უცხო ქალაქში ვარ. შეიძლება ეს კიდევ ერთხელ არის რაღაც ილუზია და სპონტანური შთაგონება, რომელიც დიდხანს არ გაგრძელდება. 
სასტუმრო, თანამედროვე კუთხოვანი შენობა. მოცუცქნული ოთახი ჩემოდნისთვის ადგილის გარეშე. თეთრი კედლები. ხედი მაღალ შენობებზე. და მონიტორი _ კედელზე დაკიდებული ტელევიზორი, რომელიც ერთ კადრს აჩვენებს _ აკვარიუმი თევზებით. გამოირჩევა ყვითელი თევზი, რომელიც რუტინულად დაცურავს ეკრანის ერთი ბოლოდან მეორისკენ და უკან. აკვარიუმის კადრს რაღაც „წყალქვეშა“ მუსიკა ერთვის თან. მონიტორი _ თევზები _ ავტომატურად ირთვება როგორც კი ოთახში შევდივარ. და ეს დამაწყნარებელი „ფანჯარა“ _ ჰარმონიული აკვარიუმი _ სინამდვილეში კონვულსიური ნევროტული მოძრაობაა ერთი და იგივე სიმშვიდით, ერთი და იგივე სიმშვიდით, ერთი და იგივე სიმშვიდით...
ამ ბოლო დროს პროტესტის ფორმაზე ვფიქრობ, თუმცა იდეა რეალურად არ მომსვლია თავში. საკმარისად არ ვფიქრობ, ან საკმარისად გამბედავი არ ვარ. და აი, მივაგენი _ მხატვარ ნიკი დე სენ ფალეს გამოხატვის ხერხს. მას თოფი ჰქონდა, რაღაც სანადირო თოფივით, რომელიც ტყვიების ნაცვლად საღებავებს ესროდა სპეციალურად გამზადებულ კედელს, რომელზეც ესა თუ ის რამ იყო გამოსახული. „მას სურდა, ესროლა ადამიანებისთვის, საზოგადოებისთვის, ეკლესიისთვის... ყველაფერი ბოროტისთვის“, ამბობდა მინაწერი მუზეუმში.
ხელოვნება პროტესტია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, საკუთარი თავის გამოხატვა, ნებისმიერი რამის გამოხატვა, ნებისმიერი ვინმეს გამოხატვა. ხელოვნება ინდივიდუალიზმია, ზოგჯერ რადიკალიზმის ზღვარზეც კი. ხელოვნება შინაარსია და არა სილამაზე. უნიტაზი შეიძლება გახდეს ხელოვნების ნიმუში, თუ მას მნიშვნელობას მისცემ. ზუსტად ეს გააკეთა დუშამპმა, თუმცა იქნებ ეს ხელოვნების დაკნინებაა და არა პირიქით. ესპანელმა ხელოვანმა პეპე ესპალიუმ (1955_93) ხელოვნება ნიღბების შინაარსში იპოვა. ის აფრიკული ნიღბებით დაინტრიგდა, რომლებიც უკუღმა სურდა რომ გამოეფინა, ისე, რომ დამთვალიერებელზე შთაბეჭდილება მოეხდინა არა თვითონ ნიღაბს, არამედ _ ვინმეს არყოფნას.
ღია კაფეში ჩემს გვერდით შავკანიანი კაცი ჩამოჯდა და წიგნი ამოიღო, სათაურით „კანიბალების სექსუალური ცხოვრება“. არ გადაუშლია. გაზეთებს კითხულობდა. მზე ანათებდა შიგადაშიგ ღრუბლებიდან. მე ვკითხულობდი ჟ.მ.გ. ლე კლეზიოს ფუტურისტულ წიგნს „წყალდიდობა“.
„სამყარო, რომელშიც ყველა საგანი, ყველა ატომი გამოისახებოდა ერთი ასოთი და ყოველი მოვლენა და კონსტრუქცია, ან ნებისმიერი სხვა რამ, ჯადოსნურ კვადრატს დასახავდა:
A A A A
A A A A
A A A A
A A A A
_ ანუ, ისინი მუდმივად გამარტივებისა და დაწრეტის განუწყვეტელ პროცესში ერთვებოდნენ, სანამ ის მომენტი დადგებოდა (რომლის აღწერაც შეუძლებელია), როდესაც შემთხვევა და საგანი, ჯაჭვი და კავშირი, ერთ ფენომენად, A-დ, ჩამოყალიბდებოდა. მოპედი ქუჩის ერთი მონაკვეთის გასწვრივ მიმქრალი ხმით მოძრაობდა კუთხე X_სა და ლამპიონ Y_ს შორის და აირეკლავდა შუქს. მაგრამ მოპედი, როგორც ასეთი, შეზღუდული იყო ქუჩის ამ კონკრეტულ მონაკვეთში, ხმაში, რომელსაც ის გამოსცემდა, შუქში, რომელსაც ის აირეკლავდა. რაღაც მომენტში მისი მოძრაობა იქნებოდა დაპატიმრებული, შეიძლება ათასი წლითაც, ან განმეორდებოდა, განმეორდებოდა, განმეორდებოდა ის სწრაფი რიტმული მოძრაობა კუთხე X_დან ლამპიონ Y_ამდე, სანამ თვითონ მოძრაობა გახდებოდა მისი არსებობის გამომხატველი. აქ წვიმა ყოველთვის ასე იქნებოდა განუწყვეტელი, ტროტუარი ასე გაგრძელდებოდა მარჯვნივ უსასრულობისკენ. მაინც ორივე იქნებოდა რაღაც განსხვავებული, სადაც წვიმა და ტროტუარი აღარ იარსებებდნენ; აღარ იარსებებდა მოპედი, აღარც კუთხე, აღარც ლამპიონი, განათებული თუ ჩამქრალი, აღარც საღებავამძვრალი კედლები, აღარც ჯაჭვების ან სველი საბურავების ხმა... სამაგიეროდ იქნებოდა პატარა, მშვიდი, ხელშეუხებელი სურათი, გაყინული იმიჯი, მკვდარი მანამდე, სანამ უკვდავების მიღწევის შანსი მიეცემოდა, თამაშის ნაწილი, რომელსაც უკვე ვეღარავინ გაიგებდა... ყველაფერს ეს დასასრული ექნებოდა. მანამდე კი წყალი მილებში მიედინებოდა, და პატარა საგნების მთელი რიგი ტივტივებდა ქუჩის გასწვრივ გუბეებში. ეს იყო დასაწყისი“.
საშინლად მომეწონა ეს იდეა მუდმივი გამეორების, რომელიც ბოლოს ხდებოდა არაფერი და რომ ხმის არსებობა შუალედებში პაუზებით განისაზღვრება.
ჩემი არსებობა იქნებოდა არაფერი, მკვდარი, ამ "პაუზების" გარეშე, სხვა საგნების გარეშე, ადამიანების, აზრების, განცდების... რომლებიც ამ არსებობის განუწყვეტლობას არღვევენ.
ფრანსუა ბეკონის (1909_92) ნახატი _ „სამი ფიგურა და პორტრეტი“ (სადაც ნაჩვენებია მისი საყვარელი მამაკაცი, რომელმაც თავი მოიკლა). ბეკონი ასე აღწერდა მის ნახატებს: „თითქოს სულიერმა გაირა მათში და სულიერის არსებობის და წარსული შემთხვევების ხსოვნის კვალი დატოვა ლოკოკინასავით.“

4 მაისი, 2009