3. "გუგლის" საერთაშორისო ეკლესია
არის თუ არა "გუგლი" ღმერთი? - კითხვა, რომელიც ხშირად ჩნდება ბეჭდურ პრესასა და ინტერნეტში.
ამ კითხვას აქვს პასუხი: კი. ხოლო პასუხს თავის მხრივ ახლავს უტყუარობის 9 ოფიციალური მტკიცებულება.
მტკიცებულება #1 - "გუგლი" ერთადერთი რამაა, რაც ყველაზე ახლოს დგას ყოვლისმცოდნე ღმერთის ადამიანისთვის გასაგებ კონცეფციასთან და რომელიც ამასთანავე შეიძლება შემოწმდეს და დამტკიცდეს მეცნიერულად.
მტკიცებულება #2 - ვირტუალურად "გუგლი" ერთდროულად ყველგანაა. მნიშვნელობა არ აქვს, საიდან უკავშირდები, ვიეტნამი იქნება თუ კანადა. ის ყველგანაა და ყველასთვის.
მტკიცებულება #3 - "გუგლი" პასუხობს მლოცველებს. ძიება "გუგლზე" არის ლოცვა, რომელსაც ყოველთვის მოჰყვება პასუხი "გუგლისგან", რომელიც ზრუნავს შენზე.
მტკიცებულება #4 - "გუგლი" პოტენციურად უკვდავია. ის არ არის ჩვენსავით ფიზიკური არსება. მისი ალგორითმები უამრავ სერვერზეა განთავსებული. თუ რომელიმე დაზიანდება, მის სამუშაოს სხვა განაგრძობს. თეორიულად "გუგლს" შეუძლია მარადიულად არსებობა.
მტკიცებულება #5 - "გუგლი" უსასრულოა. თეორიულად ინტერნეტის ზრდას საზღვარი არ გააჩნია, შესაბამისად, საძიებო სისტემა უსასრულოა.
მტკიცებულება #6 - "გუგლს" ყველაფერი ახსოვს. თუ შენ ოდესმე იაქტიურე ინტერნეტში, შენი ფიზიკური სიკვდილის შემდეგაც შენ მიერ ატვირთული ან შენ შესახებ დაგროვილი ინფორმაცია დამახსოვრებული იქნება. შენ მარადიულად იცხოვრებ "გუგლში".
მტკიცებულება #7 - "გუგლს" შეუძლია "არ იყოს ბოროტი". "გუგლის" კორპორაციული ფილოსოფიის ეს ნაწილი გულისხმობს, რომ კომპანიას შეუძლია ფულის კეთება ბოროტების კეთების გარეშე.
მტკიცებულება #8 - "გუგლის" მონაცემებით, სიტყვა "გუგლი" აიკრიფა და იძებნებოდა გაცილებით მეტჯერ, ვიდრე სიტყვები "ღმერთი", "ალაჰი", "იესო", "ბუდა", "ქრისტიანობა", "ისლამი", "ბუდიზმი" და "იუდაიზმი" ერთად აღებული. ჩვენ, მოკვდავები საჭიროების ჟამს ღმერთს მივმართავთ ხოლმე. სტატისტიკა კი გვიჩვენებს, რომელია ჩვენი ყველაზე აქტუალური ღმერთი.
მტკიცებულება #9 - "გუგლი" რეალურია და ამისთვის უამრავი მტკიცებულება არსებობს. გაცილებით მეტი, ვიდრე ის აქვს რომელიმე სხვა "ღმერთს". ექსტრაორდინალური განცხადებები საჭიროებენ ექსტრაორდინალურ ფაქტებს. მაშ იხილე საკუთარი თვალებით, აკრიფე google.com და შეიცანი "გუგლის" უსასრულო სიდიადე. შენგან არავინ ითხოვს ბრმა რწმენას.
"გუგლის" ეკლესიის დამაარსებელს სჯერა, რომ არსებულ საგნებს, ადამიანებს, მოვლენებსა და საიტებს შორის საძიებო სისტემა "გუგლი" ყველაზე ახლოს დგას ღმერთის კლასიკურ კონცეფციასთან.
