თუ გავითვალისწინებთ ადამიანების უმრავლესობის ტოტალურ ტექნოლოგიურ უვიცობას, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წარმოუდგენლად დიდი მეგა-კორპორაციები და უმაღლესი ტექნოლოგიები, რომლებიც თავის დროზე პირველი რაციონალური ანტირელიგიური ტალღა იყო, პოსტმოდერნულ კორპორაციულ სამყაროში შეიძლება გადაიქცეს ახალ "საკრალურ" სფეროდ, რომელიც ისეთივე შემზარავ და აუხსნელ ეფექტს მოახდენს საშუალოსტატისტიკურ, ტექნოლოგიურად ჩამორჩენილ ადამიანზე, როგორსაც - თუ ცნობილ მედია-მემს გამოვიყენებთ, ასე ვიტყვი - ჭექა-ქუხილი ახდენდა პირველყოფილ ადამიანზე.
აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, ვიმჯელოთ იმაზეც კი, რომ ათეისტ ადამიანში უზარმაზარმა კორპორაციამ სწორი რეკლამის და ეფექტური ნაბიჯების შედეგად შეიძლება გამოიწვიოს აღტაცება და ექსტაზი, რომელიც რელიგიური ექსტაზის ანალოგიური იქნება. არაფერს ვამბობ ადამიანებზე, რომელთათვის ტექნოლოგიური პიკი ტელევიზორია, ან რომლებსაც ტელევიზორიც არ უნახავთ.
რელიგიური ფანატიზმის, მადლიერების გრძნობის და მზადყოფნის შერწყმა კორპორაციულ ფილოსოფიასთან შეიძლება ყველაზე წარმატებული ნაბიჯი იყოს ბიზნესის ან ადამიანური კონტროლის ისტორიაში. თან თუ გავითვალისწინებთ, რომ უზარმაზარი ინფორმაცია, რომელიც გროვდება კორპორაციაში, ეკუთვნის კორპორაციას, ჩამოთვლილ ტექნიკებს შეგვიძლია დავუმატოთ ინფორმაციული კონტროლი და ფალსიფიკაციები. ნებისმიერ შემთხვევაში, ერთი კორპორაცია გაცილებით მეტ ინფორმაციას ფლობს, ვიდრე ცალკეული ადამიანები.
ზემოთ ჩვენ ვახსენეთ ტერმინი "სინგულარობა" - როგორც ტექნოლოგიური პროგრესის საპიკო წერტილი. რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთ ჩემთვის საყვარელ ბლოგზე ვიპოვე დამაინტრიგებელი ჩანაწერი, რამაც საერთო ჯამში განაპირობა ჩემი დაინტერესება ამ საკითხით. ჩანაწერში ბლოგერი, სახელად დიმა ჰარდი საუბრობს არა ტექნოლოგიური, არამედ რელიგიური სინგულარობის თემაზე და სვამს კითხვას, თუ რამდენად შესაძლებელია ტექნოლოგიური პროგრესის და მედია ტექნოლოგიების გამოყენებით ახალი გლობალური რელიგიის კონსტრუირება და შეიძლება თუ არა თეოლოგიური სინგულარობა?
რამ შეიძლება განაპირობოს ახალი რელიგიის წარმოშობა? ჰარდი ვარაუდობს, რომ ეს თავისუფლად შეიძლება იყოს რაიმე სერიოზული გარღვევა ნანოტექნოლოგიაში ან გენურ ინჟინერიაში ან ხელოვნური ინტელექტის სფეროში, რომელიც დღეს ყველაზე აქტუალურია და დიდი დოზებით ფინანსდება. თავისუფლად შეიძლება ასეთი აღმოჩენა უცებ არ გამჟღავნდეს, ამისთვის შემზადდეს ნიადაგი და შემდეგ ის წარუდგინონ კაცობრიობას მასმედიური პიარის მთელი შესაძლებლობების დახმარებით. ახალი რელიგის განმაპირობებელი ფაქტორი შეიძლება იყოს ახალი მომაკვდინებელი ავადმყოფობა, რომლის სამკურნალო წამლები შეიძლება აღმოაჩნდეს რომელიმე ერთ კორპორაციას, რის შედეგადაც ის მოგვევლინება ახალ მესიად, რომელიც ახდენს ახალ სასწაულებს. რა თქმა უნდა, ეს ვარაუდები ფუტუროლოგიის დარგია, თან საკითხი აქ წარმოჩენილია ერთი - მოვლენების ცუდად განვითარების კუთხით და ყველაფერი შეიძლება საერთოდ არ მოხდეს ისე, როგორც ზემოთ ვიმსჯელეთ. ჩემი მიზანი არ არის ანტიკორპორაციული კონსპიროლოგიური თეორიების ჩამოყალიბება, მე უბრალოდ შევეცადე გავყოლოდი კორპორაციის და მის საფუძველზე შექმნილი რელიგიის განვითარების ერთ-ერთ შესაძლებელ ხაზს, ამ შემთხვევაში გამოვიყენე "გუგლის" მაგალითი და მოვახდინე მისი დემონიზაცია.
