ჩვენი ავტორები - კახა თოლორდავა

კახა თოლორდავა

კობა წაქაძე ჩემი ბავშვობის მეგობრის მამაა, თუმცა, მას პირველად მხოლოდ ამ რამდენიმე წლის წინ შევხვდი. ვიცი, რომ უცნაურად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ ისე მოხდა, როგორც ამბობენ, განგებამ ასე ინება, ეს არც ჩემი ბრალია და არც, მით უმეტეს, ჩემი მეგობრის ან თუნდაც ბატონი კობასი. ეს სტატიაც ჩვენი პირველი შეხვედრის შედეგია. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, ადრე თუ გვიან, როდესაც ამის შესაძლებლობა მომეცემოდა, აუცილებლად დავწერდი რამეს მასზე.

არ მეგონა, თუ როდესმე სპორტზე ან სპორტსმენებზე დავწერდი, მაგრამ იმ დღეს, როდესაც კობა წაქაძე გავიცანი, ჯერ როგორც სტუმარმა მის საკუთარ სახლში, მერე კი ბაკურიანი-ტაბაწყურის გზაზე ახლობლებით გაჭედილ "ჯიპში", მე უკვე ვიცოდი, რომ თუ კობა წაქაძეზე სტატიის დაწერა მომიწევდა სპორტის იმ სახეობაზე, რომელსაც ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომა ეწოდება, ბევრს ვერაფერს ვიტყოდი. სულ რაღაც თოთხმეტი წლის ვიყავი, მან კარიერა რომ დაასრულა და თოთხმეტი წლის თბილისელ ბიჭებს ნამდვილად ვერ მოსთხოვ, იმაზე მეტი ინტერესი გამოიჩინოს სპორტის ამ სახეობის მიმართ, ვიდრე ეს საჭიროა. ბუნდოვნად მახსოვს, ერთხელ, სამოცდაათიანი წლების დასაწყისში, ბაკურიანის "ტურბაზაში" რომ ვისვენებდი, რომლის დირექტორიც იმ დროს ბატონი კობა იყო, დილით, საუზმის დროს საშინელი მიწისძვრა მოხდა. ეს შიში დღემდე ჩემშია მიმალული, სადღაც სიღრმეში. მახსოვს ადამიანები, რომლებიც ერთმანეთზე გადარბოდნენ ფაფით სავსე თეფშებით და კომპოტებით ხელში, მახსოვს დედაჩემი, რომელიც მთელ ხმაზე გაყვიროდა ჩემს სახელს, მახსოვს საშინელი, ყურისწამღები გრუხუნის ხმა, მახსოვს ბიძგების შედეგად ჩემს თვალწინ ჩამოშლილი ვიტრინების ლაწა-ლუწის ხმაც, და მახსოვს სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი კაცი, რომელიც კარებში იდგა და ყვირილით უხმობდა ბავშვებს თავისკენ. მერე, როცა ყველაფერი დამთავრდა, ჩვენ ყველანი "ტურბაზის" ეზოში ვიდექით ის კაცი კი თითოეულ ჩვენთაგანთან მოდიოდა და გვეკითხებოდა, როგორ ხართო. ეს კაცი კობა იყო. იმ დღის შემდეგ თითქმის ოცდაცამეტი წელი გავიდა და ჩვენი მეორე შეხვედრაც ისევ სტიქიასთანაა დაკავშირებული. იმ დღეს, მეგობრებით გადაჭედილ "ჯიპში" მყოფებს ისეთი სეტყვა და ჭექა-ქუხილი დაგვატყდა თავს, რომ იძულებულები გავხდით მანქანა გაგვეჩერებინა და ამინდის გამოსვლას დავლოდებოდით. მანქანაში ჯდომა აუტანელი იქნებოდა, რომ არა კობა წაქაძე და მისი ისტორიები. ის ყვებოდა თავის ბავშვობაზე, სიყმაწვილეზე, კარიერაზე, წარმატებებზე, წარუმატებლობებზე და სპორტსმენის ბედზე საბჭოთა სინამდვილეში. რაღაც მომენტში, სანამ ის თხრობას აგრძელებდა, მე უკვე ვიცოდი, რომ ის იმ იშვიათი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც არა მარტო გ ა დ ა რ ჩ ა, არამედ ამ პროცესში უამრავ ცდუნებას მხოლოდ იმის გამო გაუძლო, რომ დარჩენილიყო იმად, ვინც იყო და როგორიც უნდოდა, რომ ყოფილიყო. ვიცი, ჩემი ეს სტატია ამ "ხათაბალა" ადამიანზე იმ ჭექა-ქუხილიან დღეს "დაიწერა". ფურცელზე ის მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ გადავიტანე.

@