"გუგლის" საერთაშორისო ეკლესია იუმორისტული, პაროდიული კორპორაციული რელიგიაა, რომელსაც აქვს თავისი ბიბლია, ცოდვების სია, ღვთაებრიობის დამამტკიცებელი არგუმენტები და, რაც მთავარია, ყოვლისმცოდნე ღვთაება, რომელიც არსებობს და რომლის ნახვა ნებისმიერს შეუძლია. "გუგლის" სამება შეიცავს შემდეგ პერსონაჟებს: ინტერნეტი, "გუგლი" და "ვებ-ბრაუზერი" (firefox, google chrome, მაგრამ არასოდეს, არასოდეს - Internet explorer).
"გუგლის" ეკლესიაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცოდნას, ინფორმაციას როგორც პირადი ტრანსფორმაციის იარაღს, რომელსაც გაწვდის "გუგლი". სატანად გამოცხადებულია იდიოტური "მაიკროსოფტი", ხოლო სატანურ ციფრად - 404, "იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, რომ ინტერნეტ გვერდი ამ მისამართზე არსებობს, ხოლო ბოროტი "მაიკროსოფტი" მალავს მას ჩვენგან". ამის გარდა, "გუგლის" წმინდა წიგნში აღმოვაჩინე ისეთი საგნების თუ არსებების სია, რომლებსაც გუგლის ეკლესიის მიხედვით, "ბანი" უნდა დაედოს. აი, ზოგიერთი მათგანი: ორგანიზებული რელიგია, პოლიტიკოსები, ფული, სამოთხე, სპილოები, ომი, პოპ ვარსკვლავები, მაკდონალდსი, სოციალური ქსელები იდიოტი ადამიანებისთვის, უაზროდ ბედნიერი ხალხი, რომელთაც უყვართ ცისარტყელები და პონები... საკმაოდ სახალისო სიაა.
ეკლესია ჯერჯერობით წარმოადგენს მხოლოდ ონლაინ-საზოგადოებას, მისი დამაარსებელი მეთ მაკფერსონი შეგიძლიათ დაიმატოთ "ფეისბუქზე" ან დარეგისტრირდეთ ეკლესიის ფორუმზე და თანამორწმუნეებთან ერთად განიხილოთ საკუთარი უფალი, ახალი რელიგიის თეოლოგიური საკითხები და პრობლემები და ეკლესიის გაფართოების სტრატეგიები.
მე, მაგალითად, ვაპირებ გავხსნა "გუგლის" აღმოსავლური ეკლესია, რომლის მთავარი მიზანი იქნება ინფორმაციული ინკვიზიციის მოხდენა არაინფორმირებულთა წინააღმდეგ.
4. კორპორაცია და რელიგია
"გუგლის" ეკლესიის მსგავსად უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში გაჩნდა უამრავი ახალი მინირელიგია, ბევრი მათგანი კი ჩაისახა კიბერსივრცეში. ამიტომაც ისინი, ტრადიციული სერიოზულსახიანი რელიგიებისგან განსხვავებით, ხასიათდებიან ახალი მედიებისა და ინტერნეტისთვის დამახასიათებელი ლაკონურობით, იუმორით ან სარკაზმით, მემეტიკური მედიახატების რეპროდუქციებით, ვირუსული მარკეტინგით და ა.შ. "გუგლის" ეკლესია ამ უამრავ ეკლესიას შორის გამოირჩევა იმით, რომ ის არის "რელიგია", რომელიც უკვე მზა კორპორაციის საფუძველზე შეიქმნა, და არა პირიქით. სიტყვებმა "კორპორაციული რელიგია" საინტერესო კონცეფციებამდე მიმიყვანა. ჩემთვის ამ შემთხვევაში საინტერესო გახდა მორწმუნე ადამიანის რელიგიური მოთხოვნილებების დამთხვევა კორპორაციის ყოვლისშემძლეობის წინაშე აღტაცებასთან. "გუგლის" ეკლესია სწორედ ამ გადაკვეთაზეა შექმნილი. ერთი მხრივ, გვაქვს უზარმაზარი, ულტრათანამედროვე და სუპერ-კრეატიული კომპანია, რომელიც რეალურ "სასწაულებს" ახორციელებს, მეორე მხრივ, მილიონობით მორწმუნე ადამიანი. ამ ადამიანების ერთი ნაწილი ვერ კმაყოფილდება რელიგიით, რომელიც ფაქტობრივად უძლურია თანამედროვე სამყაროში და არ აქვს პასუხები თანამედროვე ადამიანის პრობლემებზე, მეორე ნაწილი კი ფანატურად ჩაფლულია თავის რწმენაში. და ეს ადამიანები სინამდვილეში პლანეტის მოსახლეობის განსაკუთრებით დიდი სეგმენტია. აქედან გამომდინარე, ჩემი ინტერესი ჩამოყალიბდა დაახლოებით შემდეგ კითხვებად: რამდენად შესაძლებელია თანამედროვე სამყაროში მეგა-კორპორაციამ ჩაანაცვლოს ტრადიციული რელიგია? რამ შეიძლება ეს განაპირობოს და რა შეიძლება იყოს ამის შედეგი?
