მაია ბაგრატიონ-გრუზინსკი - მე უარს ვამბობ მეფის ასულობაზე

ავტორი: ნიკოლოზ დემეტრაძე

ფოტო: დავით მესხი
თბილისში სეირნობით დაღლილები კაფეში ყავის დასალევად შევედით. მე ოსმალურ ყავას შევექცევი და გაოცებული ვუმზერ გვერდით მაგიდაზე მსხდომ გოგონებს, უფრო სწორად, ერთ-ერთს, - ჯინსებსა და ბოტასებში გამოწყობილს, ნაწნავი რომ მხარზე გადმოუგდია. თვალის ჭრილი - თხელი და ნაზი - რაღაც ძვირფასს მაგონებს. ზის თამბაქოს კვამლში გახვეულ კაფეში, ესპრესოს მიირთმევს. ძალიან დიდი დრო დასჭირდებოდა ამ გენის გამოყვანას. ისეთი მშვენიერია, თითქოს უცხოელ დამპყრობლებს არაფერი დაუშავებიათ მისი წინაპრებისთვის.

ზის მოკრძალებული სახის გამომეტყველებით და მეორე გოგონას რაღაცას უყვება.

- მე ერთმნიშვნელოვნად უარს ვამბობ მეფის ასულობაზე.

მომესმა?

ერთხელ, სკოლაში სწავლის პერიოდში, მე და ჩემს დას - ანას, მასწავლებელმა გვკითხა, რას ნიშნავს ბაგრატიონ გრუზინსკიო. ჩვენ ვერ ავუხსენით. მერე მამამ დაგვისვა და მარტივად, 8-9 წლის ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე აგვიხსნა: იმ დროიდან, როცა მეფე გადააგდეს, ჩვენი გვარი ასე იწერებოდა - ბაგრატიონ-გრუზინსკი. თუ რა პროცესები და საიდუმლოებები იმალებოდა ამის უკან, ბავშვის ცნობიერებისთვის ნაადრევი იყო. ამიტომ დიდგვაროვან წინაპართა ისტორიასთან ზიარება უფრო ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა.

სვეტიცხოველში საკურთხევლის წინ ბაბუაჩემის მამა იყო დაკრძალული. იქ ჩასულები მის საფლავზე სანთლებს ვანთებდით ხოლმე. მოწიწება და სიამაყის შეგრძნება დროდადრო ჩემში ილექებოდა. როცა ბაბუაც იქ გადაასვენეს, ეს განცდა კიდევ უფრო გაიზარდა.

სხვა ბავშვების მსგავსად, მეც პრინცესობაზე ვოცნებობდი. კაბებს ვიკერავდი, დიდს და თეთრს. უფრო დიუმასთან ამოკითხული პრინცესობა მხიბლავდა, რადგან არასოდეს მიფიქრია, ძველი დრო რომ ყოფილიყო, მეც ხომ მეფის ასული ვიქნებოდი. თან, ჩვენი მეფის ასულები ბავშვის ფანტაზიისთვის უინტერესო სისადავით გამოირჩეოდნენ. ბავშვის წარმოდგენაში სასახლე მდიდრულს და მორთულს უკავშირდება. როცა ჩვენებურ დარეჯანის სასახლეში აღმოვჩნდი, მივხვდი, რომ ჩვენი სამეფო კარი სრულიად განსხვავებული ტვირთია. აქ თავშეკავებულობა ჭარბობს.

გვარისა და წარმომავლობის მიმართ არასდროს მქონია განსაკუთრებული დამოკიდებულება. უცნაური გაუცხოება მაქვს. განსხვავებულს ვერაფერს ვხედავ. ისეთივე ვარ, როგორც აქ მცხოვრები გოგონების ოთხმოცი პროცენტი. როდესაც კონკრეტულ ფორმალურ გარემოებათა გამო ჩემი გვარის დასახელება მიწევს, ცნობისმოყვარე მზერას ვგრძნობ ხოლმე. ნეტავი რა არის უჩვეულო?

