ეს ჰამლეტია. თავისი საამაყო, გრძელი თმა შეკრული აქვს ხოლმე, რომ არ გაეჩეჩოს და ნახერხით არ გაევსოს. ჩანაფიქრის თანახმად, ჰამლეტი ზღვის გოჭია, მე თუ მკითხავთ - სრული გაუგებრობა. ერთი კვირა ვუყურე და ვერაფერი გავუგე.
ჰამლეტი ჩიტივით ჟღურტულებს და მოფერება მხოლოდ ცხვირთან მოსწონს. ის დაახლოებით ორ კილოს იწონის და რბილი, თბილი მუცელი აქვს. ძალიან მოსწონს ბანაობა - ვის არ გაუხარდება თბილი წყალი და მადლიანი მასაჟი...
გაგეცინებათ და ჰამლეტი მენატრება ხოლმე. კი არ მივტირი, უბრალოდ, მისი ნახვა ძალიან გამიხარდებოდა. სინამდვილეში, ის არაჩვეულებრივი დღეები მენატრება, რომლებიც მის პატრონთან ერთად ევროპის გულში გავატარე. ეგ მახსოვს ტკბილად, კიდევ - ტეხურის ხეობა, კიდევ - ლოპოტა, კიდევ...
მორჩა.
...კაცი უცხო ქალაქში მოხვდა. სასაფლაოზე გაიყვანეს, სადაც ქვებზე ეწერა: ესა და ეს, იცხოვრა ხუთი წელი. ესა და ეს, იცხოვრა თოთხმეტი დღე.
ვაი?
კაცს აუხსნეს, ამ ქალაქში წესია ასეთი, ადამიანს იმდენ დღეს უთვლიან ცხოვრებად, რამდენიც ბედნიერი იყოო.
მაშინ კაცმა თქვა: რომ მოვკვდები, დამაწერეთ: "დაიბადა მკვდარი".
ძალიან მიხარია, რომ ასეთ წარწერას უკვე გადარჩენილი ვარ.