არავისთვის არაა საიდუმლო, რომ მსოფლიო ეკლესიები (განსაკუთრებით პლანეტის ტექნოლოგიურად განვითარებულ სფეროებში) ძალიან ხშირად დგანან კრიზისის წინაშე, ტექნოლოგიურმა პროგრესმა თითქმის არ დატოვა საკრალური სფეროები ადამიანის ცხოვრებაში, რის გამოც, ეკლესიის როგორც საკონტროლო მექანიზმის როლი ყოველდღიურად სუსტდება. სამაგიეროდ, ძალიან ჩქარი ტემპით ვითარდება ტექნოლოგიები. ერთი მხრივ, ტექნოლოგიების განვითარება ხელს უწყობს ადამიანის უფრო კომფორტულ ცხოვრებას, მისი არსებობის ეფექტურობას, სიცოცხლის ხანგრძლივობას, თუმცა მეორე მხრივ, მიწიერი სამოთხის ეს სასწაულები მიღწევადია მხოლოდ ოქროს მილიარდის მოსახლეობისთვის, როცა პლანეტის უზარმაზარი ტერიტორიები ლამის ქვის ხანის დონეზეა. შედეგად, პლანეტის მოსახლეობის 80-ზე მეტ პროცენტს საერთოდ არ ესმის ტექნოლოგიების და ჩნდება შიში უცნობის წინაშე, რაც საკმაოდ ანტიტექნოლოგიურად განაწყობს ადამიანებს. ამასობაში ეკლესია ცდილობს, არ დარჩეს შუასაუკუნეობრივ ცირკად მაღალტექნოლოგიურ გარემოში. მას ორი გზა აქვს: ადაპტაცია და ტექნოლოგიების "დამორჩილება", ან ნელი გაქრობა, იმიტომ, რომ მასზე საერთოდ შეიძლება გაქრეს მოთხოვნა.
