1. პირადი კომპიუტერული ისტორია
თავდაპირველად იყო ტელევიზორი. შემდეგ VHS და ვიდეო. შემდეგ ვიდეოთამაშები და, როცა ეს ყველაფერი მოძველდა, მე ცხოვრებაში პირველად შევეხე ჩემ პირად კომპიუტერს. ეს იყო კარგად ნახმარი "პენტიუმ სამი", რომელსაც, თქვენ წარმოიდგინეთ, ჯერ კიდევ ფლოპი დისკის ბუდეც ჰქონდა და, სახელმწიფოს მიერ დენის არასტაბილური მოწოდების გამო, ხანდახან დამწვარი ტექნიკის სასიამოვნო სურნელიც დაკრავდა ხოლმე. ეს ხდებოდა საუკუნის დასაწყისში. ჩემი პირველი გასვლა ინტერნეტში გაცილებით ეროტიკული და საინტერესო იყო, ვიდრე პირველი სექსი ახალგაზრდა დელიკატურ ქალბატონთან, რომელსაც ჰყავდა ოჯახი და ოცნებობდა კვიპროსზე საცხოვრებლად წასვლას.
იმედია მისი ოცნებები ახდა.
ალბათ ბევრი თქვენგანი იყენებს უამრავ სოციალურ ქსელს, ვიდეოსაიტს, საძიებო სისტემებს ყოველდღიურად, მაგრამ არ ვიცი, რამდენი თქვენგანი დაფიქრებულა იმაზე, თუ როდის გაჩნდა ეს ყველაფერი. არ ვიცი, ალბათ ჩემი ბუნებრივი სულიერი უმანკოების ბრალია, რომ მეგონა, თითქოს "იუთუბი", "ფეისბუქი", "გუგლი" და ა.შ. ყოველთვის იყო. აღმოჩნდა, რომ მთელი თანამედროვე ინტერნეტი თანამედროვე სახით ფაქტობრივად რამდენიმე წლის შექმნილია და კურტ კობეინი, მაგალითად, "იუთუბიზე" ვერ უყურებდა თავის ლაივებს ისე, როგორც ამის გაკეთება თავისუფლად შეუძლია დღეს "მძიმე ჯვარს" (მოსმენა რეკომენდირებული არ არის). არ ვიცოდი, რომ "გუგლი" 1998 წელს შეიქმნა და იქამდე ხალხი ჯერ კიდევ ღმერთს უსვამდა კითხვებს.
ჩემი კომპიუტერული ისტორია ახალ "ლეველზე" ავიდა, როცა მე პირველად დავფიქრდი კომპიუტერის და ინტერნეტის რეალურ წარმომავლობაზე და პირადი კომპიუტერული საგანმანათლებლო გამოძიების ორგანიზება გადავწყვიტე. რა თქმა უნდა, გამოძიება ინტერნეტში იწყება google.com-ით. ამიტომაც პირველი, რაც დავგუგლე, იყო თავად სიტყვა "გუგლი" და "აჰათ ესე ამბავი ქალღვთაებისა, თუ როგორ ვიპოვე ის, და რა ვუქენი როცა ვიპოვე".
P.S. ყველას აქვს საკუთარი უნიკალური - "ადამიანის პირადი კომპიუტერული ისტორია" (აპკი).
ძალიან გამიხარდება, თუ გაიხსენებთ თქვენ კომპიუტერულ ისტორიას და გამომიგზავნით მეილზე. შეიძლება გამოვცეთ ქართული აპკი-ს კრებული ანუ დრამატული ისტორია იმის შესახებ, როგორ თავდაუზოგავად იკვლევდა გზას ინტერნეტ კაბელი მხედრიონული შუასაუკუნეების გურჯისტანში და როგორ დაამარცხა მან ედუარდ შევარდნაძე და როგორ მოქმედებს თანა-მედროვე ქართულ საზოგადოებაზე და ა.შ.
BBC-ს გაქანების პროექტია.
