ცხოვრების ( რეცეპტების) წიგნი

ოქტომბერი 26, 2012 ავტორი დიანა ანფიმიადი

გერტრუდა და ელისი

ცხოვრება მზადებაა, ნუ შემედავებით, ასეა მეთქი.

ვიღაცისთვის სიკვდილისთვის მზადებაა, ვიღაცისთვის - მეჯლისზე წასასვლელად, ვიღაცისთვის - იმ ერთადერთი, საბედისწერო შეხვედრისთვის, ვიღაცისთვის - იმ ერთადერთი სადილისთვის აუცილებელი იმ ერთადერთი ნამცხვრის იმ ერთადერთი კრემის.

მზადებაა ცხოვრება - რეცეპტები უხვადაა, მთავარია მიჰყვე.

ჯერ მიჰყვე , მერე დაარღვიო, ჯერ გიყვარდეს, მერე აღარ გიყვარდეს, ან სულ გიყვარდეს, ისევე, როგორც ელის ბ. ტოკლასს უყვარდა გერტრუდა სტაინი, მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ელისი ოცდაათი წლისა იყო, როდესაც გერტრუდას შეხვდა,  მას მერე, თითქმის 39 წელი  ცხოვრობდნენ ერთად თავიანთ სახლში, პარიზში, ფლორუსის ქუჩაზე. გერტრუდა წერდა, ელისი - მისი ეკონომი, მდივანი, მეგობარი და საყვარელი იყო.

ზაფხულობით, როდესაც თავიანთ სოფლის  ხის სახლში ისვენებდნენ, ელისი დილაადრიან , მზის ამოსვლამდე დგებოდა, რომ გერტრუდას დილის საუზმისთვის მარწყვი დაეკრიფა, შემდეგ საბეჭდ მანქანაზე ბეჭდავდა მის ხელნაწერებს, რაც მხოლოდ შრომა კი არა, სიამოვნებაც იყო მისთვის, „თითქოს ბახს უკრავ“, ასე ამბობდა.           

გერტრუდას სიკვდილის მერე, 75 წლის ასაკში ელის ტოკლასმა თავისი კულინარიის წიგნი გამოსცა - სადაც მის მიერ მთელი ცხოვრების მანძილზე ნაგროვები რეცეპტები მოხვდა, კერძები, რომელთაც იგი გერტრუდასა და მისი მეგობრებისთვის ამზადებდა. მეგობრები კი პაბლო პიკასო, აპოლინერი, მატისი, სკოტ ფიცჯერალდი, შევუდ ანდერსონი , ფრენსის პიკაბია და სხვები იყვნენ, ამიტომაც, უბრალო საკვები არ მზადდებოდა, თუმცა „უბრალო საკვებს“ არც და ვერ ამზადებდა ელის ტოკლასი. 

ქათამი თეთრ ღვინოში ტკბილი წიწაკით, სოკოთი ფარშირებული მაგრად მოხარშული კვერცხი, ფენოვანი კალათები მარწვით, კარამელიზებული ვაშლი ფენოვან ცომში, ატმის მარმელადი . . .

რეცეპტებთან ერთად ელისი შესანიშნავი,  მომნუსხველი და ჩამთრევი თხრობის მანერით მოგვითხრობს იმ საინტერესო, ზოგჯერ მარტივ და გენიალურ, ზოგჯერ - მრავალფეროვან სადილებზე, რომელთაც  ხან ის და გერტრუდა მართავდნენ თავიანთ სახლში, ხანაც თვითონ სტუმრობდნენ.

cook book

ეს უბრალო კულინარიული წიგნი არაა, ზოგჯერ - ისტორიული რომანია, ზოგჯერ - შესავალი ხელოვნებათმცოდნეობაში, ზოგჯერ - დეტექტივი, ზოგჯერ - ფრანგული ახალი რომანი, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი ნაღების სოუსში მოცურავე შავი პილპილის მარცვლებია.

ამ წიგნზე ხშირად მოგიყვებით ხოლმე, გაგაცნობთ საინტერესო ისტორიებს და რეცეპტებს, სიტუაციებს და რჩევებს, ახლა კი, დასაწყისისთვის,  რამდენიმე რეცეპტი ელის ბ. ტოკლასის „ სამზარეულო წიგნიდან“:

 

„შემწვარი კვერცხი ფრენსის პიკაბიას რეცეპტით

გატეხეთ 8 კვერცხი და ჩანგლით ათქვიფეთ, დაუმატეთ მარილი, გადმოასხით იგი ქვაბში, დიახ, სწორედ ქვაბში და არა ტაფაზე. დადგით ქვაბი ძალიან, ძალიან დაბალ ცეცხლზე და ჩანგლით ხშირ-ხშირად გადაატრიალეთ კვერცხი, თან კარაქის პატარა ნატეხები დაამატეთ. კარაქი შეიძლება ბლომადაც გაუკეთოთ, თუ არ გავნებთ. ნახევარი საათის მერე კერძი მზად იქნება, გამოვა არა ჩვეულებრივი ტაფამწვარი, არამედ შემწვარი კვერცხი ნაღების კარაქით, ძალიან დელიკატური კონსისტენციის, რომელსაც გურმანები სათანადოდ შეაფასებენ“.

 

ბოშური გულიაში

( 4 პორცია)

1 კგ.  კუბიკებად დაჭრილი საქონლის ხორცი, მარილმოყრილი, შეაწითლეთ ლორთან, ერთ კოვზ პაპრიკასა და ერთ კოვზ  ხორბლის ფქვილთან ერთად, დაამატეთ 4  დიდი ხახვი - რგოლებად დაჭრილი, დაახლოებით 300 გრამი კუბებად დაჭრილი კარტოფილი.

 როდესაც შევარდისფერდება, დაამატეთ 2 ჭიქა წითელი ღვინო, ერთი ჭიქა არაჟანი და იმდენი ბულიონი, რომ ხორცი დაიფაროს. შედგით ერთი საათით ცეცხლგამძლე ქვაბით კარგად გაცხელებულ ღუმელში, სუფრასთან მიტანამდე დაუმატეთ კიდევ ნახევარი ჭიქა არაჟანი. მიირთვით ატრიასთან ერთად.“

ხახვის სუპი

საშუალო ზომის ქვაბში, დაბალ ცეცხლზე, 2 სუფრის კოვზ ნაღების კარაქში ძალიან თხელ რგოლებად დაჭრილი 4 ხახვი შეაწითლეთ, თან ხის კოვზით ურიეთ. 20 წუთის შემდეგ ხახვს  1 ჩაის კოვზი შაქარი დააყარეთ, დაამატეთ 6 ჭიქა მდუღარე წყალი, მარილი და შავი პილპილი.

თავზე დაახურეთ და 10 წუთის განმავლობაში ადუღეთ. ცეცხლგამძლე ფორმაში ჩააწყვეთ დაახლოებით 250 გრამი საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილი პური, თითოეულ პურს დაადეთ ერთი ნაჭერი შვეიცარიული ყველი. ყველსა და პურს დაასხით წინასწარ მომზადებული ხახვის წვნიანი, ზედ მოასხით 4 სუფრის კოვზი გამდნარი ნაღების კარაქი. შედგით 375 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და ოცი წუთის განმავლობაში დატოვეთ.“ 

 

შენიშვნა : რეცეპტები თარგმნილია ელის . ტოკლასისსამზარეულო წიგნისრუსული თარგმანიდან, მადლობა დათო გაბუნიას, რომელმაც მაჩუქა ეს წიგნი.)

* ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.
@