ყველა მუშტი და გინება ნაკურთხია!

მაისი 6, 2010 ავტორი გიორგი ხასაია

ჰარი პოტერი
რატომ არ უნდა ვიყოთ სასტიკები?
დაახლოებით თვენახევრის წინ ეკლესიის დამრტყმელი ძალები “სახალხო მართლმადიდებლურ მოძრაობაში” კონსოლიდირდნენ. როგორც კი ნანა დევდარიანი მოდერნსა და პოსტმოდერნულ საფრთხეზე არაკვალიფიციურად ალაპარაკდა, ცხადი გახდა, რომ ეს აზრები რუსი იდეოლოგების-დუგინისა და კურგინიანის შუა თითიდან იყო გამოწოვილი და ორიგინალის თითქმის გაუცნობიერებელ  გამეორებას წარმოადგენდა-ველურს, სასტიკს, იდეურად გაუმყარებელს, საშიშს. დუგინი და კურგინიანი ცდილობენ მოდერნიზაციის იდეა შეათავსონ რელიგიასთან, უფრო სწორად, რელიგიურ განახლებასთან, როგორც რაღაც იმანენტურთან რუსი ერისთვის (დოსტოევსკისეული Народ-богоносец). გულაშვილმა და დევდარიანმა საკუთარი შესაძლებლობებისა და გაქანების შესაბამისად, მხოლოდ მეორე, ანუ რელიგიური განახლების იდეა აიღეს- მათი აზრით ესაა ერთადერთი ეგზისტენციალური გარანტია ქართველი ერისთვის და “ნამდვილ ქართულ ტრადიციებთან” მიერთების ერთადერთი გზა. გაცხადდა, რომ ეკლესიისთვის შეურაცხყოფის მიმყენებლები დაისჯებოდნენ.
მშკ(მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი) აქამდეც არსებობდა და მათი ექსტრემისტული საქმიანობის მსხვერპლთა ჩამოთვლას აქ არ შევუდგები, მხოლოდ ერთს გავიხსენებ- "ჰელოუინი"-ს დარბევას: მთვრალი მღვდელი ამტვრევს აპარატურას- მთავარი სიმბოლური ხატი, როგორც არაპროგრესულობის, ანტიკომუნიკაციურობის გამოხატულება. მშკ ახლადშექმნილი “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” უმნიშვნელოვანესი შემადგენელია. სადაც არის ბრძოლის ველი, იქ არის ავანგარდი და შესაბამისად-არიერგარდი. მეტიც-არსებობს ავანგარდის ავანგარდი და ავანგარდის არიერგარდიც. მშკ, როგორც ყველაზე უსახო და აგრესიული რელიგიურ-ექსტრემისტული ორგანიზაცია, გულაშვილ-დევდარიანის მიერ განახლებული ჯვაროსნული ლაშქრობის ავანგარდში ექცევა და ერეკლე დეისაძის “საიდუმლო სირობის” აკრძალვას მოითხოვს და პარალელურად აგრესიულ ქმედებებზე გადადის-ყველა დარტყმა და გინება ნაკურთხია! (4 მაისის აქციის ერთერთი დაზარალებული, ნიკო ლუტიძე იხსენებს, რომ სანამ ტვინის შერყევას მიაღებინებდენ, მობილურით კურთხევა მიიღეს მოძღვრისგან-“დავუშვათ მამაო?მაშინ მაკურთხეთ!”). მხატვრული ლიტერატურისადმი ეს ინკვიზიტორული ვნებები ავტომატურად ერეკლეს მხატვრული ტექსტების  მაღალ ხარისხს სულაც არ ნიშნავს, მაგრამ ნიშნავს მშკ-ს სრულ უვიცობას ამ სფეროში და ასიმბოლიას, რომელიც მათი მხრიდან ენის მხოლოდ რაციონალურ გამოყენებაში, სიმბოლური ფუნქციისგან განძარცვაში გამოიხატება-აქედან მოდის მათ მიერ  მხატვრული ნაწარმოების ბუკვალური გაგება, მისი სწორხაზოვანი, ერთმნიშვნელოვანი წაკითხვა. მწერლის წინაშე ენა წარმოდგება არა როგორც ინსტრუმენტი, არამედ როგორც პრობლემა, მთელი თავისი სიღრმით. ამ თვალსაზრისით ერეკლეს მოთხრობები მხოლოდ ენის ზედაპირს ეხება  და  “ტექსტი ტიტინის” კატეგორიას თუ მიეკუთვნება, მაგრამ ახლა ამაზე ვრცლად საუბარი შეცდომა იქნებოდა, ახლა საუბარია ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე, რომელთა აკრძალვა და აღკვეთა უსახო მარაზმატიკოსების მიერ, თანაც ეთნონაციონალიზმის იდეასთან შერწყმული ქრისტეს სახელით, იზოლაციისკენ სწრაფვის და თანწაყვანის უეჭველი წინაპირობაა.