2. უსწრაფესი საძიებო სისტემა - "გუგლი"
სერგეი ბრინის და ლერი პეიჯის მიერ 1998 წლის სექტემბერში დაარსებულმა კომპანიამ ძალიან მალე საკუთარი განვითარების პიკს მიაღწია. "გუგლი" დღეს ყველაზე პოპულარული და სწრაფი საძიებო სისტემაა მსოფლიოში, რომელიც თვეში საშუალოდ 41 მილიონზე მეტ მოთხოვნას ამუშავებს. ამის გარდა, "გუგლის" მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს "გუგლის" რუკები, სრულიად უფასოდ ჩამოტვირთოს პროგრამა google earth, რაც საშუალებას აძლევს უბრალო მომხმარებელს, თანამგზავრიდან დააკვირდეს დედამიწას. წელს, მაგალითად, ამ საოცარი პროგრამის დახმარებით კანადურმა პოლიციამ აღმოაჩინა მოპარული მანქანების საწყობი, შვეიცარიელმა პოლიციელებმა იპოვეს მარიხუანის უზარმაზარი პლანტაცია, მე ვნახე მფრინავი თეფშები ინდოეთის ოკეანეში და ა.შ. გარდა ამისა, "გუგლს" აქვს საკუთარი მეილების სისტემა, საკუთარი ტელევიზია. გუგლმა შეისყიდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბლოგერული სისტემა Blogger და მასვე ეკუთვნის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ვიდეოპორტალი YouTube. ფაქტობრივად, მსოფლიოში არაფერი ხდება, რაც "გუგლმა" არ იცის.
კომპანიის წარმატების ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლო არის მისი არანორმალური (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) კრეატიულობა და იმ აზრის აბსოლუტური მიუღებლობა, თითქოს არსებობდეს რაიმე შეუძლებელი. როგორც "გუგლში" ამბობენ, ის ერთადერთი კომპანიაა, რომელიც იმაზე მუშაობს, რომ მომხმარებელმა რაც შეიძლება მალე დატოვოს საიტი. "გუგლის" ცნობილი კამპანია "ნუ იქნები ბოროტი" ამტკიცებდა, რომ შენ შეგიძლია კრეატიული მუშაობა, უამრავი ფულის კეთება და მსოფლიოს შეცვლა, უბრალოდ, ხალისით და ენთუზიაზმით. "გუგლის" ოფისები #1 საოცნებო სამსახურია მსოფლიო მასშტაბით. მხოლოდ "გუგლის" ოფისში შეიძლება შეგხვდეს სათამაშო კლუბები, უფასო რესტორანი, სავარჯიშო დარბაზები, პალმები, აუზები და ა.შ. ერთი შეხედვით, მშვენიერი კურორტია. ამასთან ერთად სამუშაო საათების 20 პროცენტს "გუგლი" ისევ მომუშავე პერსონალს ჩუქნის, ანუ ოფიციალური სამუშაო დროიდან 40 პროცენტი მათ უნდა აკეთონ თავიანთი ძირითადი საქმე "გუგლში" და დროის 20 პროცენტი შეუძლიათ დახარჯონ იმის კეთებაში, რაც უბრალოდ უყვართ ან აინტერესებთ. ესეც ძალიან საინტერესო პრაქტიკაა, იმიტომ, რომ იმ დარჩენილ 20 პროცენტშიც უბრალო ენთუზიაზმით საოცარი რამეები კეთდება. ამ ყველაფერთან ერთად კომპანიის დამაარსებელი ამხანაგების - სერგეი ბრინის და ლერი პეიჯის ოფიციალური ხელფასი "გუგლში" არის 1 დოლარი. და როგორც "გუგლის" საერთაშორისო ეკლესიის რუსული ფრთის საიტზე ეწერა, ბრინმა და პეიჯმა მსოფლიო ფინანსური კრიზისის მიუხედავად, არ შეამცირეს თავიანთი ხელფასი.
თავისი ძირითადი ინტერნეტ საქმიანობის გარდა, "გუგლი" ფულს აბანდებს სამეცნიერო პროექტებშიც. ყველაზე მოსალოდნელი სიახლე, რომლიც შეიძლება გვაჩუქოს "გუგლმა", არის ხმის იდენტიფიკატორი, ანუ ძიება "გუგლში" შესაძლებელი გახდება უბრალოდ გაცემული ბრძანებით (voice command).