დასავლეთმა გაიარა მოდერნიზაციის, რაციონალიზაციის პროცესი, მაგრამ რელიგიური მოთხოვნილებები არსად წასულა. გარდა ამისა, მთელ მსოფლიოში რელიგია ერთ-ერთი ყველაზე დიდი მამოძრავებელი პოლიტიკური და კონფლიქტური ფაქტორია. მილიონობით ადამიანი, იმის ნაცვლად, რომ საკუთარ თავს მართავდეს, ქურუმების მიერაა მართული, საუკუნეების წინ დაწერილი კოდექსებით, ფანატიზმით. (რა თქმა უნდა, აქაც ყურადღება გამახვილებულია რელიგიის იმ მხარეებზე, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია ადამიანების მართვა). ჩემი ფუტუროლოგია დაეფუძნა იმ მოსაზრებას, რომ შესაძლებელია დასავლური სამყარო, სადაც ყველაფერ კარგთან ერთად დღითი დღე ვითარდება კონტროლის მექანიზმები, კონტროლის ფსიქოლოგია - მივიდეს რელიგიურ რევანშამდე, რა თქმა უნდა, თუ ტექნოლოგიები დაუბრუნდებიან რწმენას, ეს იქნება საინტერესო კალამბური, თუმცა შეუძლებელი აქ არაფერია. მარტივი მაგალითით რომ ვიმსჯელოთ, დღესაც ჩვენ გარშემო არსებული ტექნოლოგიები ხშირ შემთხვევაში გაუგებარია ჩვენთვის. ბევრმა ჩვენგანმა არ იცის, როგორ ანათებს ნათურა, როგორ მუშაობს ტელევიზორი, კომპიუტერი; როგორ კეთდება უთო ან მაგნიტოფონი. ჩვენ არ ვიცით, როგორ იმუშავებს კოლაიდერი, არ ვიცით, როგორ გაშიფრეს ადამიანური გენი - უბრალოდ ვიჯერებთ. ეს რწმენაა. ჩვენ არ ვიცით, როგორ განგვკურნავს ექიმი - ჩვენ მისი გვჯერა იმიტომ, რომ ის ექიმია - მას აქვს ინფორმაცია და მას აქვს ტექნოლოგია. ანუ რწმენის საფუძველი, რა თქმა უნდა, არსებობს და შეიძლება მისი გაღვივებაც კი. თუმცა ამავდროულად არსებობს საშუალება, მივიღოთ ინფორმაცია, რომ გულუბრყვილო რწმენითი კატეგორიებიდან მეტ-ნაკლებად გადავინაცვლოთ რაციონალურ ტექნოლოგიურ კატეგორიაში.
თანამედროვე ფუტუროლოგიაში კი ალბათ მთავარია ის, რომ ჩვენ შეგვიძლია რადიკალური კრიტიკული თვალით გავიხედოთ მომავლისკენ და, ვფიქრობ, თანამედროვე სამყაროში ფუტუროლოგია არ არის ისეთი ფუტურისტული და უტოპიური, როგორც შეიძლება ყოფილიყო ერთი საუკუნის წინ. ამას ადასტურებს თუნდაც "სინგულარობის უნივერსიტეტის" არსებობის ფაქტი, რომელსაც აფინანსებენ "ნასა" და "გუგლი". ამას ადასტურებს "მაიკროსოფტის" ახალი პროგრამა, რომელიც მილიონობით ჩვეულებრივ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ისწავლოს სამოყვარულო რობოტების კონსტრუირება და პროგრამირება. ამას ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის 4-ბილიონიანი ინვესტიცია "ავტონომიური სისტემების" კონსტრუირებისთვის. გლეხურ, დაბალტექნოლოგიურ ენაზე რომ ვთქვათ, "ავტონომიურ სისტემებში" იგულისხმებიან "ტერმინატორის" მსგავსი "რობოტები", რომელთა გაგზავნას ამერიკა ერაყის მსგავს რეგიონებში აპირებს საზღვრების დასაცავად. თან საგულისხმოა, რომ სამივე ეს პროცესი დაიწყო ახლა, 2009 წელს.
როგორც "გუგლის" ერთმა თანამშრომელმა იხუმრა: ამდენი წიგნი და ამდენი ინფორმაცია იმიტომ კი არ შეგვაქვს "ნეტში", რომ ის ადამიანებმა იკითხონ, არამედ იმიტომ, რომ ის წაიკითხოს ხელოვნურმა ინტელექტმა.