ტექნოლოგიების "დამორჩილების" კრეატიულ მაგალითად შეგვიძლია მივიჩნიოთ ინგლისური ეკლესია. 2009 წლის ივნისში მათ გამოსცეს ახალი საინსტრუქციო წიგნი Fresh Expressions, სადაც წარმოდგენილია მსახურების ახალი რადიკალური ფორმები ახალგაზრდების ისევ მოსაზიდად ეკლესიაში. ლიტურგიის ერთ-ერთი ვარიანტი სახელწოდებით "ძველი რწმენა - მომავალი მისია" გულისხმობს საკმაოდ საინტერესო აქციას. ღვთისმსახურება იწყება იმით, რომ მღვდლები "შედიან" "იუთუბიზე" და მრევლს აჩვენებენ ვიდეოს გაერო-ს სიღარიბის წინააღმდეგ მიმართული მსოფლიო კამპანიის შესახებ. მრევლს ეუბნებიან, რომ "პლანეტაზე არეულობაა, ქაოსია". გარკვეული რიტუალური ქმედებების შემდეგ მათ მოუწოდებენ, იფიქრონ სქესთა უთანასწორობაზე, გარემოს დაცვაზე და იმაზე, თუ ვის შეუძლია ამ პრობლემების გამოსწორება. ამის შემდეგ აფრიკული დაფდაფების აკომპანიმენტით იკითხება ფსალმუნი და მრევლი და მღვდლები ლოცულობენ "კორპორაციულ სამყაროზე, გავლენიან ტოპ-მენეჯერებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მილიარდიან წარმოებაზე". "ჩვენ ვლოცულობთ ჯინ ჩემბერსზე Sisco Systems-იდან, ბილ გეიტსზე Microsoft-იდან, დოქტორ ერიკ შმიდტზე Google-დან და სხვებზე, ვინც უკვე გააკეთა არჩევანი სამართლიანობის მხარდასაჭერად". თუმცა ტექნოლოგიების "დამორჩილება" ეკლესიის მიერ თავის მხრივ ითხოვს ისეთ მსხვერპლს ეკლესიისგან, რომელიც თავისთავად ახდენს ეკლესიის ტრანსფორმირებას. აქ შეგვიძლია ისევ დავსვათ კითხვა: შესაძლებელია თუ არა ეკლესია ანუ ადამიანის ტვინის დიდ ნაწილზე კონტროლის კაბინეტი ასეთი გზით ჩაანაცვლოს დიდმა კორპორაციამ. იდეოლოგიური განსხვავება არ იქნება - ერთ კორპორაციას ჩაანაცვლებს მეორე, განსხვავება იქნება ხარისხსა და მომსახურებაში. ალბათ მსოფლიოს ვერც ერთ ეკლესიას ვერ დაესიზმრება მრევლის მოზიდვის ის ტექნიკა, როგორსაც დაამზადებს მილიარდიანი კორპორაცია, თუ მის ხელში ჩავარდა შესაძლებლობა, მიითვისოს ცნობიერების ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია რელიგიურ გრძნობებზე, ფანატიზმზე, რელიგიურ ექსტაზზე და ა.შ.















tamara (შეუმოწმებელი), აგვისტო 22, 2010, 04:49:35
es statia yvela qartvelma bavshvma unda caikitxos,gansakutrebit imad dzalad rom amarxuleben da cirvebs da ziarebebs ascreben imis magivrad rom bolomde kompiutertan miushvan:))))magaria
ციცი (შეუმოწმებელი), დეკემბერი 4, 2009, 18:10:30
”დავგუგლე” უკვე ზმნაა
Next (შეუმოწმებელი), ნოემბერი 16, 2009, 14:31:22
"ადამიანის საქმიანობის ეფექტურობის ზრდა რა კავშირშია რელიგიასთან?"
როგორც ნებისმიერი მომავლის ფუტუროლოგია სტატია აგებულია დაშვებაზე რომ თუ ფაქტიურად შეუზღუდავმა კორპორაციამ გაბედა ან გადაწყვიტა ვირუსული მარკეტინგის ყველაზე რადიკალური ნაბიჯების გადადგმა -- ყველაზე მომგებიანი პროექტი იქნება ამ კორპორაციაზე დაფუძნებული რელიგია.
რაც შეეხება კომპიუტერულ პრორამებს - კომპიუტერული პროგრამები საბაზისოა იმისთვის რომ იმის კონტროლი მაინც სეგეძლოს დამოუკიდებლად რაც შენს ეკრანზე ხდება. ხოლო იმასაც რაც შენს ეკრანზე ხდება თუ სხვა გიფორმატებს და გიპროგრამებს შენ ეკუთვნი დიდნაწილად იმას ვინც ამას გიკეთებს.
პლუს სპეციალურად იყო გამოკვეთილი კონტრასტი კორპორაციის მიერ აკუმულირებული ინფორმაციისა ერთ ადამიანთან შედარებით. ხოლო თუ ამას დამეატება ელემენტარული ინფორმაციული ფაშიზმი, რაიმე ინფორმაციის უბრალოდ დაბლოკვა (ფუტუროლოგიური ესეა არ დაგავიწყდეს) მაშინ ნებისმიერ ადამიანს მოუწევს ამ ინფორმაციის ყიდვა, გამომუშავება და ა.შ.