"გუგლის" ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო აქტივობა დაკავშირებულია გამომგონებელ, მეცნიერ, მწერალ და ფუტუროლოგ რეი ქურცვაილთან. ამხანაგი რეი, რომელმაც თავის დროზე გამოიგონა პირველი კომპიუტერული პროგრამა მოწყენილობის გასაქარვებლად, მუსიკალურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სინთეზატორი K250 და პროგრამა, რომელსაც შეუძლია დაბეჭდილი ამოპრინტული ტექსტის ამოცნობა და მისი წაკითხვა ბრმებისათვის და მისი რევერსული ვერსია, რომელსაც შეუძლია საუბრის ჩაწერა ბეჭდვითი ასოებით - დღეს გვევლინება, როგორც "მსოფლიოში ყველაზე საშიში იდეის" - ტრანსჰუმანიზმის და ტექნოლოგიური სინგულარობის აქტიური მქადაგებელი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუტუროლოგი. ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, ტრანსჰუმანიზმი თანამედროვე ტექნოლოგიური ფილოსოფიაა, რომელიც დაფუძნებულია იმორტალიზმის იდეებზე და უსაზღვრო ტექნოლოგიური პროგრესის რწმენაზე. ადამიანური სახეობის ევოლუცია ჯერ არ დასრულებულა და მომავალში ადამიანისგან განვითარდება აბსოლუტურად განსხვავებული არსება, რომელსაც იმდენივე საერთო ექნება ადამიანთან რამდენიც თანამედროვე ადამიანს აქვს მაიმუნთან. ამ ევოლუციის პირველი ეტაპია - პოსტადამიანი, ტექნოლოგიებთან შერწყმული ადამიანური ცნობიერება, რომლისგანაც უფრო შორეულ მომავალში ჩამოყალიბდება პრაქტიკულად უკვდავი არსება ტრანსადამიანი, რომელსაც უკვე არაფერი საერთო არ ექნება პოსტადამიანთანაც კი და მთელი ეს პროცესი მოხდება ტექნოლოგიების დახმარებით. ტრანსჰუმანისტები ამბობენ, რომ ტექნოლოგიური პროგრესის შედეგად ჩვენ უკვე დავიწყეთ საკუთარი ევოლუციის დაჩქარება და შეცვლა. ფაქტობრივად, ჩვენ გარკვეულწილად უკვე დავიწყეთ ჩამოყალიბება პოსტადამიანებად - ტექნოლოგიების დახმარებით. 1800 წელს ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობა იყო 35-40 წელი, რაც მეოცე საუკუნეში სამედიცინო ტექნოლოგიების დახმარებით გაიზარდა 70-80 წლამდე და ეს პროცესი გრძელდება. ჩვენ ყოველდღიურად ვმოქმედებთ ჩვენ სხეულზე, დნმ-ზე და ფსიქიკაზე, როცა ვსხედვართ ტელევიზორთან, ვსვამთ გამაყუჩებელ წამლებს, ვურთიერთობთ ინტერნეტით. ტექნოლოგიების დახმარებით ჩვენ დავიწყეთ სამყაროს შესწავლა, გავედით კოსმოსში, შეგვიძლია ვიმოქმედოთ ამინდზე, ნიადაგზე, ჩვენი არსებობის სტილზე. უამრავი ადამიანი უკვე თითქმის პოსტჰუმანურ ტექნოლოგიებზეა გადასული: სხეულის ორგანოების ბიონიკური პროტეზები, სხეულის მოდიფიკაციის ოპერაციები. ჩვენ უკვე ვცხოვრობთ სამეცნიერო ფანტასტიკაში, რომელიც ჯერ კიდევ დასაწყისის სტადიაზე იმყოფება.