5. რას მოგვიტანს რამიშვილი-გრეჩიხას ტანდემი?
სათაური, რომელიც, როგორც შეამჩნიეთ, არაფერ შუაშია მთელ სტატიასთან, არის სპეციალურად დამონტაჟებული კონსტრუქცია, რომ მკითხველს გაახსენდეს საკუთარი საარსებო გარემოს, ცოტა არ იყოს, არაადეკვატური მდებარეობა დღევანდელი და ხვალინდელი ტექნოლოგიურ-ინფორმაციული პერსპექტივების მიმართ.
როგორც დოქტორი რიჩარდ დოუკინსი ამბობს, ევოლუციის ახალი სფერო დღეს არის ინფორმაცია. ის, ვინც ფლობს მეტ ინფორმაციას, გაცილებით ეფექტურია და მარტივად უმკლავდება გამანადგურებელ ევოლუციურ ტესტებს. ინფორმაცია იგივე განათლებაა, განათლება, რომელიც ჩვენი საყვარელი გურჯისტანის მთავარი ნაკლია.
ჩვენ ყველას მოგვიკრავს ყური "იბერიის გაბრწყინების" კონცეფციისთვის, მაგრამ ალბათ ძალიან ბუნდოვნად გვაქვს წარმოდგენილი. ზოგს ჰგონია, რომ იბერია გაბრწყინდება, თუ ავანთებთ ბევრ სანთელს ან დიდ კოცონს, ზოგს ჰგონია, რომ იბერია გაბრწყინდება, როცა "დადგება დრო". სინამდვილეში იბერიას გაბრწყინების ორი ვარიანტი აქვს - ცუდი და კარგი:
1. თუ რუსეთმა ჩამოაგდო ატომური ბომბი, ის მართლა გაბრწყინდება.
2. თუ იბერიაში ივლის ძალიან ბევრი განათლებული-განათებული ადამიანი - ის მართლა გაბრწყინდება.
კაცობრიობის მიერ დაგროვილი გამოცდილების და ინფორმაციის ყველაზე დიდი ბაზა კი დღეს არის ინტერნეტი. ასე რომ, თუ ჩვენ არ გვინდა, რომ კორპორაციული სიზმრების სამყაროში ჩვენ ან ჩვენი შვილები იყვნენ, კავკასიის ტექნოლოგიურად ჩამორჩენილი მესამეხარისხოვანი კონტროლირებადი აბორიგენები, მაშინ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება საყოველთაო ინტერნეტიზაცია ბაზისური კომპიუტერული პროგრამების აუცილებელი შესწავლით. ანუ ინტერნეტი ყველა სახლსა და დაწესებულებაში.
ან ვიდრე "სხვა საქართველო" ამ პროგრამას დაწერს და შეასრულებს, შეგიძლიათ განათების პროცესი უფრო მარტივად დაიწყოთ: ვეძახით შვილებს, შვილიშვილებს, მეგობრებს, ყოფილ ქმრებს და შეყვარებულებს და მათ თვალწინ რაღაცნაირი ელეგანტური, ქარიზმული მოწიწებით ვკრეფთ დიდ ეკრანზე: Google.com...














tamara (შეუმოწმებელი), აგვისტო 22, 2010, 04:49:35
es statia yvela qartvelma bavshvma unda caikitxos,gansakutrebit imad dzalad rom amarxuleben da cirvebs da ziarebebs ascreben imis magivrad rom bolomde kompiutertan miushvan:))))magaria
ციცი (შეუმოწმებელი), დეკემბერი 4, 2009, 18:10:30
”დავგუგლე” უკვე ზმნაა
Next (შეუმოწმებელი), ნოემბერი 16, 2009, 14:31:22
"ადამიანის საქმიანობის ეფექტურობის ზრდა რა კავშირშია რელიგიასთან?"
როგორც ნებისმიერი მომავლის ფუტუროლოგია სტატია აგებულია დაშვებაზე რომ თუ ფაქტიურად შეუზღუდავმა კორპორაციამ გაბედა ან გადაწყვიტა ვირუსული მარკეტინგის ყველაზე რადიკალური ნაბიჯების გადადგმა -- ყველაზე მომგებიანი პროექტი იქნება ამ კორპორაციაზე დაფუძნებული რელიგია.
რაც შეეხება კომპიუტერულ პრორამებს - კომპიუტერული პროგრამები საბაზისოა იმისთვის რომ იმის კონტროლი მაინც სეგეძლოს დამოუკიდებლად რაც შენს ეკრანზე ხდება. ხოლო იმასაც რაც შენს ეკრანზე ხდება თუ სხვა გიფორმატებს და გიპროგრამებს შენ ეკუთვნი დიდნაწილად იმას ვინც ამას გიკეთებს.