ოჯახში ყურადღებას არ გვიმახვილებდნენ: განსხვავებულები ხართ ან სხვებს არ გავხართო. "უქარქაშო ხმლებს" და ქართულ ლიტერატურას გვაკითხებდნენ. მერე წაკითხულს მამას ვაბარებდით.

ძირფესვიანად დღემდე არ ვიცი ჩვენი გვარის ისტორია. უფრო იმიტომ, რომ ჩემი გვარი გათავისებული არ მაქვს. დისტანციას ვგრძნობ. ნუთუ იმ დიდი გვარის გაგრძელება ვარ?!

ჩემს დას უფრო გამძაფრებული დამოკიდებულება აქვს. ალბათ იმიტომ, რომ, რადგან უფროსია, თავს ვალდებულად თვლის. მისი შვილი ბაგრატიონ გრუზინსკის გვარს ატარებს. მე ასეთი სურვილი არ გამჩენია. ჩემი მხრიდან არაკორექტულიც იქნებოდა, რადგან, თუ ოდესმე რაიმე შეიცვალა, მაინც უფროსობით გადადის ეს მემკვიდრეობა.

მთელი ამ წლების მანძილზე, მამას თქვენობით ვესაუბრებით. ეს ჩემი ბავშვობის ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილებაა. ვხვდები, ეს წარსულის გადმონაშთი უნდა იყოს. ბაბუაჩემიც თქვენობით ესაუბრებოდა დედას, მაგრამ ისინი იმ ეპოქაში ცხოვრობდნენ, სადაც თავაზიანობის ასეთი ხარისხი გამართლებული იყო. მამამ ჩვენს დროშიც იგივე გაიმეორა. არ ვიცი, ნოსტალგია იყო?

ფაქტია, როცა გავაანალიზე, რომ ჩვენს სამეგობრო წრეში მშობელს არავინ მიმართავდა "თქვენობით", საშინლად განვიცადე. ამან მამასთან ურთიერთობაზეც იმოქმედა. ოჯახში ამ განცდაზე არ ვსაუბრობდით, მაგრამ განსხვავებულობის შეგრძნება გვეუფლებოდა.

როცა სტუმრად ვიყავი და შინ ვრეკავდი, ტელეფონთან მამა თუ შემხვდებოდა, ლაპარაკს ვერიდებოდი, რადგან იქ მყოფები შენიშნავდნენ: სახლში ვრეკავ, თუმცა, მამას თქვენობით მივმართავ. ამაზე საუბარი ახლა შედარებით ადვილია, რადაგან უკვე დიდი ვარ.

საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილი იყო. ნორვეგიაში კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით, სკოლიდან მოსწავლეები შეკრიბეს და რამდენიმე მეცხრეკლასელი სადღესასწაულო ცერემონიალზე დასასწრებად ოსლოს გავემგზავრეთ.

მოსკოვიდან მივფრინავდით. საელჩოში შესულებს, უეცრად მომმართეს: პრინცესა თქვენ ბრძანდებით? ამ სიტყვის სიმძაფრე პირველად მაშინ ვიგრძენი. მაგრამ, როცა ოსლოში მიღებაზე, ნორვეგიის სამეფო კარის წარმომადგენლები აივანზე ჩამწკრივებულები ვიხილე, - ეს მდგომარეობა ისეთი მიუწვდომელი მეჩვენა, რომ კიდევ უფრო გამიმძაფრდა გაუცხოება. ამიტომ, როცა ნორვეგიელ ბავშვებთან ერთად მოწყობილ საღამოზე გამოაცხადეს, საქართველოდან პრინცესაა ჩამოსულიო, ვერაფრით მივხვდი, რატომ მოჰყვა ამას დიდი აჟიოტაჟი, ავტოგრაფების თხოვნა და შეძახილები. მეკითხებოდნენ, როგორ ცხოვრობ, რაზე ფიქრობ? მე დავიბენი. ყველაფერი ხომ ჩვეულებრივად მიდის ჩემს ცხოვრებაში?!