ყველაზე საინტერესო მოვლენა - ტექნოლოგიური სინგულარობა სწორედ ამ დროს გვიახლოვდება. ტექნოლოგიური სინგულარობა არის ტექნოლოგიური განვითარების პიკი, ის ისტორიული მონაკვეთი, როცა, შესაძლოა, მოხდეს ისეთი რამ, რაც აბსოლუტურად შეცვლის მომავალს: ევოლუციური ნახტომი, ხელოვნური ინტელექტის დაბადება და ა.შ. ალბათ ვიღაცებისთვის ეს ტექსტი ჰგავს სამეცნიერო ფანტასტიკას, რომელსაც ხალხის დიდი ნაწილისთვის რეალობასთან არაფერი საერთო არ აქვს, მაგრამ სიტუაციის მთელი ირონია ისაა, რომ ასეთი სახის "სამეცნიერო ფანტასტიკას" გაცილებით მეტი საერთო აქვს რეალობასთან, ვიდრე თვითონ ხალხს. ანუ რა შუაშია "გუგლი" "სამეცნიერო ფანტასტიკასთან".
კომპანია "გუგლმა" ამერიკულ კოსმოსურ სააგენტო "ნასასთან" ერთად საკმაოდ სოლიდური თანხით დაასპონსორა ზემოთ ხსენებული ამხანაგი რეის "სინგულარობის უნივერსიტეტი". პრივატული ძვირადღირებული უნივერსიტეტი "მსოფლიოს მომავალი ლიდერებისთვის", ხალხისთვის, ვინც იმუშავებს ხვალინდელი დღის გლობალურ პრობლემებზე, ალასკიდან ვიდრე სახალინამდე, "ნიკოფსიით ვიდრე დარუბანდამდე". უნივერსიტეტში ცნობილი მეცნიერები და ფუტუროლოგები კითხულობენ ლექციებს თემებზე: კომპიუტერული სისტემები, ბიოინფორმატიკა, ნეირობიოლოგია, პროგნოზირება, რობოტექნიკა, ნანოტექნოლოგიები, ეკოლოგია, ეთიკა, სამართალი, ფინანსები, ხელოვნური ინტელექტი...
როგორც "გარდიანის" ერთ-ერთ ნომერში დაიწერა, ვიდრე სადმე რომელიმე ახალი ტექნოლოგიის მიღება-არ მიღების, ავისა თუ კარგის განხილვა მიმდინარეობს, იცოდეთ, რომ მანამდე "გუგლს" უკვე ჰყავს გამოყოფილი ჯგუფი, რომელიც ამ ტექნოლოგიას უკვე ამუშავებს.















tamara (შეუმოწმებელი), აგვისტო 22, 2010, 04:49:35
es statia yvela qartvelma bavshvma unda caikitxos,gansakutrebit imad dzalad rom amarxuleben da cirvebs da ziarebebs ascreben imis magivrad rom bolomde kompiutertan miushvan:))))magaria
ციცი (შეუმოწმებელი), დეკემბერი 4, 2009, 18:10:30
”დავგუგლე” უკვე ზმნაა
Next (შეუმოწმებელი), ნოემბერი 16, 2009, 14:31:22
"ადამიანის საქმიანობის ეფექტურობის ზრდა რა კავშირშია რელიგიასთან?"
როგორც ნებისმიერი მომავლის ფუტუროლოგია სტატია აგებულია დაშვებაზე რომ თუ ფაქტიურად შეუზღუდავმა კორპორაციამ გაბედა ან გადაწყვიტა ვირუსული მარკეტინგის ყველაზე რადიკალური ნაბიჯების გადადგმა -- ყველაზე მომგებიანი პროექტი იქნება ამ კორპორაციაზე დაფუძნებული რელიგია.
რაც შეეხება კომპიუტერულ პრორამებს - კომპიუტერული პროგრამები საბაზისოა იმისთვის რომ იმის კონტროლი მაინც სეგეძლოს დამოუკიდებლად რაც შენს ეკრანზე ხდება. ხოლო იმასაც რაც შენს ეკრანზე ხდება თუ სხვა გიფორმატებს და გიპროგრამებს შენ ეკუთვნი დიდნაწილად იმას ვინც ამას გიკეთებს.
პლუს სპეციალურად იყო გამოკვეთილი კონტრასტი კორპორაციის მიერ აკუმულირებული ინფორმაციისა ერთ ადამიანთან შედარებით. ხოლო თუ ამას დამეატება ელემენტარული ინფორმაციული ფაშიზმი, რაიმე ინფორმაციის უბრალოდ დაბლოკვა (ფუტუროლოგიური ესეა არ დაგავიწყდეს) მაშინ ნებისმიერ ადამიანს მოუწევს ამ ინფორმაციის ყიდვა, გამომუშავება და ა.შ.