პლუს სპეციალურად იყო გამოკვეთილი კონტრასტი კორპორაციის მიერ აკუმულირებული ინფორმაციისა ერთ ადამიანთან შედარებით. ხოლო თუ ამას დამეატება ელემენტარული ინფორმაციული ფაშიზმი, რაიმე ინფორმაციის უბრალოდ დაბლოკვა (ფუტუროლოგიური ესეა არ დაგავიწყდეს) მაშინ ნებისმიერ ადამიანს მოუწევს ამ ინფორმაციის ყიდვა, გამომუშავება და ა.შ.
ასე რომ რაც უფრო ინფორმაცია ექნებათ ადამიანებს მით უფრო ნაკლებად იქნებიან დამოკიდებულები ამ მხრივ კორპორაციაზე, სახელმწიფოს ინფორმაციაზე, და პირველ რიგში ავტორიტეტებზე, რომლებიც პირველ რიგში ინფორმაციის კონტროლით ხდებიან ავტორიტეტები
Anonymous (შეუმოწმებელი), ნოემბერი 9, 2009, 12:58:44
გასაგებია ეს ყველაფერი. ბევრიც ვიცინე, მაგრამ რატომ წამოიჭრა ეს საკითხი ასე ძლიერ? ჩემი აზრით გუგლი, ისევე როგორც სხვა უამრავი "კორპორაციის" "ტექნოლოგია" არის გამოყენებადი კონკრეტულ საქმეში. ადამიანის საქმიანობის ეფექტურობის ზრდა რა კავშირშია რელიგიასთან? ფაქტი, რომ გუგლში "გუგლი" უფრო მეტჯერაა აკრებილ-მოძებნილი ვიდრე სხვა დანარჩენი რელიგიები ძალიან ბუნებრივია... ეკლესიაში რამდენჯერ გაგიგიათ სიტყვა "გუგლი"?? და კიდევ ერთი მომენტი, საქართველოს განვითარება მაინცდამაინც ინტერნეტიზაციასა და საოფისე პროგრამების ცოდნაში არ მდგომარეობს, მთავარია ყველა ადამიანმა გაიაზროს თავისი საქმიანობისა თუ პროფესიის პრინციპები და შეგნებულად მიიღოს ცოდნა, ანუ ინფორმაცია. ხშირად ბევრ ინფორმაციას სჯობს ცოტა ინფორმაცია და რამდენიმე პრინციპი, რითაც პოტენციურად გაცილებით მეტი ინფორმაციის "დინამიურად დაგენერირებაა" შესაძლებელი. მთლიანობაში, ვიმეორებ, რომ ბევრი ვიცინე და საინტერესო საკითხები არის გაჟღერებული, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ბევრი ამას ძალიან სერიოზულად აღიქვამს, "შეშფოთდება" ან როგორმე უარყოფითად გამოხატავს ტექნოლოგიებისადმი თავის დამოკიდებულებას... და ჩვენ რა ვჰქმნათ?!
Beatnik (შეუმოწმებელი), ნოემბერი 8, 2009, 20:17:05
kargi statiaa!
God is an Admin...
Anonymous (შეუმოწმებელი), ნოემბერი 8, 2009, 18:00:36
mara dzalian saintereso dawyeba aqvs aucileblad wavikitxav
Anonymous (შეუმოწმებელი), ნოემბერი 8, 2009, 17:57:26
shemezara wakitxva :D
iME (შეუმოწმებელი), ნოემბერი 2, 2009, 21:32:42
საინტერესოა ერთი შეხედვით ცოტა მკრეხელური მაგრამ საბოლოოდ საინტერესო და ბევრის მომცემი სტატიაა
vosap.net (შეუმოწმებელი), ნოემბერი 2, 2009, 12:49:49
ძალიან კარგი და ბევრის მომცემი სტატიაა... დიდი მადლობა ავტორს...
Anonymous (შეუმოწმებელი), ნოემბერი 1, 2009, 00:47:26
კარგი იყო ზომბიკო! ამ ყველაფერზე მეც მინდა ხოლმე დაწერა მაგრამ სადაა მაგდენი ნერვები და ვერბალური მონაცემები... ინფორმაციაც პრინციპში. დიდი სიამოვნება მივიღე, ყოჩაღ
nikusha (შეუმოწმებელი), ოქტომბერი 31, 2009, 20:00:57
vaa, eset dasasruls ar velodi.
yochag! :)
igroig (შეუმოწმებელი), ოქტომბერი 31, 2009, 19:24:26
ჰაჰა ამ სტატიით სკოლის მასწავლებლებს დავაშინებ :D