შეზღუდულები არ ვყოფილვართ. მიუხედავად იმისა, რომ საღამოს 11 საათზე შინ უნდა ვყოფილიყავით, თითქმის ყველგან წასვლის უფლება გვქონდა. სტუმრებიც ხშირად მოდიოდნენ.[pagebreak]

პატარა ვიყავი, როცა ჩვენთან გამუდმებით რეკავდნენ კინოსტუდიიდან. ლეილას ჰყავს ქალიშვილი, იქნებ სინჯებზე მოვიყვანოთ! ოცზე მეტი ფოტო-სინჯი მაქვს გაკეთებული.

ერთ-ერთი ასეთი სინჯის შემდეგ, კინორეჟისორმა მიშა კალატოზიშვილმა, რომელიც "მატეო ფალკონეს" მიხედვით "რჩეულს" იღებდა, მცხეთაში ჩამომაკითხა. მე ყრუ-მუნჯი გოგონა უნდა მეთამაშა - გოგონა, რომელიც უბედურების მოახლოებას გრძნობს, მაგრამ დედას ვერ უხსნის განცდას.

რეჟისორი მეუბნება: აი, ეს არის ლუკა, ვისი მეგობარიც უნდა ითამაშო, ხარ ყრუ-მუნჯი. ახლა მიდი და როგორც გინდა, ხელებით და ფეხებით აუხსენი ეს სიტყვები: სად ხარ დაკარგული ამდენ ხანს, მე ხომ ძალიან მომენატრე.

ბავშვური თავხედობა თუ არა, აბა როგორ მივედი და რა გავაკეთე ისეთი, რომ იმწამსვე თქვეს: დამტკიცებულია, წავედით სიღნაღში.

თორმეტი წლის ვიყავი. ამიყვანეს მასწავლებელი, რომელიც ჩემთვის უცნობი ჟესტების და მიმიკების ათვისებაში მეხმარებოდა.

გადაღებები საერთოდ არ მხიბლავდა. სკოლის გაცდენა მიწევდა და ძალიან განვიცდიდი, რომ თბილისში ახლა უჩემოდ მიდიოდა ცხოვრება. მახსოვს, "მატორ!" უკვე ნათქვამი იყო, როცა გაბრაზებული, საკუთარ თავს ვეუბნებოდი - რა მინდა ახლა აქ?

ყველასთვის ცნობილი ფაქტი იყო, რომ მიშა კალატოზიშვილს გადასაღებ მოედანზე უცენზურო სიტყვებით მიმართვა ახასიათებდა (გადაღების დროს ასეთი რამ, ერთგვარად, გამართლებულიც არის). მახსოვს, გაკვირვებული ამბობდა - საკმარისია გადასაღებ მოედანზე მაია გამოჩნდეს და განწყობა მეცვლება. ვერაფრით ვხსნი, რას მიკეთებს ეს თორმეტი წლის გოგონა.

გარკვეული დროის შემდეგ, ისევ კინოსტუდიაში აღმოვჩნდი დედასთან ერთად. დერეფანში რეჟისორი ნანა ჯანელიძე შეგვხვდა. იმ დროის "იავნანას" გადაღებას აპირებდა და ქეთოს როლისთვის გოგონას ეძებდნენ. გვთხოვეს და ჩვენც რეჟისორის ოთახში აღმოვჩნდით.

ნანამ "იავნანას" ჩემთვის უკვე ცნობილი სიუჟეტის თხრობა დაიწყო. ნელ-ნელა ემოციებით ვივსებოდი. კულმინაციამდე რომ მივიდა, თვალები ამიცრემლიანდა. ალბათ, იმ წამს ქეთოს ამბავი მძაფრად შევიგრძენი. ამას რეჟისორიც მიხვდა. ვიდეო-სინჯები გამიკეთეს და ფილმზე დამამტკიცეს.

ეს დრო გარდატეხის პერიოდს დაემთხვა - როცა არც ბავშვი ხარ და არც ქალი. ჩემი თავი საშინლად არ მომწონდა. "რჩეულისაგან" განსხვავებით, ფლეგმატური და ზედაპირული ვიყავი. იქ ხომ ბავშვური გამბედაობა მაინც მქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ გადასაღებ მოედანზე ყველას ვიცნობდი, მიყვარდა და მომწონდა, არც ამას მოვუხიბლივარ.