ბორის გროისის აზრით რელიგიაში გამეორების ორი სახე შეიძლება მოინიშნოს: ეს არის რელიგიური გზავნილის ნამდვილი არსის გამეორება და მეორე-რელიგიური რიტუალების გარეგნული ფორმების გამეორება. ანუ გვაქვს “ცოცხალი სულისა” და “მკვდარი ასოების” ოპოზიცია. რელიგიური ექსტრემიზმი ეს არის სულიერებისგან დაცლის შემდგომი რელიგია. სადაც სული არ არის, იქ რჩება მხოლოდ ასოები, როგორც გაწერილი რიტუალი,  ასოების მკაცრი პოლიტიკა, რელიგიური რიტუალების მექანიკური გამეორება, რაც არათუ არაქრისტინული, არამედ არაბუნებრივი, არაცოცხალია. მკვდარი ასოების დიქტატურა არ ცნობს არაფერს განსხვავებულს, მისთვის ეს განსხვავება თანდათან იქცევა “ნორმიდან გადახრად, გადახრა-შეცდომად, შეცდომა-შეცოდებად, შეცოდება-ავადმყოფობად, ავადმყოფობა-სიმახინჯედ”(როლან ბარტი),  ამიტომ ცდილობს გაანადგუროს. განსაკუთრებული შიში და სიძულვილი სწორედ დაწერილი აზრების მიმართ ვლინდება. ხშირია წიგნების რიტუალური დაწვა, როგორც რიტუალური გაწმენდა შეძახილებით, პირჯვრის გადაწერით, აცრემლებული თვალებით, დუჟიანი პირით.....
4 მაისს, ძირითადად ფეისბუკით ორგანიზებული საპასუხო აქცია, ალბათ მცირერიცხოვნების გამოც, უსუსურად გამოიყურებოდა ნიაღვრად მოვარდნილი მშკ-ს წინაშე. სოციალურ ქსელში “უფრო მარჯვენა თუ უფრო მარცხენად” დაყოფაში დახარჯული ენერგია, შემართება, მობილიზაცია, კარგად არ წადგომია 4 მაისის აქციას. მაგრამ ყველაზე მთავარი და საყურადღებო, ალბათ მაინც პოლიციელების არაპრინციპულობა იყო(რაც კანონის უგულებელყოფაა). პატრულის ძალიან გამხიარულებულ უფროსთან ჭუკჭუკისა და რამოდენიმე თანამშრომლისთვის ხელის მოთათუნების შემდეგ მშკ-ს აქტივისტებმა ამაყებმა დატოვეს ბრძოლის ველი. მანამდე შეძახილით-“პიდარასტებს ემხრობიით?” შეარცხვინეს და თითქოს შეახსენეს 6 მაისი-ურთიერთგადაკვეთის ანტისეკულარული წერტილი.
პოლიციის ლამის ტენდენციად ქცეული შემწყნარებლობა შეუწყნარებელთა მიმართ, ლეგიტიმურს ხდის თუნდაც ჯანმრთელობაშერყეული ნიკო ლუტიძის(და არა მხოლოდ მის) გამო რომელიმე ექსტრემისტისთვის სამაგიეროს გადახდას!
* ბლოგში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ არის აუცილებელი გამოხატავდეს რედაქციის შეხედულებებს.
@