ასე რომ რაც უფრო ინფორმაცია ექნებათ ადამიანებს მით უფრო ნაკლებად იქნებიან დამოკიდებულები ამ მხრივ კორპორაციაზე, სახელმწიფოს ინფორმაციაზე, და პირველ რიგში ავტორიტეტებზე, რომლებიც პირველ რიგში ინფორმაციის კონტროლით ხდებიან ავტორიტეტები
Anonymous (შეუმოწმებელი), ნოემბერი 9, 2009, 12:58:44
გასაგებია ეს ყველაფერი. ბევრიც ვიცინე, მაგრამ რატომ წამოიჭრა ეს საკითხი ასე ძლიერ? ჩემი აზრით გუგლი, ისევე როგორც სხვა უამრავი "კორპორაციის" "ტექნოლოგია" არის გამოყენებადი კონკრეტულ საქმეში. ადამიანის საქმიანობის ეფექტურობის ზრდა რა კავშირშია რელიგიასთან? ფაქტი, რომ გუგლში "გუგლი" უფრო მეტჯერაა აკრებილ-მოძებნილი ვიდრე სხვა დანარჩენი რელიგიები ძალიან ბუნებრივია... ეკლესიაში რამდენჯერ გაგიგიათ სიტყვა "გუგლი"?? და კიდევ ერთი მომენტი, საქართველოს განვითარება მაინცდამაინც ინტერნეტიზაციასა და საოფისე პროგრამების ცოდნაში არ მდგომარეობს, მთავარია ყველა ადამიანმა გაიაზროს თავისი საქმიანობისა თუ პროფესიის პრინციპები და შეგნებულად მიიღოს ცოდნა, ანუ ინფორმაცია. ხშირად ბევრ ინფორმაციას სჯობს ცოტა ინფორმაცია და რამდენიმე პრინციპი, რითაც პოტენციურად გაცილებით მეტი ინფორმაციის "დინამიურად დაგენერირებაა" შესაძლებელი. მთლიანობაში, ვიმეორებ, რომ ბევრი ვიცინე და საინტერესო საკითხები არის გაჟღერებული, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ბევრი ამას ძალიან სერიოზულად აღიქვამს, "შეშფოთდება" ან როგორმე უარყოფითად გამოხატავს ტექნოლოგიებისადმი თავის დამოკიდებულებას... და ჩვენ რა ვჰქმნათ?!
Beatnik (შეუმოწმებელი), ნოემბერი 8, 2009, 20:17:05
kargi statiaa!
God is an Admin...
Anonymous (შეუმოწმებელი), ნოემბერი 8, 2009, 18:00:36
mara dzalian saintereso dawyeba aqvs aucileblad wavikitxav
Anonymous (შეუმოწმებელი), ნოემბერი 8, 2009, 17:57:26
shemezara wakitxva :D
iME (შეუმოწმებელი), ნოემბერი 2, 2009, 21:32:42
საინტერესოა ერთი შეხედვით ცოტა მკრეხელური მაგრამ საბოლოოდ საინტერესო და ბევრის მომცემი სტატიაა
vosap.net (შეუმოწმებელი), ნოემბერი 2, 2009, 12:49:49
ძალიან კარგი და ბევრის მომცემი სტატიაა... დიდი მადლობა ავტორს...
Anonymous (შეუმოწმებელი), ნოემბერი 1, 2009, 00:47:26
კარგი იყო ზომბიკო! ამ ყველაფერზე მეც მინდა ხოლმე დაწერა მაგრამ სადაა მაგდენი ნერვები და ვერბალური მონაცემები... ინფორმაციაც პრინციპში. დიდი სიამოვნება მივიღე, ყოჩაღ
nikusha (შეუმოწმებელი), ოქტომბერი 31, 2009, 20:00:57
vaa, eset dasasruls ar velodi.
yochag! :)
igroig (შეუმოწმებელი), ოქტომბერი 31, 2009, 19:24:26
ჰაჰა ამ სტატიით სკოლის მასწავლებლებს დავაშინებ :D