"იავნანას" პრემიერა დღესასწაულივით იყო, რადგან იმ პერიოდში ქალაქი ახალი ფილმებით გათამამებული არ ყოფილა. ქუჩაში მცნობდნენ, - ეს მომწონდა, მაგრამ მალევე გადავაფასე, რადგან ყოველთვის ვიცოდი, რომ იქ ჩემი ადგილი არ არის. მამას პოზიციაც ვიცოდი - მსახიობობა აკრძალული მქონდა, მაგრამ არც ვაპროტესტებდი. ეს, უბრალოდ, დროებითი გართობა იყო. ამიტომ, არც ვნანობდი, როცა როლებზე არ მიწვევდნენ. რაღაც მონაკვეთი დასრულდა თითქოს და იქ თავისი ადგილი დაიკავა.

ჩემი და ერთი წლით უფროსია. პატარაობიდან, ხელოვნურად, ტყუპებად გვაქციეს: ბაღშიც და სკოლაშიც ერთად შეგვიყვანეს. ჩვენს შორის უცნაური დამოკიდებულება გაჩნდა - ტყუპები არ ვართ, მაგრამ ერთმანეთს ვართ მიჯაჭვული.

სადღაც მეათე კლასში ირკვევა, რომ განსხვავებული ინტერესები გვაქვს - მე ჰუმანიტარული საგნები არ მხიბლავს, ანას მათემატიკა არ აინტერესებს. ასე რომ, ძალაუნებურად გავიყავით.

მე ფსიქოლოგია ავირჩიე; ავირჩიე იმ პერიოდში, როცა საკუთარ თავში დიდი ცვლილება ვიგრძენი. თუმცა არჩევანი გავაკეთე არა ჩემს შესაცნობად, არამედ ფსიქოლოგიაში ჩასაღრმავებლად. ჩემს არჩევანში დღემდე დარწმუნებული ვარ.

სასიყვარულო ისტორიაც ისეთივე სადა და სიურპრიზებს მოკლებულია, როგორც სხვა დანარჩენი ჩემს ცხოვრებაში.

ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს შევიტყვე, რომ ერთ ბიჭს, ნიკას მოვწონდი. თაყვანისმცემლებით განებივრებულს, მაშინ ამ ამბისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. მე პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე მე-6 სკოლაში ვსწავლობდი, ის - ბროსეს ქუჩაზე.

ნიკა მორიდებული ჩანდა. ამიტომ კარგად მხოლოდ 5 წლის შემდეგ გავიცანი, როცა ჩემს დას დაუმეგობრდა და სტუმრად სიარული დაიწყო.

18 წლის ვიყავი. რადგან სიმპათიას ვგრძნობდი, სიდინჯეს ვინარჩუნებდი. ისიც, მორიდებული, ჩემგან ელოდა ინიციატივას. იდგა უხერხული სიჩუმე, რასაც ჩემი და არღვევდა ხოლმე.

ნიკა მაშინ ავსტრიაში სწავლობდა და 3-4 თვე იქ უწევდა ყოფნა. მხოლოდ მისი ავსტრიაში ყოფნისას მონატრებამ მიმახვედრა, რომ მიყვარს.

ურთიერთობა ძალიან ფაქიზი იყო. ხელს ხელზე არ მახებდა. დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ სერიოზული ჰქონდა. ერთხელ პატარები ვიყავით, როცა დამირეკა და სადილზე დამპატიჟა. სახლში ვთქვი, სადილზე დამპატიჟეს-მეთქი. ბევრი იცინეს. მე აღარ წავსულვარ.

1996-97 წლებია. თბილისი იცვლება. შიმშილობა წარსულს ჩაბარდა და ქალაქში ახალი კაფე-ბარები ჩნდება.[pagebreak]

ჩემს ოჯახს ნიკას საწინააღმდეგო არაფერი ჰქონია, კარგად იცნობდნენ ხშირ სტუმარს. თან, რახან მეც სიამოვნებით ვთანხმდებოდი მასთან ერთად სეირნობას, ამიტომ არ აუკრძალავთ.