ასე რომ რაც უფრო ინფორმაცია ექნებათ ადამიანებს მით უფრო ნაკლებად იქნებიან დამოკიდებულები ამ მხრივ კორპორაციაზე, სახელმწიფოს ინფორმაციაზე, და პირველ რიგში ავტორიტეტებზე, რომლებიც პირველ რიგში ინფორმაციის კონტროლით ხდებიან ავტორიტეტები
Anonymous (შეუმოწმებელი), ნოემბერი 9, 2009, 12:58:44
გასაგებია ეს ყველაფერი. ბევრიც ვიცინე, მაგრამ რატომ წამოიჭრა ეს საკითხი ასე ძლიერ? ჩემი აზრით გუგლი, ისევე როგორც სხვა უამრავი "კორპორაციის" "ტექნოლოგია" არის გამოყენებადი კონკრეტულ საქმეში. ადამიანის საქმიანობის ეფექტურობის ზრდა რა კავშირშია რელიგიასთან? ფაქტი, რომ გუგლში "გუგლი" უფრო მეტჯერაა აკრებილ-მოძებნილი ვიდრე სხვა დანარჩენი რელიგიები ძალიან ბუნებრივია... ეკლესიაში რამდენჯერ გაგიგიათ სიტყვა "გუგლი"?? და კიდევ ერთი მომენტი, საქართველოს განვითარება მაინცდამაინც ინტერნეტიზაციასა და საოფისე პროგრამების ცოდნაში არ მდგომარეობს, მთავარია ყველა ადამიანმა გაიაზროს თავისი საქმიანობისა თუ პროფესიის პრინციპები და შეგნებულად მიიღოს ცოდნა, ანუ ინფორმაცია. ხშირად ბევრ ინფორმაციას სჯობს ცოტა ინფორმაცია და რამდენიმე პრინციპი, რითაც პოტენციურად გაცილებით მეტი ინფორმაციის "დინამიურად დაგენერირებაა" შესაძლებელი. მთლიანობაში, ვიმეორებ, რომ ბევრი ვიცინე და საინტერესო საკითხები არის გაჟღერებული, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ბევრი ამას ძალიან სერიოზულად აღიქვამს, "შეშფოთდება" ან როგორმე უარყოფითად გამოხატავს ტექნოლოგიებისადმი თავის დამოკიდებულებას... და ჩვენ რა ვჰქმნათ?!
Beatnik (შეუმოწმებელი), ნოემბერი 8, 2009, 20:17:05
kargi statiaa!
God is an Admin...
Anonymous (შეუმოწმებელი), ნოემბერი 8, 2009, 18:00:36
mara dzalian saintereso dawyeba aqvs aucileblad wavikitxav
Anonymous (შეუმოწმებელი), ნოემბერი 8, 2009, 17:57:26
shemezara wakitxva :D
iME (შეუმოწმებელი), ნოემბერი 2, 2009, 21:32:42
საინტერესოა ერთი შეხედვით ცოტა მკრეხელური მაგრამ საბოლოოდ საინტერესო და ბევრის მომცემი სტატიაა
vosap.net (შეუმოწმებელი), ნოემბერი 2, 2009, 12:49:49
ძალიან კარგი და ბევრის მომცემი სტატიაა... დიდი მადლობა ავტორს...
Anonymous (შეუმოწმებელი), ნოემბერი 1, 2009, 00:47:26
კარგი იყო ზომბიკო! ამ ყველაფერზე მეც მინდა ხოლმე დაწერა მაგრამ სადაა მაგდენი ნერვები და ვერბალური მონაცემები... ინფორმაციაც პრინციპში. დიდი სიამოვნება მივიღე, ყოჩაღ
nikusha (შეუმოწმებელი), ოქტომბერი 31, 2009, 20:00:57
vaa, eset dasasruls ar velodi.
yochag! :)
igroig (შეუმოწმებელი), ოქტომბერი 31, 2009, 19:24:26
ჰაჰა ამ სტატიით სკოლის მასწავლებლებს დავაშინებ :D