ხელის თხოვნაც ძალიან ოფიციალურად მოხდა. ნიკა მამასთან კაბინეტში შევიდა, ძალიან ღელავდა, მაგრამ ჩემი ხელი წინააღმდეგობის გარეშე მოიპოვა.

ქორწილი ისეთი იყო, როგორიც მინდოდა: ლამაზი სტუმრები, შესანიშნავი სუფრა.

- კაბა?

- კაბა - დიდი, ვეებერთელა, ცისფერი იყო და რძიანი ყავისფერით იყო გაწყობილი. ნაწნავებში ყვავილები მქონდა. არანაირი აქსესუარი, მხოლოდ ჯვარი მეკეთა. მაკიაჟიც სადა და მსუბუქი.

სახლიც ისეთი გვქონდა, როგორიც მინდოდა - მყუდრო. ნიკას ეს სახლი ძალიან უყვარს. თითოეული ნივთის ისტორია იცის. ამ სივრცეს მივეჩვიეთ.

- როგორი ხარ?

- ზედსართავები უნდა ვთქვა?... არ მიყვარს სიურპრიზები. არ ვარ მეოცნებე. საკუთარ ოჯახზე ვოცნებობდი და ამისრულდა კიდეც.

შემიძლია ერთ რამეზე ვიყო ორიენტირებული: ვაკეთო ის, რასაც ჩემგან ელიან და არა ის, რაც მხოლოდ მე მსურს. საკუთარ თავს ვაფასებ არა ჩემი გადასახედიდან, არამედ სხვისი თვალით. არც კი ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი. მაგრამ ანგარიშს ვუწევ ყველას. სითამამე მაკლია.

არ მიყვარს სამკაულები. არასოდეს ჩავიცვამ ისეთ კაბას, რომელიც არ მიხდება. ყველაფერში ზომიერება მომწონს. გამოსასვლელი ტანსაცმელი ძალიან ცოტა მაქვს, ამიტომ ყოველთვის, როცა ამის საჭიროება დგება, პრობლემა მექმნება.

არც რომანტიული ვარ. არ ვიცი გარემოს, თუ ბუნების გამო, მაგრამ პრაგმატულ ადამიანად ჩამოვყალიბდი. ვარ მშვიდი. მირჩევნია სახლში ყოფნა, დასვენება. არ ვარ ემოციური. მუსიკა დიდად არ მასვენებს, უფრო წიგნები, პოეზიაზე მეტად - პროზა მირჩევნია. ფსიქოლოგიური წყობის მიხედვით, ფლეგმატური ვარ. ნიკუშას დახურული სივრცე არ ჰყოფნის, სულ გარეთ უნდა. თუმცა იდეურად ძალიან ბევრი გვაქვს საერთო. ისიც დინჯია, ფიზიკურადაც ეტყობა ეს სიდინჯე.

- წარუშლელი შთაბეჭდილება?

- ბოლო ოთხი წელია, უნარშეზღუდულ ბავშვებთან კონტაქტი მიწევს. თავიდან სხვის პრაქტიკას ვაკვირდებოდი, ახლა დამოუკიდებელი პრაქტიკა დაიწყო.

პირველად დიდ დერეფანში დავინახე დაახლოებით 50-მდე ბავშვი, სხვადასხვა უნარშეზღუდვებით. ერთმანეთში ლანდებივით ირეოდნენ. ამდენი და ასეთი თვალების შემხედვარეს, ტირილი მომინდა. მერე მივეჩვიე. მიხაროდა, რომ რაღაცით ვუმსუბუქებდი ტკივილს.

ახლა სხვა ქალაქში საცხოვრებლად გადასვლის პირობა დაგვიდგა. მიუხედავად იმისა, რომ ნიკუშასთან და ჩემს ორ შვილთან ერთად ვიქნები, მაინც ორად გაყოფილი ვარ; მიჭირს იმათი დატოვება, ძალიან მომეჩვიენ. ადაპტაციისთვის მათ დიდი დრო სჭირდებათ. ბავშვი უცხო ხელს გრძნობს. მათ შემთხვევაში ხომ ძალიან ნელა მიდიხარ წინ, ყოველი პატარა ნაბიჯი უკვე გამარჯვებაა.

უცხო ქალაქში ცხოვრების შემთხვევაში, მეშინია არ მოვიწყინო. გამუდმებით ახალი შთაბეჭდილების ძიებაში ვიქნები, მაგრამ დიდ ქალაქში მაინც იმ შემთხვევაში გავძლებ, თუ ჩემი გარემოცვა იქ მეყოლება.

დროდადრო რაღაცეების გადაფასება მიხდება. მეგონა, პარიზი საუკეთესო ქალაქი იყო. საქორწინო მოგზაურობისთვისაც ეს ზღაპრული ადგილი ავირჩიე, მაგრამ იმედი გამიცრუვდა.

შარშან პრაღაში აღმოვჩნდი, - მართალია ნიკას გარეშე, მაგრამ ამ ქალაქმა გამაოგნა. პრაღამ აშკარად აჯობა პარიზს.

მე და ჩემი ორი მეგობარი ჩეხეთიდან ჰოლანდიაში ავტობუსით გადავედით. ავტობუსი ევროპელებით იყო სავსე. გერმანიის საზღვარს ღამით მივადექით. გვეძინა. უეცრად ჩვენ სამნი გაგვაღვიძეს, ჩაგვიყვანეს ავტობუსიდან. ალბათ, ამდენ ევროპელში ქართული გვარების გარევამ დააეჭვა ისინი.

ჩემი გვარის შესახებ შეძახილებს და ოვაციებს უკვე მივეჩვიე. მაგრამ ამას ღიმილით ვხვდები.

მიუნხენში ბებიას მეგობართან ხანგრძლივად ვცხოვრობდით ხოლმე. "ROYAL FAMILY", - ასე  გვეძახდა. ყველას ეუბნებოდა სამეფო კარის შთამომავალი მყავს სტუმრადო და მთხოვდა, სტუმრებისთვის ჩემი საგვარეულოს შესახებ მომეთხრო.

ბებიას სერიოზულად წყინდა, როცა მისთვის ნაცნობი სამეფო კარის შთამომავლები ცოლად სხვებს ირთავდნენ და არა მის შვილიშვილებს. მე მეღიმებოდა.

ვერ გამიგია, რატომ დავობენ ბაგრატიონობაზე გამუდმებით. აქ ხომ ყველაფერი უფრო მარტივად არის. სხვას რომ თავი დავანებოთ, ერეკლეს შემდეგ მეშვიდე თაობა მამაჩემზე გადმოდის. ან უფროსს არ ჰყავდა ძე, ან მომდევნო ძმა დაიღუპა. კამათი შეიძლება იყოს იმაზე, თუ ვინ გავამეფოთ: იმერეთის ბაგრატიონები თუ კახეთის ბაგრატიონები. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ ჩვენი დიდი ბაბუა სვეტიცხოვლის საკურთხევლიდან პირველ რიგშია დაკრძალული და მხოლოდ შემდეგ მოდიან მუხრანელი ბაგრატიონები, დავითიშვილები. იმხანად ხომ არავინ დაუშვებდა შეცდომას.

ასე რომ, უკანასკნელი მეფე ნამდვილად ბატონი ნუგზარია.

- გულის სიღრმეში?

- რაღა თქმა უნდა, მიფიქრია. მიფიქრია იმაზე, ჩვენთან რომ კონსტიტუციური მონარქია ყოფილიყო. მაგრამ ჩემი თავი იქ ელიზავეტას მსგავს მდგომარეობაში, უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია. მე არ მაქვს ის ძალა და უნარი, რაც მონარქს უნდა ჰქონდეს. ეს იმხელა პასუხისმგებლობაა, რომ ჩემში შიშს იწვევს. მირჩევნია სხვაზე ვიყო დამოკიდებული, ვიდრე მთელი ქვეყანა ჩემს ხელში იყოს. ამიტომ, უარს ვამბობ მეფის ასულობაზე.

@